პირველი საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება არ შეუჩერეს

5 მაისს ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ სკოლის დირექტორის, მედეა გვენეტაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელა. სამეურვეო საბჭომ დირექტორს უფლებამოსილება არ შეუჩერა, თუმცა თანამდებობა სკოლის ორმა სასწავლო ნაწილმა – ნინო რუსეიშვილმა და ქეთევან თავაძემ დატოვა.

დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის დასკვნების შემდეგ დადგა დღის წესრიგში.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ელზა ზაქარეიშვილის განცხადებით, რომელიც ამავე სკოლის მასწავლებელია, სხდომას სამეურვეო საბჭოს 12-ვე წევრი ესწრებოდა და არც ერთ მათგანს დირექტორის წინააღმდეგ გადაწყვეტილება არ მიუღია. მისი თქმით, არ მომხდარა მომჩივანთა იდენტიფიცირება, გარდა ერთი პირისა:

„ერთ-ერთი მომჩივანი იყო მნე, რომლის ბრალდებებიც პირად აგნარიშსწორებად მივიჩნიეთ, რადგან თვითონ დირექტორმა გააკეთა მის ბრალდებებზე არგუმენტირებული განცხადება. გარდა ამისა, მედეა გვენეტაძეს სამეურვეო საბჭოსგანაც და სკოლის კოლექტივისგანაც ჰქონდა 90-პროცენტიანი მხარდაჭერა,“ – გვეუბნება ელზა ზაქარეიშვილი.

ელზა ზაქარეიშვილის თქმით, სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლის შემდეგ,  დირექტორმა თანამდებობიდან გაუშვა პირველი სასწავლო ნაწილი ქეთევან თავაძე, ნინო რუსეიშვილმა კი თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. „მანამდე სამსახურიდან გაშვებული ჰყავდა სკოლის მნე, რომელსაც დაბრუნება უნდოდა სკოლაში, შემდეგ კი საჩივარი შეიტანა“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იყო თუ არა აუდიტის დასკვნები დამაჯარებელი, ელზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კი. თუმცა დასძენს: „ის, რომ აუცილებლად უნდა შეწყვეტოდა მედეა გვენეტაძეს უფლებამოსილება,  არ მივიჩნიეთ სწორად. უკვე დაწყებულია შეცდომების გასწორება, მოიხსნა  სასწავლო ნაწილები, საყვედურები მიეცათ დანარჩენებსაც, ვინც  დამნაშავეები იყვნენ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეცდომებს ის უფრო ადვილად გამოასწორებს, ვინც დაუშვა“.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ამის შემდეგ, აუდიტის სამსახურის დასკვნები პროკურატურაში უნდა გადავიდეს. „ამის შემდეგ უფრო მაღალი იქნება კონტროლი და დირექტორმაც პირობა დადო, რომ ამის შემდეგ ყველაფერს შეთანხმებულად განვიხილვათ,“ – ამბობს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.

მედეა გვენეტაძე არჩეული დირექტორია და მისი გათავისუფლების უფლება განათლების სამინისტროს არ აქვს.

აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური პირველ და მე-11 საჯარო სკოლებში  საჩივრების საფუძველზე შევიდა.

სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ალეკო მჟანავაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, რომ  დარღვევების შესახებ საკმაოდ ვრცელი დასკვნა დაიდო, რომელიც უკავშირდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებას, ხელფასების დაანგარიშების წესს, ბუღალტრულ ანგარიშსწორებას, იჯარის ხელშეკრულებებს.

„გამოვლინდა ასევე ის, რომ რამდენიმე პირი ისე იყო გაფორმებული სკოლაში და ერიცხებოდა ხელფასი, რომ სამსახურში საერთოდ არ დადიოდა. ასევე დაფიქსირდა სკოლის შენობაში ფულის მიღების სანაცვლოდ მოსწავლეების მომზადების ფაქტი…“ – ამბობდა ალეკო მჟავანაძე. თუმცა პირველი საჯარო სკოლის დირექტორი აუდიტის დასკვნას არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ დასკვნა „რიგ შემთხვევებში მიკერძოებული იყო“.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com