მთავარი,სიახლეები

„ჩვენ ცოტას ვსაუბრობთ ერთმანეთის დანაშაულზე“ – შეხვედრა ქართულ-აფხაზურ თემაზე

02.06.2017 • 2442
„ჩვენ ცოტას ვსაუბრობთ ერთმანეთის დანაშაულზე“ – შეხვედრა ქართულ-აფხაზურ თემაზე

„ენგურის ხაზი – როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება” – ეს იყო ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული შეხვედრისა და დისკუსიის თემა პირველ ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

შეხვედრას სამი  მომხსენებელი ჰყავდა: სოციალური მოძრაობების შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) თამარ თოლორდავა, ისტორიის დოქტორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნატალია ლაზბა და ჟურნალისტი ქეთევან ქანთარია. დისკუსიის მოდერატორი ნატა იმედაიშვილი იყო. „ბათუმელები“ გთავაზობთ შეხვედრის შემოკლებულ ჩანაწერს.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]თამარ თოლორდავა, სოციალური მოძრაობების შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:[/highlight]

„მთელი ჩემი ბავშვობა, თინეიჯერობა მესმოდა და ახლაც მესმის ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ აფხაზებსა და ქართველებს, რომ ჩვენ ვიყავით ძმები და რომ არა რუსეთი, ჩვენ შორის ყველაფერი ისევ კარგად იქნებოდა.

წელიწადზე მეტია აქტიურად ვარ ჩართული ქართულ-აფხაზურ-ოსურ შეხვედრებში – ეს არის საქმიანი შეხვედრა და არა სამშვიდობო მოლაპარაკებები, მაგრამ მიწევს საუბარი იმაზე, თუ რა ხდება ახლა ორივე მხარეს. ამ პერიოდში უფრო მეტად აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ლეგენდაა ჩვენ შორის შექმნილი, ბევრი ისტორია რეალობას მოწყვეტილია. თუ ჩვენ მათ დებად და ძმებად აღვიქვამთ, ისინი ჩვენ ასე არ გვიყურებენ, მათთვის მტრები ვართ. ბევრი პრობლემაა, რაზეც თვალს ვხუჭავთ ან არ გვინდა ვაღიაროთ…

ცოტას ვსაუბრობთ ერთმანეთის დანაშაულზე, ქართულ დანაშაულზე, აფხაზურ დანაშაულზე. სჯობს ყველამ თავისაზე ისაუბროს, თუმცა არის იმის ცდუნება, მათგანაც მოვისმინოთ მსგავსი რამ. პასუხისმგებლობა მაინც ჩვენს დანაშაულზე გვაქვს.

საინტერესოა მათი დამოკიდებულება – როგორ ვითარდება ქართული საზოგადოება ერთ მხარეს და აფხაზური –  მეორე მხარეს, ამაზე ცოტა რესურსი მოგვეპოვება.

ყველაზე მნიშვნელოვან თემად გალის მოსახლეობის თემა რჩება – ძალიან ცოტა ვიცით, რა მდგომარეობაში უწევს ცხოვრება გალის მოსახლეობას, სახელმწიფო რას აკეთებს მათთვის.  უმეტესად ჭორის დონეზე მოდის ინფორმაცია.

არის თემები, რომლებიც ძალიან საინტერესოა განსახილველად, თუმცა დრო გადის და ეს თემები რჩება განხილვის გარეშე, ან მითიური ხდება. აღარ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ხდება ადამიანის უფლებების კუთხით.

თუ ვისაუბრებთ პოლიტიკოსების დამოკიდებულებაზე, ბოლო პერიოდში ჩემთვის ყველაზე კომიკური იყო ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება ქორწინების საკითხზე. მან თქვა, რომ საქართველო არ უნდა იყოს ცისფერების ქვეყანა, იმიტომ, რომ მერე აფხაზები ჩვენ აღარ დაგვიბრუნდებიან. ფაქტობრივად, ჩანს, რომ პოლიტიკოსები რეალურად არ უყურებენ პრობლემურ თემებს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, საუბარი დავიწყოთ,  უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რადგან ბევრი რამ გვაქვს საერთო, თუმცა ბევრითაც განვსხვავდებით, რადგან სხვადასხვა გარემოში ვცხოვრობთ. ქართველებს განვითარების უფრო მეტი  საშუალება აქვთ, მათ არა – იმიტომ, რომ ჩაკეტილ საზოგადოებაში ცხოვრობენ. მათი მხრიდანაც იყო მოთხოვნა – გვესაუბრა ერთმანეთზე”.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ნატალია ლაზბა, ისტორიის დოქტორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი:[/highlight]

„მე აფხაზი ვარ, მაგრამ თავს მშვენივრად ვგრძნობ აქ. პრობლემა მაშინ მაქვს, ბავშვებს როცა ვასწავლი კონფლიქტოლოგიას და პირველი კითხვა უჩნდებათ – „მას, დევნილი ხართ?“ არა ვარ დევნილი, აქაური ვარ, საქართველოს პატრიოტი, ვერ გადავალ აფხაზეთში საცხოვრებლად. წავედი რამდენჯერმე სანახავად, მაგრამ წამოვედი.

სამი წლის უკან გადავედი იქეთ, ვიყავი ნისლში, ვერ გავერკვიე სად ვარ, რა  მინდა, რას ვაკეთებ. დუალიზმი ჩემში დღესაც არსებობს – გენეტიკური აფხაზი, ოჩამჩირედან, იქ არის წინაპართა საფლავები, მაგრამ სულით ქართველი ხარ – მეუღლე, შვილები….ეს ამბივალენტობა რთულია.

ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ საქართველოს მასშტაბით მგონი მე და ჩემმა ორგანიზაციამ შევძელით სამი ახალგაზრდა სტუდენტი გადაგვეყვანა სოხუმის  უნივერსიტეტში, ძალიან კარგად შეგვხვდნენ, თუმცა არის თემები, რომლებსაც ტაბუ ადევს იქ.

მუჰაჯირები იყვნენ ჩვენი წინაპრები, „ლგოტებით“ ვსარგებლობთ იქ, საშვის მეშვეობით ნებისმიერ დროს შეგვიძლია გადასვლა. მე შემიძლია შედარება – როგორ ვითარდება საქართველო და როგორ – აფხაზეთი.  ცუდია, რომ ცალ-ცალკე ვვითარდებით. განვითარების პროგრამები, რომლებიც მძლავრია საქართველოში, იქ ნაკლებია. იქედან გამომდინარე, რომ ვერ გაარკვიეს სად იმყოფებიან, რას წარმოადგენენ.

იქ მონიშნულია განვითარების სამი ვექტორი: I – რუსული ვექტორი, (რომელიც არ არის ძალიან ძლიერი) II –  აფხაზეთი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყველა თავისი ატრიბუტით -საზღვრები  ტერიტორია, კონსტიტუცია და ა.შ და III ვექტორი – საქართველო. არის ხალხი, რომელსაც უნდა კავშირების აღდგენა, არის გარკვეული ტენდენცია. ამ ვექტორზე მუშაობაა საჭირო. ქართული ვექტორის პოპულარიზაცია ჩვენი დახმარებით უნდა მოხდეს.

კონფლიქტიდან გამოსვლის სამი გზა არსებობს – შეტევა, ანუ ომი, თავის არიდება, განრიდება და მოლაპარაკება. ჩვენს შემთხვევაში, უკეთესია მუდამ ვისაუბროთ, გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები დაახლოებისთვის. ჩვენ ვიყავით ერთი სხეული. მარტივია თავის არიდება, როცა მესამე მხარეს გადააბრალებ, მაგრამ კონფლიქტური მხარეები ჩვენ ვიყავით, ქართველები და აფხაზები.“

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“:[/highlight]

„ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ერთი და იმავე იდეოლოგიის მატარებელი ხალხი ვართ. იმ ადამიანებს, ვისაც უნდა მივაწვდინოთ ხმა, უმეტესწილა, რესურსების სიმცირის გამო, ვერ ვაწვდით.  უმეტესობა მაინც ამ ნარატივში ვრჩებით  – „დამპყრობელი“, „დევნილი“, „შეწუხებული“ და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატიის თემა. მე აქ ვახსენებდი გურამ ოდიშარიას პიესას, რომელიც დაიდგა სოხუმის თეატრის სცენაზე და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ქართველი ავტორის ნაწარმოები ითარგმნა და დაიდგა. ასეთი სიგნალები ბევრი რომ გვქონდეს, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს.

არათანამიმდევრულობამ დააზარალა ორივე მხარე. 2008  წლამდე დიდი შანსი გვქონდა აფხაზეთთან და ოსეთთან განსაკუთრებით, რომ უფრო ნაყოფიერად და მშვიდობიანად მოგვეგვარებინა ყველაფერი.

… რუსეთი დგას ამ [აფხაზური] მხარის უკან, რა თქმა უნდა. რუსეთი კმაყოფაზე ამყოფებს მთელს აფხაზურ ბიუროკრატიას, ჯიბეში ჰყავს ჩასმული, მართავს საკუთარი „მეფის ნაცვლების“ მსგავსი ადამიანებით და აფხაზებს, პოლიტიკიდან დაწყებული, დამთავრებული ყოფითი საკითხებით, იდენტობის შენარჩუნების საშუალება საქართველოს გარდა არა აქვთ, იმიტომ, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი შეცდომისა, ჩვენ კიდევ შეგვიძლია ასიმილიაციის გარეშე ავიტანოთ ერთმანეთი, რუსებს – არ შეუძლიათ. მათ მხოლოდ შეუძლიათ ჩაისვან ჯიბეში ბიუროკრატია და აქციონ აფხაზეთი  ადვილად ხელმისაწვდომ დასასვენებელ ადგილად.

ჩვენ ახლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ სახალხო დიპლომატიაზე, ეს არ გამოვა, რადგან შეიცვალა წესრიგი და თამაშის წესები. ეს არ არის 90-იანი და 2000-ანი წლების კავკასია, ეს არის ჰიბრიდული ომის რუსეთის კავკასია, სადაც ადამიანებს კლავენ იმის გამო, რომ შეიძლება თავისი სქესის ადამიანისკენ გააპაროს თვალს (ჩეჩნეთში, მაგალითად).

სულ სხვა გადაწყობა გვჭირდება. 2012 წლიდან 2016 წლამდე დავხარჯეთ დაახლოებით  5 მილიონი ლარი აფხაზეთიდან წამოსული პაციენტების სამკურნალოდ. დავხარჯეთ უამრავი თანხა სურსათ-სანოვაგის გადასატანად ენგურის ხიდზე.

ჩვენი ქვეყანა რომ იყოს ფეხზე კარგად დამდგარი, საქართველოდან ბევრი ადამიანი არ წავიდოდა აფხაზეთში მშენებლობაზე სამუშაოდ.

ერთადერთი ხსნა არის ის, რომ საქართველო მიმზიდველი გახდეს თავისი დემოკრატიით, ინსტიტუტებით, ეკონომიკით, დასაქმებით და უვიზო მიმოსვლით“.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ციალა ქათამაძე, სახალხო დამცველის აპარატი:[/highlight]

„მთელი ბავშვობა ვიზრდებოდი გარემოში, სადაც მესმოდა: „სეპარატისტული ხელისუფლება“, „ქართულმა არმიამ დროშა ააფრიალა, შევიდა სადღაც“…

მოხდა ისე, რომ 2010 წელს მოლდოვეთში, ბერკოფის ცენტრში მოვხვდი აფხაზებთან შეხვედრაზე. აღმოჩნდა, რომ იგივე ისტორიები მათთანაც არსებობს – „ქართველები არიან დამპყრობლები, რომლებიც აფხაზების თვითმყოფადობას საფრთხეს უქმნიან“ და ა.შ. ეს  ბებია-ბაბუების მოყოლილი ისტორიებია. პრობლემა ის არის, რომ მათი სოციალური სივრცე მთლიანად იყო დაკავებული რუსული პროპაგანდის ისტორიებით. მათ ეშინიათ ჩვენი. უნდა ვცადოთ ლაპარაკი, მეტი უნდა გავიგოთ ერთმანეთზე. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენმა შვილებმა ერთად უნდა იცხოვრონ, არიან ჩვენს შორის ადამიანები, ვისაც სჭირდება დემოკრატია, ურთიერთობები და კომუნიკაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: