მთავარი,სიახლეები

მინისტრ ჯეჯელავას „მართვის აკადემიამ“ სახელმწიფოსგან 300 000 ლარის დაკვეთა მიიღო

02.06.2017 • 32334
მინისტრ ჯეჯელავას „მართვის აკადემიამ“ სახელმწიფოსგან 300 000 ლარის დაკვეთა მიიღო

2017 წლის იანვარში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ააიპ „მართვის აკადემიას“ ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურება დაუკვეთა. შესყიდვის ღირებულება 235 200 ლარია. დაფინანსების წყარო კი სახელმწიფო ბიუჯეტი.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს დაფუძნებული. ააიპ „მართვის აკადემია“ კი საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას დაფუძნებული ორგანიზაციაა და, ძირითადად, სატრენინგო მომსახურებას ახორციელებს. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ჯეჯელავამ მინისტრის თანამდებობა დაიკავა, ორგანიზაციას მისი მეუღლე ნატალია მუხადგვერდელი ხელმძღვანელობს.

ხელშეკრულების თანახმად, „მართვის აკადემიას“, 2017 წლის განმავლობაში, ინოვაციების სააგენტომ ტექნოლოგიური პარკის ბიზნეს ინკუბადორის გუნდებისთვის სატრენინგო და საკონსულტაციო მომსახურება დაუკვეთა. ხელშეკრულებაშივე მითითებულია, რომ ერთი თვის მომსახურების ღირებულება 19 600 ლარია. შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდა.

1 (3)

მონაცემები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ სატრენინგო მომსახურება ალექსანდრე ჯეჯლევას მიერ დაფუძნებულ კომპანიას 2017 წლის მაისშიც დაუკვეთა. შესყიდვის ბიუჯეტი ამჯერად 13 000 ლარი იყო. ხელშეკრულების მიხედვით, სააგენტომ შესყიდვა ისევ ბიზნეს ინკუბადორის წევრი გუნდებისთვის განახორციელა.

გასული წლის 20 დეკემბერს „მართვის აკადემიას“ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 18 100 ლარის ღირებულების სატრენინგო მომსახურება დაუკვეთა. კომპანია სახელმწიფო უწყებამ გამარტივებული ტენდერით შეარჩია. თუმცა ელექტრონული ვაჭრობისას „მართვის აკადემიას“ კონკურენტი არ ჰყოლია.

ხელშეკრულების მიხედვით, სატრენინგო თემები იყო დროის ეფექტური მართვა და ბიზნეს მოლაპარაკებები. ხელშეკრულებას ხელს აწერს ორგანიზაციის დირექტორი ნატალია მუხადგვერდელი – მინისტრ ჯეჯელავას მეუღლე.

როგორც ჩანს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სატრენინგო მომსახურებით კმაყოფილი დარჩნენ. რადგან სააგენტომ 2016 წლის ბოლოს, 31 დეკემბერს, სატრენინგო მომსახურებაზე ტენდერი ისევ გამოაცხადა, ამჯერად გაორმაგებული ბიუჯეტით. შესყიდვის ღირებულეაბად 28 850 ლარი განსაზღვრეს. ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ამჯერად ორი ორგანიზაცია დარეგისტრირდა „მართვის აკადემია“ და „ევროპის აკადემიური ცენტრი“. ელექტრონული ვაჭრობისას ამ კომპანიამ 850 ლარით ნაკლები დააფიქსირა. შესაბამისად, გამარჯვებაც მას უნდა დარჩენოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

1 (5)

ტენდერის შედეგებში ნაცვლად გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულებისა, ფიქსირდება ტენდერის შეწყვეტის ოქმი.

ოქმში ჩანაწერის მიხედვით, სატენდერო კომისია შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ სამსახურეობირვი საჭიროებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის პრიორიტეტული იყო თანამშრომლების სააგენტოს პროექტებში მაღალი აქტივობით ჩართულობა, მათი ტრენინგებში მონაწილეობა კი გამოიწვევდა სამუშაო პროცესის შეფერხებას.

1 (1)

ამონარიდი შესყიდვების კომისიის ოქმიდან

საბოლოოდ შემსყიდველმა წინასწარ დაგეგმილი ტენდერი მიმდინარე პროექტების შეუფერხებლად განხორციელების მიზეზით შეწყვიტა.

2017 წლის თებერვალში ორგანიზაციას სატრენინგო მომსახურება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაუკვეთა, შესყიდვის ბიუჯეტი ამჯერად 9 ათასი ლარი იყო. შესყიდვა ამჯერადაც გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა. „მართვის აკადემია“ ამჯერადაც უკონკურენტო ოყო. ეროვნულმა ბანკმა თანამშრომლები მართვის თანამედროვე მეთოდებში გადაამზადა.

გასული წლის ბოლოს ორი მსმენელისთვის მართვის აკადემიის მომსახურება საქართველოს ელექტროსისტემამაც შეისყიდა, შესყიდვის ღირებულება იყო 2 288 ლარი და ხელშეკრულებაშივე მითითებული იყო, რომ 42-საათიანი სასწავლო კურსის ფარგლებში ტრენინგები „მართვის აკადემიის“ ოფისში უნდა ჩატარებულიყო.

2017 წელს 3100 ლარის სამუშაოები შეისყიდა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა. შესყიდვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდა.

2016 წლის დეკემბერში ჯეჯელავას ორგანზაციას სატრენინგო მომსახურება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც დაუკვეთა. შესყიდვის მიზანი უნივერსიტეტის სამეცნიერო ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული მომსახურება იყო. შესყიდვის ღირებულება 4900 ლარია.

გასული წლის ბოლოს ალექსანდრე ჯეჯელავას ორგანიზაციას საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომელიც დაუტრენინგებია. 1920 ლარად „მართვის აკადემიისგან“ სოფო ჯიაძისთვის სატრენინგო მომსახურება შეისყიდა HR მენეჯმენტის თემაზე.

საერთო ჯამში, გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან დაკავშირებულმა კომპანიამ ჯამში 300 000 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთა მიიღო სახელმწიფო ორგანიზაციებიდან.

ააიპ „მართვის აკადემია“ ალექსანდრე ჯეჯელავამ, მაია მიქაშავიძესთან, ივანე ნადირაძესთან და ციცინო დალაქიშვილთან ერთად 2011 წელს დააფუძნა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალექსანდრე ჯეჯელავა ფიქსირდებოდა. 2016 წლის მაისში ორგანიზაციის მონაცემებში ცვლილებები შეიტანეს. ორგანიზაციის წევრად და დირექტორად ჯეჯელავას ნაცვლად მისი მეუღლე ნატალია მუხათგვერდელი დაფიქსირდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: