მთავარი,სიახლეები

აჭარაში ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების გამოვლენის პროექტი იწყება

29.05.2017 • 1934
აჭარაში ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების გამოვლენის პროექტი იწყება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების კრიტიკული ფორმების გამოსავლენად ახალი პროექტის განხორციელება იწყება. პროექტი ბათუმში არსებულ სამშობიარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს წარუდგინეს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია სკრინინგისა და მონიტორინგის დანერგვით ეფექტური გახადოს გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დროული მკურნალობა და გამოსავალი.

პროექტის ფაგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:
• შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი აქტები, პროტოკოლ-გაიდლაინები და სასწავლო-მეთოდური მასალა;
• ყველა სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკას გადაეცემა სკრინინგისათვის რეკომენდებული პულსოქსიმეტრი;
• გადამზადდება ყველა სამეანო სერვისის მიმწოდებელი კლინიკის ნეონატოლოგი, რათა ეფექტურად წარიმართოს ახალშობილთა პირველადი სკრინინგი;
• როგორც პროექტის ყველა ეტაპის, ასევე გულის თანდაყოლილი პათოლოგიის მქონე ბავშვების ტრანსპორტირების ეფექტური სქემა შეთანხმდება სახელმწიფოსა და კლინიკებთან;
• ახალშობილთა ტრანსპორტირებისათვის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება აღიჭურვება სატრანსპორტო კიუვეზით ინტეგრირებული ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატით;
• რეგიონებში ოპერაციის შემდგომ პერიოდში ბავშვის მდგომარეობის მართვასა და მონიტორინგს განახორციელებს ბავშვთა კარდიოლოგი.

პროექტის ეტაპები:
1. ახალშობილთა პირველადი სკრინინგი ყველა სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკაში პულსოქსიმეტრიის გამოყენებით;
2. პრობლემური ახალშობილის შუალედური დიაგნოსტიკა ბავშვთა კარდიოლოგის მიერ ექოკარდიოგრაფიის გამოყენებით;
3. გულის თანდაყოლილი მანკის დადგენის შემთხვევაში ბავშვის ტრანსპორტირება რეფერალურ კლინიკაში (ჯო ენის სამედიცინო ცენტრში);
4. ოპერაციის შემდგომი მეთვალყურეობა და მონიტორინგი.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს, „ფონდი ქართუსა“ და „როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის“ თანამშრომლობით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: