სიახლეები

სპირალი, აბები თუ ქირურგიული კონტრაცეპცია

24.07.2014 • 25407
სპირალი, აბები თუ ქირურგიული კონტრაცეპცია

 

 

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი წყვილი მიმართავს კონტრაცეფციას საქართველოში, რადგან აფთიაქებში შეძენილი ჰორმონალური კონტრაცეპტული საშუალებები არ აღირიცხება.

 

არსებობს კონტრაცეფციის რამდენიმე მეთოდი: ჰორმონალური, საშვილოსნოს შიგა და ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფცია, რომელიც შეუქცევად მეთოდად მიიჩნევა და მას შემდეგ ორსულობა აღარ ვითარდება. ასევე არასასურველი ორსულობისგან თავდასაცავად გამოიყენება ბარიერული მეთოდები _ კონდომები და სპერმიციდები (ნივთიერებები აბების, საცხებისა თუ სანთლების სახით, რომლებიც საშოში მოთავსებისას, სპერმატოზოიდებს შლიან) და ე.წ. ბიოლოგიური კონტრაცეფცია, რომელიც გულისხმობს თავშეკავებას, იმ პერიოდში, როცა ქალს დაფეხმძიმების დიდი შანსი აქვს, მაგალითად, მენსტრუალური ციკლის შუა კვირაში.

 

ბათუმის სამშობიარო სახლში ყოველწლიურად, ქირურგიული წესით კონტრაცეფციის საშუალოდ 15-20 შემთხვევა ფიქსირდება. ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმის, მეან-გინეკოლოგის, ნუკრი ბეჟანიძის თქმით, მათთან ცალკე სტერილიზაცია არ კეთდება “ძირითადად საკეისრო კვეთისას, მესამე ან მეოთხე ბავშვის შემდეგ იკეთებენ დამატებით პროცედურად, ცალკე რომ მოვიდეს ვინმე ამ პროცედურისთვის, ასეთი რამ პრაქტიკულად არ ხდება”, – ამბობს ის.

 

საშვილოსნოს შიგა კონტრაცეფცია ანუ სპირალი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რადგანაც ის მექანიკური პრინციპით მუშაობს და ორგანიზმზე არანაირი ზეგავლენა არ აქვს. იგი პატარა, 2,5 სმ-იანი თ-ს ფორმის მოწყობილობაა, რომელიც საშოში თავსდება. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია _ სპერმატოზოიდი მიყვება სპირალს და შემდეგ ისევ ქვემოთ ჩამოდის, სპირალი მას პრაქტიკულად წრეზე ატრიალებს, რის გამოც ის ვერ აღწევს მილებში და ჩასახვის პროცესი ფერხდება.

 

საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და ეროვნული თვითგანვითარების ასოციაცია “გენეზისის” ცნობით, სპირალი მაღალეფექტურ საშუალებად მიიჩნევა და ის 98-99%-ით იცავს ქალს არასასურველი ორსულობისგან.

 

სპირალი სამი წლის ვადით ისმება საშვილოსნოში, ამის შემდეგ ქალს ისევ შეუძლია დაფეხმძიმება. სურვილის შემთხვევაში შესაძლოა სპირალი ისევ ჩაისვას ქალმა, ოღონდ შუალედი პროცედურებს შორის მინიმუმ ექვსი თვე მაინც უნდა იყოს. “საკეისრო კვეთის გაკეთებიდან (რომელთა რიცხვიც დღეს ძალიან გაზრდილია), მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში დაორსულება არ არის სასურველი, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის მიმართავენ ქალები სპირალის ან მიმართავენ კონტრაცეფციის სხვა მეთოდს,” _ ამბობს ნუკრი ბეჟანიძე.

 

თუ ქალის ორგანიზმში წინააღმდეგი ჩვენება არ არის, სპირალი ყველაზე გამართლებულ მეთოდად მიიჩნევა. წინააღმდეგი ჩვენებაში სასქესო ორგანოებში მიმდინარე ანთებითი და სიმსივნური პროცესები იგულისხმება.

 

ჰორმონული კონტრაცეფცია ჰორმონული აბების მცირე დოზებით ხანგრძლივად მიღებას გულისხმობს. როცა ასეთ აბებზე კეთდება არჩევანი, აუცილებლად საჭიროა დინამიკაში კონტროლი. ნუკრი ბეჟანიძის თქმით, ჰორმონულ კონტრაცეფციას გარკვეული სირთულეები ახასიათებს: “მართალია, მათ მცირე დოზებით იღებენ, მაგრამ მაინც ჰორმონალური პრეპარატებია და გარკვეულ ზემოქმედებას ახდენენ ქალის ორგანიზმზე. გასათვალისწინებელია სისხლის შედედების კონტროლი, გაცხიმოვნების კონტროლი და სხვა. შესაბამისად, მათი ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეძენა და მიღება, ბევრ რისკთან არის დაკავშირებული”, _ ამბობს ის.

 

ჰორმონული კონტრაცეფციის გამოყენება არ არის რეკომენდებული ჭარბი წონის მქონე ქალებისთვის, ასევე მათთვის, ვინც მიდრეკილია ჰიპერკოაგულაციისკენ, ანუ სისხლის შედედების სისტემის გააქტიურებისკენ. ნუკრი ბეჟანიძის თქმით, ასეთ დროს ჰორმონალურმა კონტრაცეფციამ შეიძლება გამოიწვიოს ვენის თრომბოზები.

 

ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფცია ანუ სტერილიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევებში გამოიყენება, როცა ქალს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი აღარ გააჩინოს მეტი შვილი. სტერილიზაციის დროს ხდება საშვილოსნოს მილების გადაკვანძვა და კვერცხუჯრედი ვეღარ აღწევს საშვილოსნომდე, შესაბამისად ორსულობაც ვეღარ დგება.

 

ქირურგიული წესით ქალების სტერილიზაციისას ხდება ფალოპის მილების გადაკვანძვა. ეს იგივე საშვილოსნოს მილებია, სადაც განაყოფიერება ხდება _ კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს მილში ხვდებიან, შემდეგ კვერცხუჯრედი მილითვე ხვდება საშვილოსნოს ღრუში, მაგრამ გადაკვანძვა ხურავს ამ გზას და მომავალში ორსულობა გამოირიცხება. ნუკრი ბეჟანიძის თქმით, დღეს სტერილიზაციისთვის მუცლის ღრუს გახსნა სავალდებულო აღარ არის, ეს პროცედურა ლაპარასკოპულად ანუ უსისხლო მეთოდითაც ტარდება.

 

სტერილიზაცია მამაკაცებისთვისაც არსებობს, იგი სათესლე სადინარების ორმხრივ გადაკვანძვას გულისხმობს, რის შემდეგაც სპერმატოზოიდები აღარ გამოვა. ასოციაცია “გენეზისის” ცნობით, ვაზექტომია კასტრაციას არ გულისხმობს და მას შემდეგ მამაკაცი სრულად ინარჩუნებს პოტენციას, უბრალოდ, მისი სპერმა აღარ შეიცავს სპერმატოზოიდებს და განაყოფიერებაც არ ხდება. თუმცა როგორც ბათუმის სამშობიარო სახლში ამბობენ, ბათუმში ამ მეთოდს პრაქტიკულად არავინ იყენებს. “ორსულობა ქალის მდგომარეობაა, ალბათ ამიტომაც უმეტესად ქალი წყვეტს, გაიკეთოს თუ არა სტერილიზაცია”, _ ამბობს ნუკრი ბეჟანიძე.

 

მეან-გინეკოლოგი სვეტლანა აბრამიშვილი ამბობს, რომ ჯერ კონტრაცეფციის შესახებ კონსულტაციაზე მოსულ პაციენტს იკვლევენ და ამის შემდეგ არჩევენ კონტრაცეფციის მეთოდს: “გინეკოლოგთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია ჰორმონული საშუალებების მიღება, რადგან ორალური კონტრაცეპტივები მთელი რიგი პრეპარატებია, რომლებსაც თავისი ჩვენება, უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები აქვს, ამიტომ უნდა ჩატარდეს გამოკვლევები, რომ გავიგოთ ხომ არ აქვს პაციენტს შაკიკი, ცვლილებები სისხლის შედედების სისტემაში, გამოხატული ვენების ვარიკოზული დაავადება. არ უნდა იყოს სარძევე ჯირკვლების დაავადებები, საშვილოსნოს ფიბრომა და ა.შ. რაც შეეხება სპირალს, სპირალი არსებობს სხვადასხვა ტიპის, ფირმისა და მასალის, მაგალითად, სპილენძის შემცველობის ოქროს სპირალი და სხვა. საშუალოდ სპირალის ფასი სააფთიაქო ქსელში 15 ლარიდან იწყება, თუმცა ფირმისა თუ მასალის მიხედვით მისი ღირებულება შეიძლება 200 დოლარამდეც გაიზარდოს”.

გადაბეჭდვის წესი