მთავარი,სიახლეები

საია ირაკლი მიქელაძეზე: იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები

30.05.2017 • 3439
საია ირაკლი მიქელაძეზე: იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები

„იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები,“- ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე – გიორგი ხიმშიაშვილი ირაკლი მიქელაძის შემთხვევას. ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა 2016 წლის დეკემბრიდან, თუმცა არჩევიდან დღემდე ის საკრებულოს მხოლოდ ერთ სხდომას დაესწრო. გერმანიაში ყოფნის მიუხედავად, ირაკლი მიქელაძე ხელფასთან ერთად პრემიასაც იღებს, საწვავის ლიმიტსაც სრულად ითვისებს და სატელეფონო ხარჯიც აქვს.

„მიზანშეწონილია, ამ ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო ორგანოებმა დაიწყონ მოკვლევა, რათა დადგინდეს, რამდენად მიზნობრივად და სამართლებრივად სწორად გაიცა ბიუჯეტიდან თანხა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაწესებულების ხელმძღვანელს პრემია შეუძლია გასცეს მოხელის ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ხოლო, როცა პირი საერთოდ არ იმყოფება საქართველოში და ის იღებს პრემიას, შესაძლებელია აქ პირდაპირ საქმე გვქონდეს საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივ ხარჯვასთან, რაც სამოხელეო დანაშაულია“, – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

რას უნდა აკეთებდეს მსგავს სიტუაციაში საკრებულო, როცა ხელმძღვანელი პირი უფლებამოსილებას არ ასრულებს? – მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს, ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3 -ს უფლება აქვს ირაკლი მიქელაძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა დააყენოს. პირის თანამდებობიდან გადაყენებას კი საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა სჭირდება.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკრებულოს ნებისმიერ წევრს თავისუფალი მანდატი აქვს და უფლებამოსილების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი საკრებულოს წევრი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ იქნება ჩართული საკრებულოს მუშაობაში. 6 თვის გასვლამდე საკრებულოს მხოლოდ თანამდებობიდან კონკრეტული პირის გადაყენება შეუძლია.

„თუკი საკრებულო მოითხოვს თანამდებობიდან ირაკლი მიქელაძის გადაყენებას, ამ შემთხვევაში საფუძველი უნდა იყოს სავარაუდოდ მოვალეობის არაკეთილსინდისიერი შესრულება. კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე ცალკე რეგულაციები არ არსებობს. მიზანშეწონილია, როცა თანამდებობის პირებს აქვთ ანაზღაურება და განსაკუთრებული პრივილეგიები, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც მკაცრად იყოს განსაზღვრული კანონით,“ – ამბობს მირზა მამულაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: