სიახლეები

დეპუტატებისთვის ავტომანქანა ფუფუნება არ არის

30.07.2014 • 1546
დეპუტატებისთვის ავტომანქანა ფუფუნება არ არის


ბათუმის საკრებულო



ირაკლი ჭეიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „დღეს ჩვენ ვართ მოსული იმისთვის, რომ ხარჯები შევამციროთ. თუმცა ახლა რომ გითხრა, ყველაფერი გაწერილი მაქვს, სად რას ვამცირებ, ასე არ არის. მინიმუმ იმას გეტყვით, რომ არც საწვავისა და არც საკომუნიკაციო ხარჯების გაზრდას არ ვაპირებთ, მანქანის შეძენაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არც საკრებულოს სხვა თანამდებობის პირები აპირებენ მანქანის შეძენას. გარდა ერთი დამტვრეული მანქანისა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტვრია, იმის ფული აქვს სადაზღვევო კომპანიას ჩამოსარიცხი – 22 ათასი ლარი და ამით შესაძლებელია მორიგი მანქანის შეძენა. ჩვენ არ ვგეგმავთ ფუფუნებაში ცხოვრებას“.

 

დიმიტრი დარჩია, საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე: „ავტომანქანების შემცირების მომხრე არ ვარ. თუ საუბრობენ იმაზე, რომ ლონდონის მერი მეტროთი დადის, ეს პოპულიზმის გამოვლენაა. მე ვარ იმ აზრზე, რომ ავტომანქანა და ბენზინი არ უნდა იყოს ფუფუნების საგანი. მუნიციპალური ტრანსპორტითაც შეიძლება სიარული და პირად საქმეზეც ნაკლებად გადაადგილდებიან მანქანით… ვფიქრობ, მაინც აუცილებელია. მით უმეტეს, რომ ძვირადღირებული ავტომანქანები არ გაგვაჩნია. მე ვფიქრობ, ქალაქის ყველა მაჟორიტარს მანქანა უნდა ემსახურებოდეს“.

 

თემურ ყურაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“: „მე ადრე ფეხით დავდიოდი და ახლაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ, მაგის პრობლემა არ მაქვს. ბათუმი პატარა ქალაქია და ფეხითაც შეიძლება გადაადგილება. თუმცა, მანქანით უფრო კომფორტული იქნებოდა იმ საქმეების გაკეთება, რასაც ვაკეთებ“.

 

თენგიზ აფხაზავა, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე: „ოფიციალურ დოკუმენტებს ახლა ვეცნობი და შემდეგ მეცოდინება რა მიმართულებით შეიძლება რესურსების შემცირება. როცა შემოვა ანგარიში, გავეცნობი. თუკი ვერ დავინახავთ ამ მანქანების საჭიროებას, ცხადია, კომისია დასვამს საკითხს საკრებულოზე. მე გადმომცეს ძველი მანქანა, საკრებულოს მისამართით შენიშვნებს ვერ მივიღებ. თუკი საკრებულოს თავმჯდომარე გადაწყვეტს, რომ იყიდოს ახალი მანქანა და ამის საჭიროებას დაასაბუთებს, მე დავუჭერ მხარს. ერთი მანქანით მეტი იქნება თუ ნაკლები, ეს რეალურად ბიუჯეტისთვის დიდი შეღავათი არ იქნება“.

 

ლაშა სირაბიძე, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე: „კომისიის თავმჯდომარეებისა და მაჟორიტარების ავტომანქანის გარეშე გადაადგილება შეუძლებელია. ერთი ავტომობილით ვერ ივლის ათი მაჟორიტარი. თუმცა ყველა ეზოში მანქანით შესვლაც ფუფუნებაა. არც ის მანქანებია ფუფუნება, რომელიც დღეს აქვს საკრებულოს. ჩვენ მაქსიმალურად დავიწყეთ ფიქრი ეკონომიაზე, მაგრამ სხვა ტიპის ეკონომიაზე. მაგალითად, მერიის შპს-ები და აიპ-ები, მათი ოფისები ნაქირავებ ფართობებშია განთავსებული. ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ ფართობს მერიის ბალანსზე, რომ დაქირავებულ ფართობებში უაზრო ხარჯების გაღება აღარ მოგვიწიოს.“

 

თამაზ თურმანიძე, „ქართული ოცნება“: „საკრებულოს ყველა წევრს ავტომობილი არ ემსახურება, ფრაქციას აქვს ერთი ავტომობილი და წევრებიც ამით სარგებლობენ. რამდენიმე დეპუტატი გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტით და მათ შორის მეც, იმიტომ, რომ ბევრ საინტერესო ამბავს და ხალხის შეხედულებას გაიგებ. ახალი ავტომანქანები, ვფიქრობ, საჭირო არ არის. გამოყოფილ ლიმიტებს დავაკვირდებით და შემდეგ საშუალო ხარჯს გამოვიყვანთ“.

 

კობა ჩხეიძე, „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“: „ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ორიენტირებული, რომ თუნდაც ის ტრანსპორტი, რომელიც დღეს არის, მოვიყვანოთ წესრიგში, რომ დეპუტატებმა შეძლონ უფლებამოსილების განხორციელება. ფეხით შეიძლება უფრო მეტი დრო დახარჯოს დეპუტატმა. ნუ განიხილავთ ტრანსპორტს ფუფუნებად, ის გადაადგილების საშუალებაა, ისევე, როგორც ტელეფონი არის კომუნიკაციის საშუალება. ტელეფონის ხარჯის შემცირებაზე აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან მაქსიმუმ 30-40 ლარი შეიძლება დაიხარჯოს თვეში“.

 

ნინო ბერაძე, „ქართული ოცნება“: „ჯერ არ მაქვს ხარჯებთან შეხება, თუმცა ტელეფონით საქმეების მოგვარება ნამდვილად მიწევს. ერთი შეხედვით, ეს თანხა ბევრი მეჩვენება, მაგრამ საქმის დროს შეიძლება საჭირო იყოს. ერთ თვეში ალბათ უფრო მეტი მეცოდინება“.

 

ჯაბა ბერიძე, „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“: „ჯერ არ გავცნობივარ ამ ხარჯებს და როცა გავეცნობი, აუცილებლად მექნება ამაზე ჩემი აზრი.“

 

თეიმურაზ ბასილაძე, „ქართული ოცნება“: არ ვარ ჩახედული დეტალებში, ამიტომ ჩემს აზრს ვერ გაგიზიარებთ. შეიძლება არ იყო საჭირო ავტოპარკის განახლება“.

 

ნატალია ზოიძე, „ქართული ოცნება“: „ინფორმირებული არ ვარ, გააჩნია რა ხარჯზეა საუბარი. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ მანქანა ფუფუნება არ არის. თუმცა პირადი ინტერესებისთვის და ოჯახის წევრების სატარებლად არ უნდა იყოს გამოყენებული. მე არ მექნება ავტომანქანა“.

 

ლევან კინწურაშვილი, „ქართული ოცნება“: „საკრებულოს ფუნქციონირებისთვის რაც საჭიროა, უნდა დარჩეს, ზედმეტი – უნდა შემცირდეს. იმავეს ვიტყოდი სატელეფონო ხარჯზე. თუ სამი თვის განმავლობაში ლიმიტს ვერ ვხარჯავ, უნდა შემცირდეს, მაგრამ თუ კომუნიკაბელური ვარ და მეტ გასვლას ვაკეთებ ამომრჩეველთან და არ მყოფნის საწვავი, არ უნდა დავიმატო? მანქანის დეფიციტი საკრებულოს დღეს აქვს და რაც სჭირდება ნორმალური მუშაობისთვის, ისიც არ აქვს. რაც არის, ისიც ამორტიზებულია“.

 

ირაკლი მიქელაძე, „ქართული ოცნება“: „თუ ეს ყველაფერი არის ქცეული ფუფუნების საგნად, მაშინ უნდა შემცირდეს, მაგრამ მე არ ვიცნობ ასე ახლოს საკითხს, არ ვიცი როგორ არის განაწილებული და რა ხდება.“

 

ვაჟა რამიშვილი „ქართული ოცნება“: „არ მიმაჩნია მართებულად ხარჯების შემცირება. ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. მე, პირადად, მინდა, რომ პრემიებიც იყოს, თუმცა გადამეტებული არაფერი ვარგა.“

 

თემურ ორაგველიძე, „ქართული ოცნება“: „უნდა შემცირდეს ხარჯები. მე დავწერე განცხადება და ხელიც მოვაწერე, რომ სატელეფონო ხარჯის ლიმიტი 80-დან 30 ლარამდე ჩამოვიდეს. ეს საკმარისია. ავტომანქანების რაოდენობა არ ვიცი რამდენია“.

 

გიორგი კირთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ხარჯები ისედაც შემცირდება, რადგან წინა წლებთან შედარებით შემცირდა თვითმმართველობის ბიუჯეტი. თუ იქნება თვითმმართველობაში საქმე და რა დასჭირდება ამ საქმის შესრულებას, ამაზე მსჯელობაა საჭირო. როცა ბათუმის ბიუჯეტი იყო 220 მილიონი და იხარჯებოდა გარკვეული თანხა ხელფასებსა და პრემიებზე, მაშინ როცა ბიუჯეტი სამჯერ არის შემცირებული, იგივე თანხა ბუნებრივია აღარ უნდა დაიხარჯოს. ავტომობილით საქმე უნდა გააკეთოს დეპუტატმა და არა პირადი საქმისთვის გამოიყენოს“.

 

ნოდარ დუმბაძე, „ნაციონალური მოძრაობა“: „შესამცირებელს ვერაფერს ვხედავ.“

 

ჯუმბერ კახიძე, „ნაციონალური მოძრაობა“: „ჩემი აზრით, არაფერი არ არის შესამცირებელი, არაფერი კოლოსალური ხარჯი არ არის საკრებულოში, მეტიც შეიძლება იყოს საჭირო. თუ ეს ყველაფერი მოიკლებს, დამერწმუნეთ, რომ საკრებულოს წევრები მალე დაიწყებენ ბიუჯეტის ქექვას. წესით, შემცირება არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, თუ ის განვითარებადია. მაგრამ, რადგან ჩვენი ქვეყანა არის ეკონომიკური სტაგნაციის წინაშე, ამიტომ საუბრობენ შემცირებაზე.“

 

გია კაკაბაძე, „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“: „მე არ მაქვს ინფორმაცია ამ დროისთვის, თუ ვისთვის არის გამოყოფილი მანქანები და რამდენია საწვავის ლიმიტი და არც მომიკითხავს. მე არ მიწევს მანქანა“.

 

გიორგი ცინცქილაძე, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“: „ჩვენ თანამდებობები იმისთვის არ გვჭირდება, რომ მანქანები და კაბინეტები დავიკავოთ. მთავარია ხალხისთვის ვიზრუნოთ. რაც შეიძლება უნდა შემცირდეს ხარჯები, რადგან ახლა ფუფუნების საგანი არ უნდა იყოს მანქანა და რაც ჩვენ გვეკუთვნის, ის უნდა მოგვცენ“.

 

გელა გვარიშვილი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: „ჩემი აზრით, ხალხის მსახურნი, რომლებიც არიან საკრებულოში, მაქსიმალურად თავმდაბალი უნდა იყონ. პრივილეგიებს რაც შეეხება, მხოლოდ აუცილებელით უნდა სარგებლობდნენ. თუმცა ჯერ არ ვარ ჩახედული, რა ლიმიტებია გამოყოფილი საკრებულოს წევრებისთვის. რანგის მიხედვით ალბათ არსებობს კვოტები, თუმცა მე პირადად არ ვაპირებ რაიმეთი სარგებლობას“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: