მთავარი,სიახლეები

რა ძალისხმევა გაიღო დეპუტატმა ბათუმის ციხეში შესასვლელად

04.06.2017 • 3267
რა ძალისხმევა გაიღო დეპუტატმა ბათუმის ციხეში შესასვლელად

18 მაისს ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან პატიმრებმა „ბათუმელებს“ წერილი გამოუგზავნეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან საპატიმრო დაწესებულებაში შესვლას ითხოვდა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ძალისხმევა გაიღო აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ საიმისოდ, რომ მე-3 დაწესებულებაში შესვლის უფლება მოეპოვებინა?

უმაღლესმა საბჭომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში შესვლის უფლების მისაღებად შვიდი თვის წინ მიმართა. თუმცა სამინისტროსგან პასუხი ჯერაც არ მიუღია.

ბატონო ცოტნე, თქვენ თქვით, რომ მიმართეთ სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალური ნებართვის მისაღებად, შეგიძლიათ მითხრათ, კონკრეტულად როდის მიმართეთ?

 რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, რადგან ეს მოხდა გასულ წელს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ აგვიანებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ნებართვის გაცემას, მითუმეტეს, როცა თქვენ ხართ ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში?

მოლოდინში ვართ, მაგრამ აუცილებლად იქნება უახლოეს მომავალში. ნებართვა იქნება აუცილებლად, რადგან ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

მიმართვის შემდეგ გამოხმაურება არ ყოფილა სასჯელაღსრულების სამინისტროსგან, არ მოუწერიათ რაიმე პასუხი?

ამის შესახებ, სავარაუდოდ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იქნება ინფორმირებული, რადგან თავმჯდომარე უგზავნის სამინისტროს წერილს, ჩემი სახელით არ წასულა წერილი.

თავმჯდომარისთვის არ გიკითხავთ, მოვიდა თუ არა რაიმე შეტყობინება?

კონსულტაციები მიდის ამ თემაზე და ყველანაირად იქნება შესაძლებელი, რომ ეს ნებართვა გაიცეს. წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა და, შესაბამისად, ჩვენც გვექნება. ტექნიკური საკითხია, მთავარია, რომ შედეგი იქნება ძალიან მალე.

თუ ვერ მიიღებთ ამ უფლებას, რა ბერკეტი გრჩებათ, რომ მოინახულოთ ის პატიმრები, რომლებიც თქვენთან შეხვედრას იმისთვის ითხოვენ, რომ საზოგადოებას გააგებინოთ მათი მძიმე ყოფის შესახებ? 

პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ ნებართვა არ მოგვცენ. დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენი უფლებამოსილების ცნობა მოხდა [ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება 2016 წლის 28 ნოემბერს ცნეს], თუმცა ჩემთვის პირადად, რაც უფრო მალე გაიცემა ეს ნებართვა, მით უკეთესი. ეს საკანონმდებლო პროცესია, მაგრამ მთავარია პოლიტიკური ნება. ეს ნება არსებობს, დანარჩენს კი მიეცემა შესაბამისი კანონისმიერი ფორმა და შევძლებთ პატიმრების მონახულებას. უფრო მეტი ტექნიკური ინფორმაცია შეიძლება მოგაწოდოთ მას შემდეგ, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე,  ჩამოვა ამერიკიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: