სიახლეები

ბსუ-ს 160 სტუდენტი მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის შეირჩა

01.08.2014 • 1419
ბსუ-ს 160 სტუდენტი მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის შეირჩა

 

მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის, რომელიც 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება, საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 12 000 ადამიანი შეირჩევა, მათგან 10 000 უშუალოდ ინტერვიუერის პოზიციაზე დასაქმდება და მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავს.

საყოველთაო აღწერაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტებიც. სტუდენტების შერჩევაში ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ჩართული.


ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსის რევაზ ოკუჯავას თქმით, პროგრამისთვის აქტიური და მაღალი შეფასების მქონე სტუდენტები შეირჩა, შერჩევისას გაითვალისწინეს დეკანატებისა და თვითმმართველობის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურებიც.

„ადგილები დავყავით ფაკულტეტებზე, დავანაწილეთ I, II,III და IV კურსელებზე. მაქსიმალურად შევეცადეთ ყველა კატეგორიის სტუდენტი მოხვედრილიყო სიაში“ – ამბობს რევაზ ოკუჯავა.

კითხვაზე თუ რამდენად ინფორმირებული იყო სტუდენტები, ამ პროცესების შესახებ რევაზ ოკუჯავა ამბობს, რომ რადგან სასწავლო პროცესი დასრულებული იყო, სტუდენტებს შეძლებისდაგვარად მიაწვდინეს ხმა.

 

ბსუ-ს მიერ შერჩეული სტუდენტების სია განათლების სამინისტროს 30 ივლისს გადაეცა, სტუდენტები შერჩევის პროცესი კი ერთ კვირას გრძელდებოდა.

რევაზ ოკუჯავას ამბობს, რომ შერჩეული ბავშვებიდან შესაძლოა ყველა არ დაასაქმონ – „სიის გადაცემა მხოლოდ პირველი ეტაპია, სტუდენტები კიდევ გასაუბრებაზე და სპეციალური გადამზადების კურსებზე უნდა გავიდნენ“ – ამბობს ის.

 რევაზ ოკუჯავას თქმით სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ სიაში ვერ მოხვდნენ, საშუალება ექნებათ www.hr.gov.ge -ზე გაიარონ რეგისტრაცია, სადაც აღმწერის ვაკანტურ პოზიციაზე განცხადების მიღება 15 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს.

ინტერვიუერის ანაზღაურება 400–500 ლარი იქნება, თითოეულ მათგანს აღწერის ფარგლებში დღის განმავლობაში საშუალოდ 8 ოჯახის გამოკითხვა მოუწევს.


გადაბეჭდვის წესი