მთავარი,სიახლეები

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტო: ველობილიკზე ქვეითების გადაადგილება არ შეიძლება

29.05.2017 • 3761
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტო: ველობილიკზე ქვეითების გადაადგილება არ შეიძლება

ბათუმში, ახალშეღებილ ველობილიკზე, დღეს, 29 მაისს, მოქალაქე წაიქცა. შემთხვევა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. ველობილიკზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება არ შეიძლება, თუმცა მოქალაქეები მაინც დადიან. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ველობილიკზე არც საბავშვო ეტლის გადაადგილებაა ნებადართული.

„ის მოქალაქე, რომელიც ველობილიკზე დაეცა, რამდენჯერმე გააფრთხილეს. ველობილიკზე, გარდა იმისა, რომ შემოსაზღვრულია ლენტებით, ადგილზე მანქანა მუშაობს, რომელიც ღებავს ბილიკს, ამის მიუხედავად, ადამიანები მაინც ცდილობენ ბილიკის გადაკვეთას.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესაბამისად, არსებობს ცნება – ველოტრანსპორტი და ველობილიკი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ბილიკი ველოტრანსპორტისთვის არის განკუთვნილი და არა ქვეითად მოსიარულეებისთვის,“ – ამბობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გიგა ჩხეიძე.

ქალაქში ველობილიკებზე ზებრაგადასასვლელები მონიშნული არ არის. გიგა ჩხეიძე ამბობს, რომ ამ დეტალს სამომავლოდ გაითვალისწინებენ.

ამ დროისთვის, როგორც სააგენტოში გვეუბნებიან, ველობილიკები მთელი ქალაქის მასშტაბით იღებება. „დღეს უნდა მოვრჩეთ ყველა ბილიკის განახლებას. მოქალაქეები კი ყურადღებით უნდა იყვნენ. არის ადგილები, სადაც გამაფრთხილებელ ლენტს ვერ გააბამ, თუმცა მოქალაქეების პასუხისმგებლობაა ის, რომ ველობილიკზე ფეხით არ უნდა გადაადგილდნენ,“ – ამბობს გიგა ჩხეიძე.

ველობილიკებზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება არ შეიძლება

ველობილიკებზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება არ შეიძლება.

 

 

გადაბეჭდვის წესი