მთავარი,სიახლეები

სიმონ ჯანაშია: გამოცდების ბარიერის აწევა ჰგავს იმას, ავადმყოფი დასაჯო იმის გამო, რომ ავადაა

30.05.2017 • 10919
სიმონ ჯანაშია: გამოცდების ბარიერის აწევა ჰგავს იმას, ავადმყოფი დასაჯო იმის გამო, რომ ავადაა

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდებზე 11 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა. ცენტრის ინფორმაციით, შესაძლებელია ეს ციფრი დაზუსტების შემდეგ შეიცვალოს. ამის შემდეგ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის საატესტატო და ეროვნული გამოცდების ბარიერს აწევენ. მინისტრის აზრით, ყველა ატესტატის მქონე უმაღლესში არ უნდა აბარებდეს, რადგან ამით უმუშევრობის დონე იზრდება.

დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეთა შეფასების სისტემის ცვლილებაზე საუბრობს მინისტრის მოადგილე ლია გიგაურიც, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებული იდეები მხოლოდ ზეპირია და ამ ცვლილებებთან დაკავშირებით რაიმე ხელჩასაჭიდი დოკუმენტი არ არსებობს.

განათლების მკვლევარის სიმონ ჯანაშიას აზრით, ცვლილება მიზანს უნდა ემსახურებოდეს, ბარიერის აწევის მიზანი კი არ ჩანს.

„თუ მიზანი მხოლოდ ის არის, რაზეც მინისტრი საუბრობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები აბიტურიენტი წავიდეს უმაღლესში, ესეც გაუგებარია, რადგან განათლების მიზანი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება ბევრმა დაამთავროს სკოლა. ვინ წავა უმაღლესში და ვინ პროფესიულ სასწავლებელში, ეს პიროვნების არჩევანი უნდა იყოს. მინისტრის საუბრებში რასაც ვისმენთ, გამოდის, ერთადერთი პასუხისმგებელი ამ შედეგებზე მოსწავლეა და არა განათლების სისტემა“.

ბარიერის აწევის საფუძვლად ალექსანდრე ჯეჯელავას გერმანიის მაგალითი მოჰყავს. მისი თქმით, „გერმანიაში 12 კლასის ატესტატს მოსწავლეების 30 პროცენტი იღებს, ჩვენთან კი 80 პროცენტი. საქმე ის არის, რომ  ატესტატი და უმაღლესი განათლება არის განსაკუთრებით მოტივირებული და განსაკუთრებით მონდომებული ბავშვებისთვის“.

სიმონ ჯანაშიას აზრით კი, ამ შემთხვევაშიც გერმანიის მაგალითის მოყვანა არასწორია, რადგან გერმანიას თავისი მიზნები და მიღწევები აქვს, საქართველოს კი სხვა.

„პირდაპირ სტატისტიკის აღება და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღება არასწორია. როცა მინისტრი საუბრობს უმუშევრობაზე, სწორედ უმუშევრობა იწვევს იმას, რომ ბევრი ადამიანი რჩება განათლებაში დიდხანს, იმისთვის, რომ თავისი უმუშევრობა გადაავადოს და შემდეგ, რაც შეიძლება მაღალი კვალიფიკაციით შევიდეს კონკურენციაში.

ამ პრობლემას განაპირობებს ის, რომ, მაგალითად, თანაშემწეს ადგილზე არ იღებენ მაგისტრატურა დამთავრებულზე ნაკლებს, მაშინ, როცა უცხოეთში სკოლადამთავრებულები მუშაობენ და მშვენივრად ართმევენ თავს. სწორედ ეს არის პრობლემა. სამუშაო ადგილები ცოტაა და ამიტომ მიდის უმაღლესში ხალხი, ეს დაახლოებით იმას ჰგავს ბიჭების გარკვეული ნაწილი ორჯერ რომ ამთავრებს მაგისტრატურას იმის გამო, რომ გადაავადოს ჯარში გაწვევა“.

სიმონ ჯანაშიას თქმით,  მინისტრის მოსაზრება, რომ „ყველა ატესტატიანი უმაღლესში არ უნდა ხვდებოდეს“, ვიღაცისთვის პრივილეგიის მიცემაა. სკოლის ფუნქცია კი არის არა გამოცდებზე შედეგების ჩვენება, არამედ მოქალაქეების აღზრდა.

„რაც უფრო ნაკლებ დროს გაატარებენ ბავშვები სკოლაში, ნაკლები შანსი ექნებათ, რომ ნორმალურ მოქალაქეებად აღიზარდონ. გამოცდების ბარიერის აწევა ჰგავს იმას, ავადმყოფი დასაჯო იმის გამო, რომ ავადაა. სისტემა არის ავად და მის მკურნალობაზე შემოაქვთ სასჯელები. როცა ერთადერთი ინსტრუმენტი ჩაქუჩია, ყველაფერი ლურსმნებად გეჩვენება. როცა პოლიტიკის ინსტრუმენტი მხოლოდ გამოცდებია, მაშინ ბარიერები „აგვარებს“ ყველაფერს“.

განათლების მინისტრის მხრიდან გაჟღერებული იყო ისიც, რომ სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად დამამთავრებელ კლასებში დიფერენცირებული სწავლება უნდა შემოვიდეს. თუმცა, სიმონ ჯანაშიას თქმით, ეს სისტემაც წარუმატებელია.

„დიფერენცირებულ სწავლებაზე გადასვლა ჩვენმა ქვეყანამ რამდენჯერმე სცადა. მეც ასეთი სკოლა დავამთავრე, მაგრამ ამას დადებითი შედეგები არ მოუტანია. დიფერენცირება მოტივაციას ვერ გაზრდის, თუ სკოლაში ცუდად გასწავლიან.

მეორე პრობლემა ის, რომ  დღევანდელი დასაქმება  მრავალმხრივ უნარებს მოითხოვს და  დამამთავრებელ კლასებში თუნდაც მათემატიკის უსწავლელობამ, შესაძლებელია ხელი შეუშალოს მოსწავლეს მომავალი ნაბიჯების დაგეგმვაში“.

სიმონ ჯანაშიას აზრით, დღეს მოსწავლეები ბევრ კარგ აქტივობას აკეთებენ სკოლაში, ქმნიან სადისკუსიო კლუბებს, იღებენ ფილმებს, თუმცა, ასეთი აქტივობები მათ არ უფასდებათ. საატესტატო ბარიერის გაზრდის შემთხვევაში კი, კიდევ უფრო შემცირდება შემოქმედებითი პროცესი სკოლებში და მოსწავლეები კიდევ უფრო მეტ დროს დაუთმობენ გამოცდების მომზადებას.

„განათლების მიზნებში ჩვენ გვიწერია, რომ გვინდა კანონმორჩილი და ტოლერანტი ადამიანის აღზრდა, მაგრამ როგორ ვაკეთებთ ამას?  დრო უნდა დავტოვოთ მაგალითად იმიტირებული სასამართლოებისთვის, დებატების კლუბებისთვის, ამას უნდა შევუწყოთ ხელი. ჩვენთან წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი ლარია დახარჯული მარტო გამოცდების შექმნა-ჩატარებაზე. ეს თანხა რომ დახარჯულიყო ახალბედა მასწავლებლების სკოლებში შეყვანაზე, ახალი სასწავლო გეგმების შემუშავებაზე,  ახალი მასალების, ელექტრონული წიგნების შექმნაზე, უამრავი რაღაცის გაკეთებაზე, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვებოდა სწავლაში.

არც უნივერსიტეტებს არ აძლევენ უფლებას, რომ თვითონ შეარჩიონ აბიტურიენტები ვთქვათ სკოლის ნიშნებით. ეს ყველაფერი საჭიროა საზოგადოების, სკოლების  კონტროლისთვის შექმნილი და ეს ყველაფერი არის რამდენიმე კაცის გადაწყვეტილება, რომლებიც კაბინეტებში სხედან. ეს გადაწყვეტილებები მომგებიანია პოლიტიკოსებისთვის და გამოცდების შემქმნელების პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, მათაც აწყობთ, რომ ასე იყოს, რადგან ამ სისტემის გარეშე არანაირი ძალაუფლება არ  ექნებათ. 2008 წელს როდესაც მე-12 კლასი ვერ დაამთავრეს არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებმა და კონკურსი იყო ძალიან დაბალი, გამოცდების ეროვნული ცენტრი ცდილობდა, რომ კონკურსი ხელოვნურად გაეზარდა და უნივერსიტეტებისგან ადგილების შემცირებას ითხოვდა“.

სიმონ ჯანაშიას შეფასებით, ბარიერის ზრდა და მხოლოდ გამოცდებზე ორიენტირებული სისტემა ეს არის ბიუროკრატიული ინტერესი, რომ „ამ სისტემის შემქმნელებს გაუხანგრძლივდეთ სამსახური და ჰქონდეთ ძალაუფლება, რომ უკარნახონ პირობები სკოლებს, უნივერსიტეტებს და ა.შ.“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: