მთავარი,სიახლეები

მუხა, რომელსაც მეპატრონე 200 ათასად ყიდის

25.05.2017 • 6626
მუხა, რომელსაც მეპატრონე 200 ათასად ყიდის

როცა ხელვაჩაურელი  ჯაფარიძეები სუფრასთან სხდებიან,  პირველ სადღეგრძელოს იმ მუხის ფესვებისას სვამენ,  რომელიც რამდენიმე საუკუნეა ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეებში,  დოლაბიკარის უბანში დგას.

მუხა მევლუდ ჯაფარიძეს და მის ოჯახს ეკუთვნის. სოფელში ამბობენ, რომ იანვარში  ამ ხით  ხეების ცნობილი გადამზიდავი,  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. ოჯახი მუხას ყიდის.

„რვა საუკუნეა ეს ხე აქ დგას. ახალი წლის მერე იყვნენ მოსულები, დაათვალიერეს, ბიძინას უნდაო და თვითონაც მოვა სანახავადო. გაზომეს – 25 მეტრია სიმაღლეში, 4,7 აქვს დიამეტრი. მთელს აჭარაშია ცნობილი ჩემი მუხა. მარტო ხეს ვერ წაიღებენ, სახლის ქვეშ აქვს ფესვები. გადავწყვიტე გავყიდო. ორასი ათასი ღირს ჩემი მუხა,“ – უთხრა მევლუდ ჯაფარიძემ „ბათუმელებს“.

IMG_0021 (Copy)

როგორც ჯაფარიძეები ამბობენ, მუხა სოფლისთვის ერთგვარი სიმბოლოა. „მუხაობა“ – ასეთი დღესასწაულიც კი დააწესეს და ყოველი წლის პირველ სექტემბერს აღნიშნავენ. იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი ხეს წაიღებს, ჯაფარიძეების სახლი უნდა დაინგრეს.

„დედაჩემს მოუსმენია,  ჭიშკართან საუბრობდნენ ივანიშვილის წარმომადგენლები.  სახლის დანგრევაზე ლაპარაკობდნენ თურმე. დავანგრევთ და როგორსაც მოითხოვენ, ახალს ავუშენებთო, “- ამბობს მევლუდის შვილი რაულ ჯაფარიძე.

იმის გამო, რომ მუხა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დგას, გარდა ჯაფარიძეებისა, მეზობლად მდგარი სახლებისთვისაც შეიძლება აღმოჩნდეს საზიანო მისი ფესვიანად ამოთხრა. ამასთან მეორე საკითხია გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ხის ტრანსპორტირება. ხიდი, რომელიც სოფელს ხელვაჩაურთან აკავშირებს, მხოლოდ 25 ტონას უძლებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ  ამის აღმნიშვნელი ფირნიში ხიდზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ივანიშვილის წარმომადგენლები მუხით დაინტერესდნენ. სოფელში გავრცელებული ვერსიით, მუხის მდინარე ჭოროხამდე მიტანა იგეგმება. ჭოროხიდან შავი ზღვის გავლით კი შესაძლოა ივანიშვილის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში მოხვდეს.

როდის წაიღებს ან წაიღებს თუ არა ივანიშვილი მუხას, სოფელში ჯერ არ იციან.

IMG_0009 (Copy)

კიდევ ერთი ხე, რომლითაც ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული ბათუმში, ანგისის დასახლებაში დგას. 100 წლის კაკლის ხე ხეჩინაშვილების ოჯახის საკუთრებაა.

„ორი ჯიპით მოვიდნენ, თვითონ ივანიშვილი იყო და მებაღეები ახლდნენ თან. ნახა კაკალი, მოეწონა, მაგრამ ყიდვით ჯერ არ უყიდია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კაკლის მეპატრონემ ლუიზა ხეჩინაშვილმა.

ხეჩინაშვილების კაკალი 100 წლისაა. ლუიზა ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ხე ყოველწლიურად დაახლოებით 100-დან 200 კილოგრამ ნაყოფს ისხამს.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხეების ძირფესვიანად ამოღება და შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში გადატანა 2016 წლის მარტში დაიწყო. ციხისძირიდან, ქობულეთიდან, ურეკიდან ხეები ინტენსიურად გადააქვთ.

 

კაკლის ხე ანგისაში

კაკლის ხე ანგისაში

 

IMG_0011 (Copy)

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: