მთავარი,სიახლეები

მერიამ ბათუმში დასარგავი ყვავილების რაოდენობა ასი ათასით შეამცირა

30.05.2017 • 5102
მერიამ ბათუმში დასარგავი ყვავილების რაოდენობა ასი ათასით შეამცირა

მერიის გამწვანების სამსახური მიმდინარე წელს 180 ათასი ლარის ყვავილების დარგვას გეგმავს. ნაწილი დაირგო თუმცა, საგრძნობლად შესამჩნევია, რომ  სკვერებში წინა წელთან შედარებით, ნაკლები ყვავილებია. გამწვანების სამსახურში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ერთწლიანი ყვავილების რაოდენობა ქალაქში წელს 100 ათასი ერთეულით შეამცირეს. რატომ შეამცირეს ყვავილების რაოდენობა და რა ცვლილება იგეგმება „იუნკერების სკვერში“? – მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი, ლევან ჭანუყვაძე „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.

ბატონო ლევან, მიმდინარე წელს რამდენი ერთწლიანი ყვავილი დაირგო და სად?

400 ათასი ძირი ყვავილი ირგვება, ამ დროისთვის მხოლოდ 250 ათასი ძირი გვაქვს დარგული და 150 ათასი მოსაწოდებელია კიდევ.

ყვავილები დავრგეთ „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის ქუჩაზე მთლიანად, ბაქოს ქუჩის დასაწყისში წრიულთან, კაჩინსკების ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ… მთელი ქალაქის მასშტაბით ვრგავთ. ძირითადად იმ ადგილებში, რასაც ვთვლით, რომ ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი ადგილებია.

დარჩენილი ნახევარი სად დაირგვება?

ძალიან ბევრი ადგილია, რომელი ერთი ჩამოვთვალო. იუნკერების სკვერში დავრგეთ, ამ სკვერის მთლიანად გადაკეთება გვინდოდა, მაგრამ წელს, ალბათ, ვერ მოვასწრებთ. მერიას შემუშავებული აქვს ახალი პროექტი და მთლიანად გადაკეთდება, პროექტის ღირებულება არ ვიცი, რადგან მერიამ მოამზადა, რა დაჯდება მისი განხორციელება არც ეს ვიცი. მერია ჯერ ისევ ეძებს სახსრებს, თუ საიდან უნდა დაფინანსდეს.

რა შეიცვლება ამ სკვერში?

განსხვავება ის იქნება, რომ სკვერი ამაღლდება, რადგან ახლა ხშირად დგება წყალი და მცენარეების დარგვასაც აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მოვითხოვეთ მისი რეკონსტრუქცია. ათასობით კუბამეტრი მიწა უნდა შევიდეს და ამაღლდეს. მოეწყობა თანამედროვე პარკი თავისი ინფრასტრუქტურით, – განათებით, ახალი სკამებით, გამწვანებით და ა.შ. გამწვანებაც დაახლოებით 200 ათასი ლარი დაჯდება. მომავალი წლისთვის  შევძლებთ ალბათ ამის განხორციელებას.

ის ერთწლიანი ყვავილები, რომლებიც ირგვება ბათუმში, უცხოეთიდან შემოდის, თუ საქართველოში გამოჰყავთ?

საქართველოში გამოყვანილი ყვავილებია, ტენდერს ვაცხადებთ და თითო შემოტანაზე 50-50 ათასი შემოაქვთ. უცხოეთში თესლს ყიდულობენ და აქ გამოჰყავთ. ბოლო პერიოდში უფრო გააუმჯობესეს გამოყვანა. უბრალოდ, ერთი ყვავილი – „სალვია“ ჰქვია, შედარებით პრობლემურია, ძალიან ლამაზია, მაგრამ მცირე ხნით ყვავილობს.

შარშან რა რაოდენობის ყვავილი დაირგო, უფრო მეტი იყო თუ ნაკლები?

შემცირებულია წინა წელთან შედარებით, დაახლოებით ასი ათასით მეტი იყო წინა წელს. რატომ შეგვიმცირეს, ვერ გეტყვით, რადგან მაშინ მე არ ვმუშაობდი ამ სამსახურში.

დარჩენილი ყვავილები რა ვადაში უნდა დაირგოს და სად?

11 ივნისამდე უნდა დავრგოთ.

რამდენი ხანი ყვავილობენ ეს მცენარეები?

მთელი ზაფხულის განმავლობაში უნდა იყვავილოს, თუმცა ყველაზე ცოტას „სალვია“ ყვავის.

კამელიების ხეივანი გაშენდა უკვე? რამდენი ძირი კამელია დაირგო?

კამელიები გორგილაძის ქუჩის გაგრძელებაზე დავრგეთ, დაახლოებით 35 ძირია. თავიდან ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, სულ გაყვითლდა, რადგან ტერიტორია იტბორებოდა. შემდეგ ჩავატარეთ გარკვეული სამუშაოები და ახლა უკვე გამწვანებულია. თუმცა, ჯერ ის ეფექტი არ არის, რაც წესით უნდა იყოს.

„სალვია“

„სალვია“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: