რა გამოავლინა ექსპერტიზამ – „ბათუმის აქციის საქმე“



„აი, თუ არ წერია ექსპერტიზის დასკვნაში ის, რასაც ვამბობდით,“ – მიმართა ადვოკატებს პროკურორმა რამაზ შავაძემ, ვიდრე მოსამართლე სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა. პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგინა.

სხვადასხვა მიმართულებით დანიშნული ექსპერტიზიდან ამ ეტაპზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა დაიდო. ექსპერტებმა ამ შემთხვევაში ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები შეისწავლეს, სადაც ბრალდებულები არიან დაფიქსირებული.

„95 პროცენტ შემთხვევაში ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ბრალდებულები არიან დაფიქსირებული ვიდეოკადრებში“, – ამბობს პროკურორი რამაზ შავაძე.

ექსპერტიზის დასკვნა ამ კუთხით ჯერ არ მომზადებულა მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას შემთხვევებზე. მათ „ბათუმის აქციის საქმეში“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. პროკურორების თქმით, შესასწავლი მასალა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე გაგზავნილია.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ ამ ეტაპზე ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის საკითხის განხილვა გადადო. მან ადვოკატების პოზიცია გაიზიარა, რომლებმაც თქვეს, რომ ექსპერტიზის დასკვნების გასაცნობად მათ დრო არ ჰქონდათ და პოზიციებს ვერ დააფიქსირებდნენ.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ ბრალდებულებს დღეს კიდევ ერთხელ ჰკითხა: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. შეკითხვას 8 ბრალდებულიდან მხოლოდ ერთმა, მინდია ბერიძემ უპასუხა: „დიახ, დამნაშავე ვარ“.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებული პირი წარდგენილ ბრალს აღიარებს.

მინდია ბერიძე სასამართლო სხდომას პირველად ესწრება. აქამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოში ვერ ცხადდებოდა.

დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებული, გოდერძი გორგილაძე ყავარჯნით მოვიდა. ადვოკატ ზაზა პაპიძეს მან უთხრა, რომ ავადმყოფობდა და ამიტომ დასჭირდა ყავარჯნები. ადვოკატი მის მონახულებას ციხეში ხვალისთვის აპირებს.

ჯგუფური ძალადობა და პოლიციელებზე თავდასხმა კიდევ 11 პირს ედება ბრალად, მათგან ორი არასრულწლოვანია.

IMG_20170529_145410

 

IMG_20170529_150658

IMG_20170529_150556

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი