მთავარი,სიახლეები

რა ღირს ცხენით გასეირნება ბათუმის საცხენოსნო კლუბში

25.05.2017 • 9036
რა ღირს ცხენით გასეირნება ბათუმის საცხენოსნო კლუბში

ხვალ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სამტრედიის იპოდრომზე საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ბათუმის საცხენოსნო კლუბის ექვსი ცხენი მიიღებს: სამი – დოღში და სამი – დაბრკოლებათა გადალახვაში. წელს საქართველოში, ეს პირველი საცხენოსნო შეჯიბრება იქნება, მასში მონაწილეობას რეგიონების საუკეთესო ცხენები მიიღებენ.

საცხენოსნო კლუბი აეროპორტის გზატკეცილზე, #253- ში, 7 044 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს. საცხენოსნო კლუბის დირექტორი ამჟამად ბექა ხაბაზია.

ბათუმის საცხენოსნო კლუბი 2013 წელს ჩამოყალიბდა, ამ დროიდან მოყოლებული კლუბი  აქტიურად მონაწილეობს რეგიონალურ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებსა და კონკურსებში: გასულ წელს კლუბი კავკასიის ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა, ცოტა ხნის წინ კი, 29 აპრილს, ბაქოში ჩატარებულ საცხენოსნო შეჯიბრში ბათუმის საცხელოსნო კლუბმა საპრიზო ადგილი აიღო.

4

1

 გულნარა კაკაბაძის ფოტო

გულნარა კაკაბაძის ფოტო

 გულნარა კაკაბაძის ფოტო

გულნარა კაკაბაძის ფოტო

ამ ეტაპზე საცხენოსნო კლუბში სულ 12 ცხენია, ამათგან ექვსი – საცხენოსნო სკოლის და ექვსი სპორტული ცხენი, რომლებიც  მონაწილეობენ შეჯიბრებებში.

კლუბში სააბონენტო სისტემა, ერთჯერადი გასეირნება და ცხენოსნობის შემსწავლელი კურსები ფუნქციონირებს. თვის განმავლობაში 12 გაკვეთილის ღირებულება 180 ლარია, ხოლო გასეირნება ერთი საათით – 20 ლარი. ასევე მოქმედებს ფასდაკლება ტურისტული ჯგუფებისთვის.

საჯინიბო. გულნარა კაკაბაძის ფოტო

საჯინიბო. გულნარა კაკაბაძის ფოტო

ბათუმის საცხენოსნო კლუბის მიერ მოპოვებული ჯილდოები. გულნარა კაკაბაძის ფოტო

ბათუმის საცხენოსნო კლუბის მიერ მოპოვებული ჯილდოები. გულნარა კაკაბაძის ფოტო

საცხენოსნო კლუბში ხუთი ადამიანი მუშაობს,  სამი მეჯინიბე და ორი საერთაშორისო დონის პროფესიონალი სპორტსმენი – გიორგი ჩხარტიშვილი და გიორგი ძინძიბაძე.

გიორგი ძინძიბაძე საცხენოსნო კლუბის მთავარი მწვრთნელია. მისი თქმით, საცხენოსნო კლუბს ბევრი სტუმარი ჰყავს, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე:

„ცხენოსნობა ტურისტებს შორის აქტუალური თემაა, ისინი აქ სხვადასხვა მიზეზის გამო მოდიან: ზოგი ფოტოს გადასაღებად, (ხშირად ეს საქორწინო თემის ფოტოებია), ზოგი სავარჯიშოდ, ზოგიც – გასართობად.

ზაფხულში განსაკუთრებით ბევრი ტურისტია, ამჟამად  ტურისტულ სააგენტოებთან მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და შესაბამისად, მომსვლელიც ბევრია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი კლუბის ხშირი სტუმრები ბავშვები არიან. იყო ისეთი შემთხვევაც, ბავშვმა პირველი სიტყვა აქ, საცხენოსნო კლუბში თქვა და ეს სიტყვა ცხენის სახელი – „ბინგო“ იყო.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აჭარაში მხოლოდ ჩვენ გვაქვს ლიცენზია იპოთერაპიაში, რაც საშუალებას გვაძლევს მოვემსახუროთ ცერებრალური დამბლის დიაგნოზის, დაუნის სინდრომის მქონე და აუტისტ ბავშვებს.  ახლა 30 ბავშვთან ვმუშაობთ. უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული გვაქვს, მწვრთნელები ბავშვებს გვერდით ჰყავთ, ისინი აკონტროლებენ სიტუაციას“.

ამჟამად საცხენოსნო კლუბის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას ტერიტორიის საკითხი წარმოადგენს. ეს საკითხი ბათუმის მერიის და აჭარის ფინანსთა სამინისტროს შეთანხმებით უნდა გადაწყდეს, რადგან კლუბი მერიის ბალანსზეა, ტერიტორია კი სამინისტროს ეკუთვნის. გიორგი ძინძიბაძის თქმით, იმის გამო, რომ ტერიტორია არ ეკუთვნის საცხენოსნო კლუბს, არ აქვთ იპოდრომი, რომელსაც მინიმუმ 1200 მეტრი ფართობი სჭირდება.

ამ ეტაპზე ბათუმის საცხენოსნო კლუბის ბიუჯეტი 180 ათას ლარს წარმოადგენს. კლუბს მერია აფინანსებს. საშუალოდ, თვეში ერთი ცხენის შენახვისთვის, სასკოლო ცხენის შემთხვევაში – 200, ხოლო სპორტული ცხენის შემთხვევაში 400-450 ლარია საჭირო.

საცხენოსნო კლუბის ტერიტორია. გულნარა კაკაბაძის ფოტო

საცხენოსნო კლუბის ტერიტორია. გულნარა კაკაბაძის ფოტო

 

გადაბეჭდვის წესი