მთავარი,სიახლეები

გახდომის და გასუქების მსურველებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ზღვაზე ეპატიჟება

27.05.2017 • 4423
გახდომის და გასუქების მსურველებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ზღვაზე ეპატიჟება

„ჩამოდი აჭარაში და გქონდეს გახდომის იმედი,
შავი ზღვის სანაპიროზე, იარე ველოსიპედით“,

ეს ლექსი ერთ-ერთია იმ ოთხი სარეკლამო ლექსიდან, რომლითაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებს ზღვაზე ეპატიჟება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით თბილისში რამდენიმე ავტობუსის გაჩერებაზე (ჭავჭავაძის 44, ჭავჭავაძისა და ყიფშიძის კვეთა, სპორტის სასახლე) „ინტერაქტიული“ სასწორები დადგეს.  სასწორზე დადგომისას ადამიანებს სასწორი წონის ჩვენების  ნაცვლად შემდეგ ლექსებს უკითხავს.

„თუკი სასწორი იმედს გიცრუებს, არ ჩამოყარო მაინც ყურები.
აქ, აჭარაში შენთვის მზადდება, ცომგამოცლილი ხაჭაპურები“.

„თუ უმადობა გაშინებს და ვერ იმატებ წონაში,
იცოდე: ცურვა აშიებს ჩვენს საკურორტო ზონაში“

„როცა პრობლემა გაქვს წონის, ნუ დაჯდები დიეტაზე,
ამ დროს ერთი გზაა სწორი: – უმალ გამოსწიე ზღვაზე“.

„არაეთიკურია სრულიად და დისკრიმინაციული ეს სარეკლამო კამპანია. რა კავშირშია ჩემი შვებულება-დასვენება ჩემს წონასთან, რატომ მიფიქსირებს და რატომ აკავშირებს წონას  ზაფხულთან და დასვენებასთან. ვინ მისცათ ამის უფლება საერთოდ. მით უმეტეს სახელმწიფო სტრუქტურას როგორ მოსწონს ასეთი პიარკამპანია. დისკრიმინაციულია ეს და არა იუმორისტული. ის თანხა, რაც რეკლამაზე დაიხარჯა დეპარტამენტის მიერ არის არამიზნობრივად დახარჯული,“ – ამბობს რეკლამის სპეციალისტი ირა ჭელიძე.

მისივე თქმით, „მნიშვნელობა  არ აქვს გამხდარ თუ მსუქან ადამიანებზეა ეს ლექსები. ნორმიდან გადახვევას უსვამენ ხაზს. რაღაცა არ არის ნორმალური. შენ მე მიწესებ ე.ი. რაღაცა ნორმას. ამის უფლება საერთოდ ვინ მოგცა.  გამხდარი ვარ, ჭარბწონიანი ვარ, შენი რა საქმეა. რას ნიშნავს ნორმა? ვიცით რა არის ნორმა? ვინ დააწესა. ჩემს არასრულფასოვნებას უსვამ ხაზს ასეთი ტექსტებით.  მე თუ 90-60-90  არა ვარ ან ნაკლები ვარ ან მეტი ვარ ე.ი. უკვე არანორმალური ვარ და მთელი შვებულების განმავლობაში უნდა ვიშრომო, დავიტანჯო, ვიფიქრო, რომ რაღაცა მჭირს არანორმალური და ნორმაში უნდა ჩავდგე,“ – ამბობს ის.

სარეკლამო ტექსტებს დისკრიმინაციულად არ მიიჩნევს აჭარის  ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი.

„მე ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, ეს არის იუმორისტული. ჩემი განცდა არის ასეთი. ესე შეაფასა ეს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებმა, რომ ეს არის იუმორი და ეს არის ძალიან კარგი და არავითარ დისკრიმინაციაზე აქ საუბარი არ არის. სოციალურ ქსელში და არა მხოლოდ, ყველა საუბრობს იმაზე, რომ საზღვაო სეზონთან მიმართებაში ემზადებიან. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ ასეთი იუმორი ყოფილიყო ჩართული. იქ არ არის არავისზე მინიშნება, რომ ან სიმსუქნე ან სიგამხდრე არის რაღაც ტიპის პრივილეგია, ან რომელიმე არის ესთეტიური ან რომელიმე არაესთეტიური. პირიქით, ეს არის ძალიან პოზიტიური, ესთეტიური გადაწყვეტილება ამ ნაწილის. იუმორია თავიდან ბოლომდე და მოტივაცია შიდა ტურიზმის წახალისების კუთხით. პირიქით, ჯანსაღი ცხოვრების წესზე არის მოწოდება. ველოსიპედზე არის საუბარი. ველობილიკებსა და სპორტს ვუწევთ პოპულარიზებას.

პიარის სპეციალისტებმა დადებითად შეაფასეს. თუ ჩვენ გვინდა, რომ რაღაცა დისკრიმინაციული დავინახოთ,  შეგვიძლია ეგრე დავინახოთ ყველაფერი მაშინ,“ – ამბობს სულხან ღლონტი „ბათუმელებთან“.

მისივე თქმით, სარეკლამო ტექსტად გამოყენებული ლექსების ავტორი ახალგაზრდა პოეტია, რომელსაც ამ ეტაპზე თავისი ვინაობის გამხელა არ სურს.

„365 კილომეტრი ზაფხულამდე“ ამ სახელწოდების კამპანია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 15 მაისიდან დაიწყო. მისი მთავარი მიზანი შიდა ტურისტებში აჭარაში დასვენებისა და მოგზაურობის სტიმულირებაა. აღნიშნული რეკლამის ფარგლებში დედაქალაქსა და თბილისი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ზღვასთან ასოცირებული გრაფიკული გამოსახულებებით დაბრენდილი ბილბორდები განთავსდა. სარეკლამო კამპანიისათვის ბიუჯეტიდან 119 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

turizmi

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: