ხელოვნება მუზეუმიდან ქუჩაში

 

21-27 ივნისს, ერთი კვირის განმავლობაში, 18 ფრანგი და 6 ქართველი არტისტი ბათუმის ქუჩებში კედლებს ხატავდნენ. ფესტივალის შემდეგ ბათუმში მოხატული კედლები, კრეატიული ნამუშევრები და ახალი ტურისტული მარშრუტი – „სტრიტ არტ ტური“ დარჩა. 

 

 

„მიმაჩნია, რომ ბათუმი უკვე თუნდაც საქართველოსა და ამიერკავკასიაზე 30 წლით წინ წავწიეთ თანამედროვე ხელოვნებაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ფესტივალის ორგანიზატორმა და ბათუმში პირველი თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელმა გელა წულაძემ.

 

„სტრიტ არტ ფესტივალი“ არტსტუდია „DOT COMMA“-ს მიერ იყო ორგანიზებული. თანამედროვე ხელოვნების ცენტრის განვითარების მენეჯერი მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც  მაღალ დონეზე გაკეთდა სტრიტარტი.

 

 

„სტრიტ არტი, რაც მივიღეთ არის ძალიან მაღალი მხატვრული ღირებულების. მე არა ერთ კრიტიკოსს ვესაუბრე, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს არ არის ორდინალური საქართველოსთვის, ეს არის ძალიან კოსმოპოლიტური პრინტები, არა ლოკალური მნიშვნელობის, არამედ საერთაშორისო. მასშტაბური აზროვნების ხარისხიანი პროდუქტი მივიღეთ,“ – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

 

 

მისივე თქმით, ფესტივალის დასრულების შემდეგ ქალაქში გაჩნდა ახალი ტურისტული მარშრუტი – „სტრიტ არტ ტური“.

 

 

„ტურისტული თვალსაზრისით ბათუმი გამრავალფეროვნდა, იმიტომ, რომ ტურისტებს დახვდათ `სტრიტ არტ მარშრუტი“. ამ პროექტმა ასევე  ქართველი და ფრანგი არტისტების დაახლოებას და მჭიდრო  თანამშრომლობას შეუწყო ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში ამ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ კიდევ დაგეგმონ საქართველოში პროექტები და განახორციელონ. ბათუმში აქტიურად ვითარდება ურბანული ხელოვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნება მუზეუმიდან და ჩაკეტილი სივრციდან გადმოდის ქუჩაში. მომხმარებელი ხდება ყველა ადამიანი,  არა ის, ვინც მუზეუმში მიდის, არამედ ნებისმიერი გამვლელი,“ – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

 

 

„ფესტივალი კარგია განვითარებისთვის, კონტაქტებისთვის. კონტაქტი გვაქვს უცხოელებთან. ხედავ, ვინ რას აკეთებს და უფრო ახლო კონტაქტი გაქვს მსოფლიოსთან. სტიმული გაქვს, რომ რაღაც აკეთო. რაც მოგვწონს, იმას ვხატავთ, ეს არის  თავისუფალი ფესტივალი,“ – ამბობს ფესტივალის მონაწილე მხატვარი თამუნა წახნაკია.

 

 

კითხვაზე, რას ელოდნენ და რამდენად გაამართლა ფესტივალზე მიღებულმა საბოლოო შედეგმა მოლოდინი, გელა წულაძე პასუხობს:

 

 

„მოლოდინი იყო, რომ მოსახლეობა ამას შეხვდებოდა სიხარულითა და  სიყვარულით. ეს მოლოდინი გამართლდა. სადაც მივედით დასახატად, მოსახლეობა ყველგან გამოვიდა, დაგვეხმარა, ხან გვაჭამა, ხან ლუდი დაგვალევინა,  ხან რაღაცა გვთხოვა, ვიღაცები იმ ზომამდე მივიდნენ, რომ ჩვენი შენობის „არკა“ მოგვიხატონო, გვთხოვეს. ჩემი მოლოდინი ფესტივალმა გაამართლა,“ – ამბობს გელა წულაძე.

 

 

„სტრიტ არტ ფესტივალი“ 27 ივნისს დასრულდა, იმ დღეს, როდესაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი მიუძღვნეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, საქართველოს დასავლურ კურსსა და საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი