მთავარი,სიახლეები

ბრძოლა ინტელიგენციის ელიტებს შორის

01.06.2017 • 4565
ბრძოლა ინტელიგენციის ელიტებს შორის

ავტორი: ოჩი კონცელიძე

ინტერვიუ პოლიტილოგ ბაქარ ბერეკაშვილთან. ინტერვიუ მომზადებულია კვლევის – „საბჭოთა დროის ინტელიგენციის როლი დამოუკიდებელი საქართველოს ინსტიტუციური მშენებლობის პროცესში“ ფარგლებში

საბჭოთა დროის ინტელიგენციის მნიშვნელობით რომ დავიწყოთ საუბარი, საინტერესოა, რა იყო მისი შექმნის მიზანი და დანიშნულება? 

საბჭოთა ინტელიგენცია განსაკუთრებით ყალიბდება სტალინურ ეპოქაში. სტალინს ჰქონდა გამორჩეული დამოკიდებულება კულტურული ელიტების მიმართ, ვინაიდან მან იცოდა, რომ ძალაუფლების განმტკიცებისთვის საჭირო იყო არამხოლოდ პოლიტიკური კლასის პოლიტიკური მხარდაჭერების, არამედ კულტურული ელიტების მობილიზაციაც.  ამიტომ ვიტყოდი, რომ საბჭოთა ინტელიგენცია ყალიბდება სტალინური პოლიტიკის კვალდაკვალ. ეს არის სტალინური რეჟიმის შემადგენელი, რომლის მიზანი იყო საბჭოთა კავშირის ბიუროკრატიულ აპარატში თავმოყრილი იდეების ლეგიტიმაცია და ინტელექტუალიზაცია. ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა არამხოლოდ სტალინი, არამედ, ეს არის ზოგადი პრაქტიკა, ავტორიტატი ლიდერები ცდილობენ ჰყავდეთ საკუთარი კულტურული ელიტები, რომლებსაც დაეყრდნობა ავტორიტარის ლეგიტიმაცია.

თუმცა საბჭოთა დროის ინტელიგენცია არ არის ერთგვაროვანი, შედგება გარკვეული ჯგუფებისგან, პირობითად რომ დავყოთინტელიგენციის ერთი ნაწილი, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო ხელისუფლების განხორცილებაში, პარტიის წევრები იყვნენ და მონაწილეობდნენ ხელისუფლების განხორციელებაში. მეორე  ჯგუფი შეადგენდა ინტელიგენცია, რომელიც უშუალოდ არ მონაილეობდა ხელისუფლების განხორციელებაში, გრამ აფილირებული იყო კომპარტიასთან, ასევე შეგვიძია გამოვყოთ ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც ლატენტურად უპირიპირდებოდა საბჭოთა ხელისუფლებას, მაგალითად კინორეჟისორები, და მეოთხე ჯგუფი, დისიდენტები,რომლებიც აშკარად უპირისპირდებოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას და სისტემას. ამგვარ დაყოფას რამდენად ეთანხებით?

აბსოლუტურად ვეთანხმები. იყვნენ კულტურული ელიტები, მოკავშირე სტრატა, და იყვნენ, ასე ვთქვათ, არაკონფორმისტი კულტურული ელიტები, რომლებიც გამოირჩეოდნენ საბჭოთა კავშირის მიმართ სატირული აზროვნებით, შეფარული კრიტიკით, მაგალითად, ეს აქტუალური ხდება პოსტსტალინურ ეპოქაში, სტალინურ ეპოქაში კი, ეს სივრცე უფრო მეტად ჰომოგენური ჩანდა, რადგან შიში იყო სტალინის პიროვნების, მის მიერ შექმნილი სისტემის მიმართ. აქტიური დისიდენტური ჯგუფები გაჩნდნენ პოსტსტალინურ ეპოქაში, როცა  კულტურული ცხოვრების ნორმალიზაცია მოხდა. დესტალინიზაციამ ხელი შეუწყო ადამიანების მიერ ღიად საუბრის დაწყების პროვოცირებას და მოვლენების კრიტიკულ შეფასებას.

რა თქმა უნდა, საბჭოთა დროის ინტელიგენცია ერთგვაროვანი არ იყო. იყვნენ ჯგუფები, რომლებიც ახდენდნენ სისტემის იდეალიზიაციას. ელიტები, რომლებიც ღიად ებრძოდნენ საბჭოთა სისტემას და ელიტები, რომლებიც არ ებრძოდნენ ღიად, მაგრამ ცდილობდნენ საკუთარი სტილი დაემკვიდრებინათ, ასეთი იყო მაგალითად, ანდრეი ტარკოვსკი, რომელიც არ თვლიდა თავს საბჭოთა კავშირის არც მტრად და არც მეგობრად.

გადავინაცვლოთ პოსტაბჭოთა საქართველოში და იმ ჯგუფებზე ვისაუბროთ, რაც მე ზემოთ ჩამოვთვალე, რამდენად მოახდინეს ადაპტაცია ახალ რეალობაში, 1991 წლიდან, გამსახურიდას ხელისუფლებიდან დაწყებული დღემდე?

მე ვფიქრობ, უმეტესმა ნაწილმა მოახერხა. განსაკუთრებით 1970-იან და 1980-იან წლებში ჩამოყალიბებულმა ელიტებმა, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კონფორმიზით. გამომდინარე იქიდან, რომ 1990-იან წლებში საქართველოში ხელისუფლებაში დაბრუნდა ექსკომუნისტური ნომენკლატურა, საბჭოთა დროის ელიტასთან საერთო ენის გამონახვის საჭიროება არ იყო. ხელისუფლებაში დაბრუნდნენ ის ადამიანები, რომლებიც კარგად თანაარსებობდნენ საბჭოთა ელიტებთან. ესენი იყვნენ დამსახურებული არტისტები, ცნობილი მწერლები და აშ. რიცხვობრივად დიდი იყო იმ ჯგუფის ზომა, ვინც1993 წელს  შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ მოახდინა მისი ხელისუფლების  ლეგიტიმაცია. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ვერ მოერგნენ  შევარდნაძის ხელისუფლებას, და მათი უმეტესობა ისინი იყვნენ, ვინც 1970-80-იან წლებში ნონკონფორმისტებს წარმოადგენდნენ კულტურაში.

თუმცა 1990იან წლები მხოლოდ შევარდნაძ მმართველობით არ არის დასმახსოვრებელი, 1990იანი წლების დასაწყისში პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია..

გამსახურდიას დროს პოლარიზებული იყო საბჭოთა ინტელიგენცია. საბჭოთა ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენელი სარგებლობდა პრივილეგიებით გამსახურდიას მმართველობის დროს, ძალიან ბევრი ნაციონილისტური იდეა, რომელიც მათ თავში იყო მოყრილი, გამსახურდიას მმართველობას კარგად შეუთავსა. თუმცა, ცხადია, ამავდროულად იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მისი მმართველობის დროს დაუპირისპირდნენ ზვიად გამსახურდიას, ამ ჯგუფებში ისინი შედიოდნენ, ვინც მეტი პრივლეგიებით სარგებლობდა საბჭოთა დროს. ამ ადამიანებმა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, გვარების ჩამოთვლას აზრი არ აქვს. სოლიდური, მოწინავე ელიტები იყვნენ პროშევარდნაძისტული სენტიმენტებით განწყობილი. გამსახურდიასაც ჰყავდა თავისი ელიტა, რომელიც საბჭოთა დროსაც იდეოლოგიური ნორმების კვლავწარმოებას ახდენდა.

როდესაც შევრდნაძის ხელისუფლება სრულდება და ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოდის, ამ დროს პოსტსაბჭოთა ინტელიგენციის როლი იცვლება თუ  არა? და გრეთვე, საინტერესოა, ახალ ინტელექტუალებსა და საბჭოთა დროის ინტელიგენციის წარმომადგენლებს შორის როგორი ურთიერთობა ყალიბდება?

სააკაშვილი წარმოჩინდა, როგორც ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც ჰქონდა ამბიცია მოდერნიზაციის ყველაფრის ფასად და ამ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში განიხილავდა საბჭოთა ინტელიგენციას, როგორც წითელ ინტელიგენციას. ახდენდა გამსახურდიას რიტორიკას წითელი ინტელიგენციის რეპლიკაციას. სააკაშვილის დროს საბჭოთა ინტელიგენცია შეეცადა სააკაშვილთანაც გამოენახა საერთო ენა, მაგრამ სააკაშვილი აღმოჩნდა სხვა მხარეს. მისი მიზანი არ იყო საბჭოთა დროის ინტელიგენციის შემორიგება, ან მათთან კოოპერაცია, მისი მიზანი იყო ახალი კულტურული და პოლიტიკური ელიტების შექმნა, რაც მან მოახერხა კიდეც. მან შექმნა ჯგუფები, რომლებმაც გაიმეორეს საბჭოთა ინტელიგენტების პრაქტიკა, რომ ხელისუფლების იდეებს სჭირდებათ ლეგიტიმაცია კულტურულ სივრცეებში. ეს  [სააკაშვილმა] განსაკუთრებით წარმატებით განახორციელა უნივერსიტეტებში. აკადემიურ სივრცეებში თავმოყრილი იყო და ძალაუფლება ჰქონდა იმ სამეცნიერო ელიტებს, რომლებიც იზიარებდნენ სააკაშვილის სისტემის ღირებულებებს და ნეოლიბერალურ სენტიმენტებს. სააკაშვილმა, განსხვავებით შევარდნაძისგან, რომელიც მეტწილად აქცენტებს აკეთებდა ხელოვანებზე და მწერლებზე, ყურადღება გადაიტანა აკადემიურ ელიტებზე. თუმცა სააკაშვილსაც ჰყავდა ლოიალური ჯგუფი ხელოვანების ქვეყნის შიგნით, რომლებიც ახდენდნენ მისი იდეების იდეალიზაციას. რასაკვირველია, საბჭოთა დროის ინტელიგენციის ისეთი ჯგუფებიც იყვნენ, რომლებიც მოერგნენ სააკაშვილის რეჟიმსაც, მაგრამ საგულისხმოა, რომ ეს ადამიანები ნაკლები პრივილეგიებით სარგებლობდნენ შევარდნაძის დროს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კულტურულ ელიტებში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ციკლური პროცესი. შევარდნაძის დროს ის კულტურული ელიტის ჯგუფი, ვინც თავს მიიჩნევდა დაჩაგრულად, გაძლიერდა სააკაშვილის მმართველობის დროს.

„ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც იგივე განმეორდა?

კი, რა თქმა უნდა.  ძალიან ბევრი შემთხვევაა ამის, როდესაც სააკაშვილის მიმართ დაპირისპირებული ელიტები ახლა უკვე წარმოჩენილები არიან როგორც „ოცნების“ მიმართ ლოიალური ჯგუფები. ეს არის პროცესი, რომელიც მუდმივად განახლებადია. სააკაშვილმა, განსხვავებით გამსახურდიასგან, შექმნა ახალი ელიტები, გააჩინა ახალი ინტელიგენცია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ახალი ინტელიგენციაც რაღაცნაირად საბჭოთა ინტელიგენციასთან იყო მიბმული. მე ახალ კულტურულ ელიტებს აღვიქვამ როგორც საბჭოთა ელიტების მეტამორფოზას, გარდაქმნას, იმიტომ, რომ ახალ საქართველოში იგივე ფუნქცია და ადგილი  დაიკავეს. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩამოყალიბებული ახალი ინტელიგენციის ფუნქცია არ არის კრიტიკული და კრეატიული აზროვნება, მათი ფუნქცია იგივე იყო, რა ფუნქციაც ჰქონდა საბჭოთა ელიტებს საბჭოთა დროს. დაპირისპირება, რომელსაც ვხედავ ახალ ლიბერალურ და პოსტსაბჭოთა ინტელიგენციას შორის, ეფუძნება არა კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლას, თუ ვინ უფრო კონფორმისტია და ვინ – არა, არამედ დაფუძნებულია პრივილეგიებისთვის ბრძოლაზე.

დღემდე ასე გრძელდება პრივილეგიებისთვის ბრძოლა? ბოლო მაგალითი რომ გავიხსენოთ, ერთ-ერთი თეატრის მსახიობმა გააპროტესტა მისი დაბალი ანაზღაურება თეატრში და ეს გახდა ძალიან აქტუალური თემა ქართულ მედიაში, მიეძღვნა გადაცემები და ა.შ. მაშინ, როცა მაგალითად პედაგოგების ხელფასებზე საუბრისთვის ქართული მედია, განსაკუთრებით სატლევიზიო მედია, მაინცადამაინც თავს არ იწუხებს. ეს შეიძლება იმის მაგალითად მოვიყვანოთ, რაც თქვენ თქვით?

კი, საბჭოთა დროის ინტელიგენცია შეჩვეულია კომფორტულ ცხოვრებას და ამ კომფორტულ ცხოვრებას როცა უჩანს უპერსპექტივობა, ისინი იწყებენ ამ პრივილეგიების შენარჩუნებისთვის ბრძოლას.

ბრძოლა ელიტებს შორის არის დაუნდობელი. ვინც არის წარუმატებელი და პრივილეგიებდაკარგული, ის ახდენს საკუთარი თავის ვიქტიმიზაციას, რომ ის არის მსხვერპლი, იმიტომ, რომ მას არ აფასებენ. ის ცდილობს საკუთარ თავზე რეპრეზენტაცია მოახდინოს და თქვას, რომ ის, სხვასავით, არ არის კონფორმისტი და ამიტომაც არ არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში.

მე პირადად ნიჰილისტურად ვარ განწყობილი შევარდანაძის პერიოდიდან წამოსული ელიტების მიმართ, ისინი განსაკუთრებით შეჩვეულები იყვნენ სოციალურ პრივილეგიებს. ამ პრივილეგიების დაკარგვას ვერ ეგუებიან, მაგრამ მოუწევთ თვალის გასწორება, ვინაიდან დღეს ვცხოვრობთ ახალი სოციალური წესრიგის პირობებში, როდესაც იბადება ახალი ინტელიგენტების კლასი. ეს  კლასი ერთის მხრივ  იბრძის პრივილეგიების აგრეგაციისთვის და მეორეს მხრივ ღირებულებებიც განსხვავებული აქვს, მაგრამ ღირებულებები განსხვავებულია არა  იმ გაგებით, რომ ახალი ელიტა უფრო  მეამბოხეა და უფრო კრიტიკულად განწყობილი, არამედ ღირებულებითი ორიენტირები აქვთ სხვა, პოსტმოდერნული იდენტობის მატარებლები არიან. საბჭოთა დროის ინტელიგენციის წარმომადგნელების ღირებულებები შერწყმულია კონსერვატიულ ღირებულებებთან, ისინი ჰიბრიდული ღირებულებების მატარებლები არიან. ამ დაპირისპირებაში ახალი ინტელექტუალური კლასი ჩანს როგორც პროგრესული, თუმცა მე ასე არ მგონია. ახალი ინტელიგნეციის, იგივე ინტელექტუალების პროგრესულობა რით შეიძლება გავზომოთ? შეიძლება გავზომოთ იმით, თუ რამდენადაა მათში თავმოყრილი კრიტიკული რეფლექსიები, მე ამ რეფლექსიებს მათში ვერ ვხედავ. აი, მაგალითად, ჩვენ ვერ ვხედავთ ქართველ მწერლებს, აკადემიურ ელიტებს, წამყვან ავანგარდულ ჯგუფებს, რომლებიც აკრიტიკებენ არსებულ სოციალურ გარემოს, რომლებიც აკრიტიკებენ პოსტსაბჭოთა ცხოვრების წესს, ისინი უფრო მეტად  აკრიტიკებენ ტრადიციონალისტურ ინსტიტუტებს და ღირებულებებს, რითაც იძენენ სიმბოლურ და კულტურულ კაპიტალს. სიმბოლური და კულტურული კაპიტალის აგრეგაცია, რომელიც ეფუძნება ტრადიციონალურ ღირებულებების კრიტიკას, აღიზიანებს საბჭოთა დროის ელიტებს და აქ ხდება მათ შორის კონფლიქტი.

მაინტერესებს, რამდენად თანმიმდევრული აღმოჩნდა საბჭოთა დროის ინტელიგენცია ახალ გამოწვევებთან, დემოკრატიულ ღირებუელბეთან,  უმცირესობების  – ეთნიკური, რელიგიურ და ა.შ. უმცირესობების მიმართ? აგრეთვე, საინტერესოა, სიახლეების  მიმართ რამდენად გაიარეს ადაპტაცია? რამდენად გაუსწორეს რეალობას თვალი?

მე ასე ვიტყოდი – იმდენად ენერგიული და მძიმე იყო ავტორიტარული მემკვიდრეობა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მიიღო ქართულმა საზოგადოებამ, რომ შეუძლებელია მათში ჩამოყალიბებულიყო პროდემოკრატიული განწყობები. ერთგან სოციოლოგები: ინგლეჰარტი და ველცელი წერენ, რომ ვაიმარის რესპუბლიკაში დემორკატია იმიტომ ვერ შედგა, რომ დემოკრატია დემოკრატების გარეშე იყოო. გერმანელებმა, რომლებსაც მემკვიდრეობით ერგოთ კაიზერული, სამხედრო სულისკვეთება, ვერ გაიგეს საქმე რასთან ჰქონდათ. ასეთივე ვითარებაში აღმოჩნდა საბჭოთა ინტელიგენციაც, საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ. იმდენად იყო მათში საბჭოთა იდეოლოგიური ნორმები დაშტამპული, რომ დემოკრატიასთან მიმართებაში დაიბნენ.

საბჭოთა დროის კულტურულ ინტელიგნეციას არ ესმის თანამედროვე დემოკრატიის არსი. დემოკრატიას აიგივებენ იმასთან, რასთანაც გაიგივებაც არ გამოდგება. მაგალითად, დემოკრატია გონიათ, რომ არის განვითარება, სინამდვილეში, დემოკრატია და  განვითარება სხვადასხვა რამაა. თანამედროვე დემორკატიის პარადიგმა მდგომარეობს თანამედროვე ღირებულებების ადვოკატირებაში. ესაა ოპოზიციის, უმცირესობის და აშ. ინტეგრაცია, განსხვავებული აზრის  მიმართ პატივისცემა და სხვა. ამ იდეალებს საბჭოთა დროის ინტელიგენცია ვერ იღებს, ვინაიდან მათთვის ეს არის უცხო ნორმები. მათ წარმოსახვაში დემოკრატია ნიშნავს კარგად ცხოვრებას, კეთილდღეობას, არადა კეთილდღეობა შესაძლებელია დემორკატიის გარეშეც. ახალ ინტელიგენციას ეს საკითხი უფრო კარგად აქვს გააზრებული, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი დემოკრატიული იდეალების მიმართ ერთგულნი არიან, ვინაიდან მათი მენტალური მდგომარეობა ისევ საბჭოთა მენტალურ მდგომარეობაშია და ამას ადვილად ვერ შეცვლი. ახალი ელიტები იმ სოციალური გარემოდან არიან, სადაც საბჭოთა პარადიგმების გავლენა ჯერ კიდევ დიდია.

ახალი კულტურული ელიტები ცდილობენ უფრო პროდემოკრატიულები იყვნენ, ახალი იდეები უფრო მეტად მიიღონ, თუმცა, ჩემი აზრით,  ეს უფრო იმიტაციურია იმ გაგებით, რომ იმიტაცია დასავლეთისადმი არის მიმართული. მათი პრაქტიკა და დისკურსი ერთმანეთისგან განსხვავდება, ხშირად არიან დამორჩილებული იმ სოციალურ ნორმებზე, რაც ადაპტირებულია საზოგადოებაში, მაგალითად აკადემიური ელიტის წარმომადგენელისთვის, როგორც წესი, მთავარია თავისუფლების იდეა, მაგრამ პრაქტიკაში შესაძლოა იყოს კლანური, პრაქტიკაში იყენებდეს იმ ინსტრუმენეტებს, რომლებიც იმ მომენტში მას უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ერთია დისკურსი და სხვა არის პრაქტიკა. ამ მხრივ საბჭოთა დროინდელი ელიტები უფრო პატიოსნები არიან იმ გაგებით, რომ, რა დისკურსის მატარებლებიც არიან, პრაქტიკაშიც იგივეს იცავენ, მაგალთად უმცირესობების მიმართ, დისკურსულადაც და პრაქტიკულადაც აქვთ უარყოფითი დამოკიდებულებები.

თქვენი აზრით, საზოგადოების დამოკიდებულება საბჭოთა დროის ინტელიგენციის მიმართ შეიცვალა, თუ – არა?

პრინციპში, ახალი თაობა ვერ იგებს რა სურს საბჭოთა დროის ინტელიგენციას, ვერ ხვდებიან მთავრობის მხრიდან არდაფასება რას ნიშნავს, ან საერთოდ რატომ უნდა იყვნენ დაფასებულები. ახალ თაობაში უფრო მეტად არის გამჯდარი ინდივიდუალური ეთოსი, მორალური ავტორიტეტების ნგრევა და მათთვის გაუგებარია საბჭოთა დროის ინტელიგნეციის ამბიციები და პრეტენზიები. თუმცა საზოგადოებაში ჯერ კიდევ გარკვეული ჯგუფი არსებობს, სოლიდური ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ საბჭოთა დროის კულტურული ელიტები უნდა დაფასდნენ, ვინაიდან მათ რაღაც ღირებული შექმენს, წარმოაჩინეს ქართული კულტურა, მაგრამ ისინი იმ ასაკობრივი ჯგუფის  წარმომადგენლები არიან, რომელსაც  თავად ეს ელიტა წარმოადგენს.  ელიტების მიმართ დამოკიდებულებას განაპირობებს ისიც, თუ როგორ არის აღზრდილი ადამიანი, აქვს თუ არა სენტიმენტალური დამოკიდებულება საბჭოთა ელიტების მიმართ და ალბათ, მისი აზროვნების ტიპიც ამაზე იქნება მორგებული, რომ მოახდინოს ელიტების იდეალიზიაცია.

ჩვენ პრინციპში ვისაუბრეთ პოსტსაბჭოთა დროინდელი ინტელიგენციის სოციალურ გავლენაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ თქვენი აზრით, ეს გავლენა დროთა განმავლობაში მცირდება, იქიდან გამომდინარე, რომ თაობები იცვლება?

მე უფრო ვიტყოდი, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ელიტის შვილები, მშობლების გავლენით სარგებლობენ, გავლენების კვლაწარმოებას ახდენენ, და ამას უფრო მათი შვილები აკეთებენ, ვიდრე თავად ელიტის წარმომადგენლები. როგორც ვხედავ, ეს არის ერთი ჯგუფი თბილისში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. ესენი არიან ერთმანეთთან დაკავშირებული გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც კარგად იცნობენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთიანი სხეული.

საინტერესოა სოციალური ცხოვრების რომელ სფეროში მოიტანა ინტელიგენციის ჩართვამ აშკარა შედეგები და სად აღმოჩნდა ის უშედეგო, ან უსარგებლო?

მე ვიტყოდი, რომ მეტწილად საბჭოთა კულტურული ინტელიგენციის როლი პოსტსაბჭოთა ცხოვრებაში არ იყო არაფრით გამორჩეული, განსაკუთრებული კონტრიბუცია სოციალურ ცხოვრებაში მათ არ მოუხდენიათ. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ტენდენციები, რომელიც შეინიშნებოდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა მოხდა ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაცია, არსებობდა საბჭოთა ელიტების გარკვეული ნაწილი, პრივილეგიებადაკარგული  ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც, შეიძლება ითქვას პოზიტიური როლი შეასრულეს იმ მხრივ, რომ ღიად აკრიტიკებდნენ სისტემას, შეიძლება ეს კრიტიკა ეფუძნებოდა პრივილეგიების დაკარგვას, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია აღვიქვათ დადებით პროცესად.

ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ინტელიგენცია აკრიტიკებდა სააკაშვილის პოლიტიკას და უჯანყდებოდა ხელისუფლებას, თუმცა,  შესაძლოა სხვამ ჩათვალოს, რომ პირიქით, ეს იყო ინტელიგენციის ამბოხი, იმიტომ, რომ სააკაშვილი შეეცადა მოდერნიზაციას და მისი პოლიტიკა მოდერნიზაციის პროექტის ნაწილი იყო.

კონკრეტიკისკენ რომ წავიდეთ და სოციო-პოლიტიკური ცხოვრებიდან მაგალითი რომ მოვიყვანით  – თუკი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია რაღაც დონეზე ხდება დღეს, მე ამას უფრო „დავაბრალებდი“ ზურაბ აბაშიძის ფენომენს, რომელიც პრემიერ-მინისტრის წამომადგენელია რუსეთთან ურთიერთობაში და რომელიც საბჭოთა დროის პოეტის ირაკლი აბაშიძის შვილია. ზურაბ აბაშიძე სარგებლობს იმით, რომ საბჭოთა კულტურის ელიტიდან არის და კონტაქტებს იყენებს რუსეთთან ურთიერთობაში, რაც ეხმარება საქართველოს  კონფლიქტის ნორმალიზაციაში. აღსანიშნავია, რომ რუსულ ექსპერტულ წრეებში ის ასეთად აღიქმება. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზურაბ აბაშიძე რაღაც კონტრიბუციას აკეთებს ქვეყნისთვის და ამაში მას ეხმარება მისი წარმომავლობა. კიდევ ერთი მაგალითი მახსენდება, როდესაც ნოდარ მგალობლიშვილმა უარი უთხრა შევარდნაძეს ღირსების ორდენის მიღებაზე, მან თქვა, რომ უღირსი პრეზიდენტისგან ღირსების ორდენს არ მიიღებდა. ამ მოვლენამ მახსოვს კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში ძალიან დიდი გავლენა იქონია.

საბჭოთა დროის ინტელიგენციის მხრიდან კოლექტიურ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია, ისეთი, რომ მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა. თუმცა იყო ინდივიდუალური შემთხვევები, როცა კონკრეტული ადამიანის პოზიციები ამკვიდრებდა კრიტიკულ და არაკონფორმისტულ აზროვნებას საზოგადოებაში. ასევე შეგვიძლია რობერტ სტურუას მაგალითი გავიხსენოთ, ის იმდენად იყო დაპირისპირებული საკაშვილის რეჟიმთან, რომ ბევრს აძლევდა კონფრონტაციის სტიმულს სისტემასთან. თუმცა ეს შეიძლება სხვამ სხვანაირად შეაფასოს.

და ბოლოს, მაინტერესებს, საბჭოთა დროის ინტელიგენციის შემოქმედებას რამდენად აქვს გავლენა დღევანდელობაზე?

მე მგონი, შემოქმედებითი გავლენა არ აქვს, ან სუსტია. როდესაც მე ვსაუბრობ გავლენაზე, აქ იგულისხმება ძალაუფლების ველში ყოფნა, იმიტომ, რომ შემოქმედებითი თვალსაზრისით არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, ევროპული პრაქტიკისგან განსხვავებით, სადაც,  როგორც წესი, შვილები მშობლების ტრადიციას აგრძელებენ, უფრო მეტ კონტრიბუციას დებენ კულტურაში, საქართველოში ასე არ არის. მათი გავლენა შემოიფარგლება სასარგებლო კონტაქტების და ფინანსური კაპიტალის აგრეგაციით. კულტურული კაპიტალი ეფუძნება არა მათ შემოქმედებით პროდუქტს, არამედ მათ სიმბოლურ პოზიციებს. შესაძლოა იყოს რამე შემთხვევები, როცა შვილებმა ინტელექტუალურ ცხოვრებაში ეს გავლენები ჰპოვეს, თუმცა ახლა არ მახსენდება.

შეიძლება ისიც ითქვას, რომ ისეთი ჯგუფებიც არსებობენ, რომლებიც საერთოდ დაიჩაგრა, საბჭოთა ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელთა ხმა საერთოდ არ ისმის. არც 1990-იან წლებში ისმოდა და არც ახლა ისმის. ამაზე მიფიქრია ძალიან ბევრი. აი, მაგალითად რეჟისორები რომ ავიღოთ, ძალიან ბევრი რეჟისორი იყო ძლიერი ინტელექტუალი, სატირულად და ცინიკურად აკრიტიკებდნენ რეალობას და ვისაც დღეს ვერ ვხედავთ. დღეს უფრო შესამჩნევი არიან მხატვრები, მსახიობები, აკადემიური ელიტები და მწერლები, ვიდრე რეჟისორები. არ ვიცი რა მოხდა, სად გაქრნენ, რა არის მათი პასიურობის მიზეზი.

შესაძლოა მათი გაუჩინარება დავაკავშიროთ მათ შეურიგელბელ პოზიციებთან აქამდე არსებული ყველა ხელისუფლების მიმართ?

შესაძლებელია, ალბათ ნიჰილიზმის აპოგეას მიაღწიეს და ნდობა დაკარგეს ყველაფრის მიმართ.

გადაბეჭდვის წესი