მთავარი,სიახლეები

25 მილიონი საპატრიარქოს ყოველწლიურად – მოსამართლეები სარჩელის დასაშვებობას განიხილავენ

02.06.2017 • 3172
25 მილიონი საპატრიარქოს ყოველწლიურად – მოსამართლეები სარჩელის დასაშვებობას განიხილავენ

„სახელმწიფომ არც უნდა წაახალისოს და არც ხელი შეუშალოს რელიგიურ ორგანიზაციებს. რელიგიური ნეიტრალობა არის სამართლიანი სახელმწიფოს ფუნდამენტური ასპექტი,“ – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა. მოქალაქეები: თამარ კორძაია, ეკა აღდგომელაშვილის, ლია ღვინიანიძის და სხვები საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის იმ ჩანაწერს მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წელს კიდევ ერთხელ გამოუყვეს ბიუჯეტიდან 25 მილიონი.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ [ლალი ფაფიაშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე] დღეს, 2 ივნისს მხარეთა პოზიციები მოისმინა, თუ რატომ უნდა განიხილოს არსებითად სასამართლომ სარჩელი საპატრიარქოს დაფინანსებაზე. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ყოველწლიურად საპატრიარქოს მილიონებით დაფინანსება დასაბუთების გარეშე არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ რწმენის თავისუფლებას, თანასწორობისა და სეკულარიზმის პრინციპს.

„მე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, არ მინდა, ჩემი ეკლესია ამ ტიპის დაფინანსებას იღებდეს,“ – მიმართა სასამართლოს მოსარჩელე თამარ კორძაიამ. მან ყურადღება ეფექტიანობაზე გაამახვილა და თქვა, რომ საპატრიარქოს ყოველწლიურად აფინანსებენ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და არავინ განსაზღვრავს, ამ დაფინანსების მიზნობრიობას. „ასეთი მიდგომა ეკლესიის მიმართ წარმოშობს არაჯანსაღ ურთიერთობებს… როგორც ერთი მოქალაქე ვიმსახურებ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს ეს საკითხი და მითხრათ, ჩემს წარმოდგენებში ვარ მართალი, თუ არა“.

თამარ კორძაიას პარლამენტის ინტერესების დამცველმა, გიორგი ჩიბჩიურმა უპასუხა, რომ სეკულარიზმის იდეა არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი და მას პოლიტიკური კონტექსტიც აქვს: „რწმენის თავისუფლებაში ჩარევა იქნებოდა მაშინ, თუკი სახელმწიფო ადამიანს არ უტოვებს არჩევანის შესაძლებლობას… ბიუჯეტის ფორმირებაც არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი… ვეთანხმები მოსარჩელეებს, რომ იღვევა თანასწორობის პრინციპი, მაგრამ კონსტიტუციით არის განსაღზვრული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი. სწორედ ამას ეფუძნება საპატრიარქოს დაფინანსება განსახვებული წესით“, – თქვა გიორგი ჩიბჩიურმა და მოსამართლეებსაც უთხრა: „ასე რომ, მხოლოდ ფილოსოფოსებს არ უნდა ვანდოთ სახელმწიფო…“

„საქართველოს კონსტიტუციით“ მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე აქცენტის გაკეთებას რეპლიკით უპასუხა თამარ კორძაიამ: „განსაკუთრებული როლი არ ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად აძლევდე დაფინანსებას ეკლესიას დასაბუთების გარეშე. ეფექტიანობა უნდა განისაზღვროს – რა საჭიროებისa და მიზნისთვის გამოიყოფა ესა თუ ის დაფინანსება…“

„ბიუჯეტის მიზანია საერთო, საჯარო სიკეთეების დაფინანსება…. ოფიციალური დასაბუთება, რომ ამ დაფინანსებით ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცება ხდება, ვერ იქნება საჯარო… ბიუჯეტის მიზნების არ შეიძლება იყოს მიმართული თანასწორობის უფლების დარღვევისკენ,“ – თქვა თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა. მან ამერიკის უზენაესი სასამართლოს პორაქტიკა გაახსენა მოსამართლეებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არ უნდა იყოს გადაჯაჭვულობა, რადგან მსგავს შემთხვევაში სახელმწიფო თანასწორობის და ადამიანის უფლებების დაცვას ვერ მოახერხებს და მეორეს მხრივ, დარღვეული იქნება ეკლესიის ავტონომიურობაც, რომელიც ყოველწყლიურად გარანტირებულ მილიონებს ელის ბიუჯეტიდან.

თამთა მიქელაძემ აქცენტი გააკეთა პოლიტიკური კრიზისების დროს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების გაზრდაზეც: „თუ გადავხედავთ დაფინანსების ისტორიას, ვნახავთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, როცა პოლიტიკური კრიზისი აქვს ხელისუფლებას, ის ზრდის ეკლესიის დაფინანსებას. ასეთი გადაჯაჭვულობა კრიზისს იწვევს ეკლესიაშიც, რაც ამჟამად არსებობს“.

მოსარჩელეების აზრით, საპატრიარქოს ყოველწლიური დაფინანსებით ასევე ირღვევა „საქართველოს კონსტიტუციით“ დაცული საკუთრების უფლება – გადასახადებიდან შევსებული ბიუჯეტი მხოლოდ ერთ კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაცის ხმარდება.

„საგადასახადო კოდექსში წერია, რომ მოქალაქეები ვალდებული არიან გადაიხადონ გადასახადები და გადასახადებს ვიხდით უპირობოდ და უსასყიდლოდ…“ – მიმართა მოსარჩელეებს გიორგი ჩიბჩიურმა, საქართველოს პარლამენტის იურისტმა.

მოსარჩელე თამარ კორძაიამ ისაუბრა საპატრიარქოს დაფინანსების გამჭვირვალობის პრობლემაზეც. „მე, პირადად, გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია საპატრიარქოდან, თუ რაში დაიხაჯარა ეს ფული, მაგრამ ინფორმაცია არ მომაწოდეს…მითხრეს, რომ მოდი და აქ გიპასუხებთ ყველაფერზეო. ეს არ არის ცივილური ფორმა იმისა, გავიგოთ მოქალაქეებმა, კონკრეტულად რას მოხმარდა ეკლესიითვის გამოყოფილი მილიონები“.

IMG_20170602_124734

IMG_20170602_125015

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: