სიახლეები

პლაჟზე საკითხავი

23.07.2014 • 2251
პლაჟზე საკითხავი

 

1. აკა მორჩილაძე, „შობა ღამის ალქაჯები“ – რამდენიმე შესანიშნავი მოთხრობისგან შემდგარი, ძალიან საინტერესო კრებული. გამოკვეთილი, ცოცხალი, დასამახსოვრებელი პერსონაჟებით, დახვეწილი ენით, ახალგაზრდული თავგადასავლებით, თბილისელი, ჩვეულებრივი გოგო-ბიჭების ამბებით. აკა მორჩილაძე, როგორც ყოველთვის, დახვეწილი იუმორით ხვდება ზუსტად მიზანში – ეს მოთხრობები არასდროს დაგავიწყდებათ, იმიტომ, რომ აქ ბევრი რამ თქვენზეა, სწორედ თქვენზე.

 

 

2. რეი ბრედბერი, „ბაბუაწვერას ღვინო“, ერთ-ერთი გენიალური წიგნი, რომელიც ზაფხულზე დაწერილა. საოცარი, დაუვიწყარი ისტორია, სითბოთი და სიკეთით გაჟღენთილი წიგნი, პატარა დაგლას სპოლდინგის თვალით დანახული, ერთი ჩვეულებრივი ამერიკული ქალაქის ჩვეულებრივი ზაფხული, თავისი ბებიებით, ბაბუებით, ვერანდაზე ცივი ლიმონათის სმით, ბალახის სურნელით, ბავშვური შიშებით და აღმოჩენებით. არ გადადოთ ამ წიგნის წაკითხვა მომდევნო შვებულებამდე, იმიტომ, რომ „ბაბუაწვერას ღვინო“ ის წიგნია, რომელსაც ადამიანების შეცვლის უნარი შესწევს, უკეთესობისკენ შეცვლის.

 

 

3. ვუდი ალენი, „თანამდევი მოვლენები“ – უდიდესი რეჟისორის წარმატებული ლიტერატურული ექსპერიმენტი. ცრემლებამდე სასაცილო ისტორიები ებრაელებზე, ამერიკელებზე, ფრანგებსა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებზე, ირონია და უფრო მეტი თვითირონია, ვუდი ალენი – სასაცილო, ნიჭიერი კაცი ნიუ იორკიდან.

 

 

4. ვუდჰაუზი, „დაიკიდე, ჯივზ“ – თუ გიყვართ ბრიტანული, მოზომილი იუმორი, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა დაწერილი. ექსცენტრული ლონდონელი ჯენტლმენისა და მისი მოხერხებული მსახურის ისტორიები საუკეთესოა ზაფხულის მოთენთილი შუადღეების გასახალისებლად.

 

 

5. გიიომ მიუსო, „და შემდეგ…“  – თანამედროვე ფრანგი მწერლის, ახალგაზრდა მიუსოს მსოფლიო ბესტსელერი. მსუბუქი, გასაგები ენით დაწერილი ამაღელვებელი სიყვარულის ამბავი. ისტორია გრძნობებზე, რომლებსაც სიკვდილიც ვერ ცვლის. ამბავი ადამიანის დანიშნულებაზე, ვიწრო ზღვარზე ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის.

 

 

6. დიანა ანფიმიადი, „პირადი კულინარია“ –  ეს წიგნი უბრალოდ რეცეპტების კრებული არ გეგონოთ. ეს გემოებად დამახსოვრებული ამბების კრებულია, საინტერესო ისტორიები, რომლებიც  ამა თუ იმ საკვებს უკავშირდება. ვანილისა და შოკოლადის სურნელიანი, ზოგჯერ მსუყე და ზოგჯერ მსუბუქი  ამბები ბევრი თქვენგანის გულს მოიგებს.

 

 

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

 

გადაბეჭდვის წესი