მთავარი,სიახლეები

ტარიელ ნაკაიძე ISIS-ის სავარაუდო მუქარაზე: სამართალდამცავებს არ გამოვუკითხივარ

24.05.2017 • 2977
ტარიელ ნაკაიძე ISIS-ის სავარაუდო მუქარაზე: სამართალდამცავებს არ გამოვუკითხივარ

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ დღეს ინტერნეტმედიაში ISIS მიერ მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარაზე ჟურნალისტებისგან შეიტყო. on.ge-ს ინფორმაციით, სავარაუდო მუქარის თაობაზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ხოლო მუქარის ადრესატები ტარიელ ნაკაიძესთან ერთად, სხვა მუსლიმი სასულიერო პირები არიან.

ტარიელ, სავარაუდო მუქარის შესახებ მედიიდან გაიგეთ, თუ სხვა წყაროებიდანაც გაქვთ ინფორმაცია? რამდენად რეალური გგონიათ ISIS-ის მუქარა, თქვენი ფოტოების გავრცელება?

სიმართლე გითხრათ, დღეს გავიგე ამ მუქარის შესახებ. მაგრამ მსგავსი მუქარები რომ იყო, ადრეც მითქვამს. ამიტომ მე ამას  სერიოზულ შეფასებას ვერ მივცემ. არამგონია, ამ თვალსაზრისით დიდი რამე ხდებოდეს.

ფოტოები არ მინახავს. ჟურნალისტებმა გამომიგზავნეს. რა წყაროთი მოიპოვეს, დიდად არ დავინტერესებულვარ. ეს ფოტოები ფეისბუქის გვერდზე დევს. ადრეც იყო მსგავსი რაღაცები, თითქოს ყელს გჭრიან – ასეთ ფორმაში დამონტაჟებული სურათები იყო.

ადრე რა ტიპის მუქარები გქონიათ, ეს ISIS-ის უკავშირდებოდა?

ეს არასოდეს ყოფილა დამალული, საიდანაც მოდიოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ჩვენ სამიზნე ამ მხრივ მანამ შეიძლება ვიყოთ, სანამ რაიმე სახის პრობლემებზე ვისაუბრებთ იმ სახით, რა სახითაც ვსაუბრობთ. ეს, პრაქტიკულად, სერიოზულად უშლით ხელს მომხრეების გადაბირების თვალსაზრისით. განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთა მიმართაც უფრო მაღალია რისკი, რომ მანიპულაციის მსხვერპლი გახდნენ, ჩვენ ამ ახალგაზრდებს ვარწმუნებთ, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ზღვარგადასულობა, იარაღის ხელში აღება და კაცის მოკვლა. ამისათვის არსებობს დემოკრატიული ფორმა, რომლითაც შეიძლება მიხვიდე საბოლოო მიზნამდე, საკუთარი უფლებები დაიცვა ბოლომდე. ეს, რა თქმა უნდა, აწუხებთ მათ და ცდილობენ ეს გააჩერონ. ეს აპრობირებული ფორმაა. ამ მუქარას უფრო გამოიყენებენ მანიპულაციისთვის, უნდათ თქვან, რომ ჩვენ არ ვართ ნამდვილი მუსლიმები.

ამით შეიძლება რაღაც დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ. მთავარია, ჩვენ როგორ ვიბრძოლებთ ქვეყანაში რელიგიური უმცირესობებისთვის. რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, ამის ფარგლებში ყოველთვის ვისაუბრებ. ვინ რას იტყვის ჩვენზე, რომელი რელიგიის ადამიანი იქნება ან არარელიგიური, ვინ როგორი ფორმით დაგვემუქრება, ამას არ აქვს მნიშვნელობა.

თუ გამოგკითხეს სამართალდამცავებმა დღეს გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ?

არავის გამოვუკითხივარ. მე დღეს დილით ჩამოვფრინდი თბილისში. ადრე როცა მქონდა მსგავსი მუქარა – ორი წლის წინ ფეისბუქის ინბოქსში მომივიდა, მაშინ არ მიმიმართავს სამართალდამცავებისთვის.

არც ის ვიცი, თუ დაიწყო გამოძიება, შეიძლება ჩემზე არ საუბრობენ, სხვებს შეხვდნენ.  თუ შემეკითხებიან, მე, რა თქმა უნდა, დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: