მთავარი,სიახლეები

ავტობანი – როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა

05.06.2017 • 9732
ავტობანი – როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა

ქობულეთის შემოვლითი გზის [ახალი ავტობანის] მშენებლობა ორ ეტაპად [ლოტად] მიმდინარეობს. პირველ ეტაპი, 13,7 კმ გზის მშენებლობა, 2014 წელს დასრულდა და მასზე ავტომანქანები მოძრაობს [ქაქუთი-შეკვეთილის მონაკვეთი], ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები [ქაქუთიდან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთზე] ახლაც მიმდინარეობს. ამ მონაკვეთის სიგრძე 18,9 კმ-ია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის გზების დირექციის ინფორმაციით, ამჯერად სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოსთან [სადაც შენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი – 1180 მეტრი სიგრძის], ასევე ჩაქვში, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ.

გზების დირექციაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულება 2018 წლის მარტისთვისაა დაგეგმილი. თუმცა, ავტობანის ეს მონაკვეთი 2016 წელს დასრულებული უნდა ყოფილიყო, შემდეგ ითქვა, რომ 2017 წელს დასრულდებოდა.

„მშენებლობას ხელი შეუშალა ერთ-ერთი მოქალაქის წინააღმდეგობამ, რომლის საცხოვრებელი სახლის ზემოთ გადის ხიდი-ესტაკადა. იყო სასამართლო დავა, შემდეგ ექსპროპრეაცია, ამან მშენებლობის პროცესი გააჭიანურა,“ – გვითხრეს დირექციაში.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მეორე ეტაპის [ლოტის] სამუშაოები 2013  წელს დაიწყო. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 209 852 079 ლარს შეადგენს. დონორია აზიის განვითარების ბანკი (ADB), ხოლო სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია „SINOHYDRO“  ასრულებს.

მეორე ლოტის ფარგლებში აშენდა თუ აშენდება: 5 ხიდი, 4 ხიდი-ვიადუკი, 7 გზაგამტარი და 2 გვირაბი.

მეორე ლოტის სამუშაოების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 2018 წლის გაზაფხულიდან, ავტომანქანით გადაადგილება მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე [და პირიქით] ისე იქნება შესაძლებელი, რომ მანქანა არ გაივლის ჩაქვს, ქობულეთსა და ჩოლოქს.

მახინჯაურის გვირაბიდან ხელვაჩაურამდე [ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე] ახალი მაგისტრალი 2017-2020 წლებში უნდა აშენდეს. ეს იქნება ბათუმის ასაქცევი გზა, რომელიც გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის. განხილვით კი განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის მაგისტრალი სანაპიროს გასწვრივ – ფაქტობრივად გონიო-კვარიათი-სარფის პლაჟების ხარჯზე. ალტერნატივა კი მდინარე ჭოროხიდან სარფამდე გზის გვირაბების გავლით გაყვანაა.

ავტობანი კვირიკე

ავტობანი ქობულეთის სოფელ კვირიკეს გზაგამტართან / არჩილ კახაძის ფოტო

ქობულეთის შემოვლითი გზა

ქობულეთის შემოვლითი გზა / სიგრძე: 33,6 კმ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: