მთავარი,სიახლეები

სად არის ყველაზე სუფთა ზღვა აჭარის პლაჟზე

25.05.2017 • 7300
სად არის ყველაზე სუფთა ზღვა აჭარის პლაჟზე

„აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია,“ – აცხადებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში. ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამა აპრილში დაიწყო. სამმართველოს ცნობით, საბანაო სეზონის მიმდინარეობისას თვეში სამჯერ იგეგმება წყლის შემოწმება.

„სინჯებს ვიღებთ რვა წერტილში, მთელს პერიმეტრზე. ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან, რომელსაც ტენდერით აქვს ეს სამუშაო აღებული. მაისში უკვე სამჯერ შევამოწმეთ ზღვის წყალი. კვლევები კეთდება ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებზე, ოქროსფერ სტაფილოკოკებზე, პათოგენურ მიკროორგანიზმებზე და ასე შემდეგ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია და ბანაობა უსაფრთხოა,“ – ამბობს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი, ნუგზარ პაპუნიძე.

მისივე თქმით,  მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ყველაზე კარგი მაჩვენებელი არის გონიო-კვარიათის პლაჟზე, ასევე, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, თუმცა ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია სხვა ადგილებშიც.

ბათუმის სანაპირო ზოლში მაჩვენებლების მიხედვით ყველაზე პრობლებურ ადგილად რჩება ბარცხანაში მდებარე პლაჟი. მაგალითად, ბარცხანაში ნაწლავის ჩხირის მაჩვენებელია 7 000, მაშინ როცა კვარიათში იგივე მაჩვენებელია – 2 400. ნორმა კი 10 000-ა.

„ბარცხანაში ზღვას უერთდება მდინარე. შენაკადებს ატმოსფერული ნალექების დროს  ჩამოაქვს ნატანი და ეს პერიმეტრი სხვა ადგილებთან შედარებით უფრო დაბიძურებულია, თუცა ნორმის ფარგლებში,“ – ამბობს  ნუგზარ პაპუნიძე.

მისი განმარტებით, გასულ წლებთან შედარებით ბათუმის პლაჟებზე ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესდა, რისი მიზეზიც ბათუმში მიმდინარე საკანალიზაციო სამუშაოებია. ამ სამუშაოების შედეგად ქალაქის ტერიტორიაზე საკანალიზაციო წყლების ზღვაში ჩაღვრა გაწმენდის გარეშე აღარ უნდა მოხდეს. სამუშაოები 2019 წელს უნდა დასრულდეს.

ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, რომ ზღვის წყალი ყველაზე სუფთა აპრილ-მაისში და სექტემბერშია:

„ბუნებრივი პროცესია, როცა წყალი თბება, მიკრობიოლოგიური პროცესების გააქტიურება იწყება, წყალი იცვლის ფერს, იმატებს ტემპერატურა. მაგალითად, დილით რომ გავდივართ ზღვაზე და ვამბობთ, რომ სუფთაა წყალი, ეს იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურა დაბალია ჯერ და ამიტომ გვგონია, რომ წყალი უფრო სუფთაა. ტემპერატურა როგორც კი მოიმატებს, მაგალითად, შუადღის 2-3 საათზე, წყალი უკვე სხვა ფერის ხდება და გვგონია, რომ ბინძურია, თუმცა ასე არ არის.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: