მთავარი,სიახლეები

187 235 ლარი არდაგანის ტბის გასაწმენდად

27.05.2017 • 3510
187 235 ლარი არდაგანის ტბის გასაწმენდად

„ბათუმის ბულვარი“ 187 235 ლარს გადაიხდის ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არდაგანის ტბის გაწმენდაში. ტბა რამდენიმე თვეა დაბინძურებულია, ბულვარის ადმინისტრაციამ კი ტენდერი მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ხელახალ ტენდერში კი ორი კომპანია მონაწილეობდა, ერთ-ერთთან ბულვარი ხელშეკრულებას გააფორმებს.

ხელახალ ტენდერში სს „ჰიდროენერგომონტაჟმა“ ბულვარს ტბის გაწმენდა 187 235 ლარად შესთავაზა, ხოლო ამხანაგობა „Brand Building Group“-მა – 186 999 ლარად.

სატენდერო კომისიამ ხელშეკრულების გასაფორმებლად „ჰიდროენერგომონტაჟი“ მიიწვია, ვინაიდან „Brand Building Group“-ს დისკვალიფიკაცია მისცეს, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

სატენდერო თანხა 189 810 ლარი იყო. ხელახალი ტენდერი 24 მაისს დასრულდა და კომპანიას 5 სამუშაო დღე აქვს  ხელშეკრულების გასაფორმებლად.


ბათუმში, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია მოწყობილი და აქამდე მიიჩნეოდა, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო  ადგილი იყო, ფაქტობრივად, დაჭაობებულია. ტბის ირგვლივ მძაფრი სუნი და ნაგავი ტბაში რამდენიმე თვეა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

189 ათას 810 ლარზე გამოცხადებულ პირველ ტენდერში ერთადერთი კომპანია – „მარეთი 777“ მონაწილეობდა, რომელმაც ბულვარს ტბის გაწმენდა 160 ათას 7 ლარად შესთავაზა. კომპანიას ბულვარის სატენდერო კომისიამ 17 მაისს, დისკვალიფიკაცია მისცა, მიზეზად კი მიუთითა, რომ კომპანიამ ვერ წარმოადგინა „გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები“.

ასეთი ინფორმაციის წარდგენა „ბულვარმა“ ტენდერის მოთხოვნაში თავიდანვე ჩადო. ეს კი გულისხმობდა, რომ ტენდერში ვერავინ გაიმარჯვებდა, თუ ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ანალოგიური შინაარსის [ტბის გაწმენდა] სამუშაო არ ექნებოდა შესრულებული. თანაც, ეს სამუშაო 2014 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის 5 მაისამდე უნდა ყოფილიყო შესრულებული.

მეორე ტენდერის დროს მერიამ ეს პირობები ცოტათი შეარბილა. მოთხოვნაში ამჯერად გამოცდილება დარჩა, თუმცა შესრულებული სამუშაოს ღირებულება შემცირდა 250 ათას ლარამდე. თუმცა, გაიზარდა სამუშაოს ვადები. 30 დღის ნაცვლად, გამარტივებულ ტენდერში გამარჯვებულმა ტბა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა გაწმინდოს.

სს „ჰიდროენერგომონტაჟის“ გამოცდილების შესახებ, თუ სხვა ტექნიკური დოკუმენტაცია ამ დრომდე ატვირთული არ არის შესყიდვების გვერდზე, თუმცა ბულვარის სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ამ კომპანიის ფასიც და ტექნიკური დოკუმენტაციაც აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს და მოწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ardaganis-tbaa

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: