კურორტ გოდერძიზე ბათუმიდან ვერტმფრენი იფრენს

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ახალი სეზონიდან ტურისტებს ვერტმფრენი მოემსახურება. ვერტმფრენის რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით სახელმწიფო სპეციალურ პროგრამაზე მუშაობს, რომლის განხორციელებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების სახით მოხდება.

„გოდერძი რიზორტის” ხელმძღვანელის, ზურა ჭურკვეიძის ინფორმაციით, ვერტმფრენი რეისებს კურორტის მიმართულებით ბათუმიდან განახორციელებს.  პერიოდულობა და ბილეთის ფასი,  მისი თქმით, ჯერ დადგენილი არ არის.

„ვერტმფრენი ბათუმიდან  გოდერძის მიმართულებით ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში დაინიშნება და ექვს ადამიანზე იქნება გათვლილი  (ერთი პილოტი, ხუთი მგზავრი).   რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებასა და გრაფიკს ამ დროისთვის დეტალები არ არის დაზუსტებული. ბილეთის საფასური საბაზრო ღირებულების შესაბამისი არ იქნება. ამ დროისთვის არც ის არის ცნობილი, თუ რა თანხა გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერტმფრენით მომსახურებისთვის, დეტალებზე ვმუშაობთ,“ – ამბობს ზურა ჭურკვეიძე.

ზურა ჭურკვეიძის ინფორმაციით ვერტმფრენი, რომელსაც სამთო-სათხილამურო კურორტი ტენდერით დაიქირავებს, ჩარტერულ რეისებსაც შეასრულებს და სამაშველო მომსახურებასაც უზრუნველყოფს.

„გარდა სპეცრეისებისა, მოთხოვნიდან გამომდინარე ჩარტერული რეისებიც შესრულდება, თუმცა სახელმწიფო სუბსიდირება ჩარტერულ რეისებზე არ გავრცელდება. დეტალებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ორ თვეში გახდება ცნობილი”.

ამ დროისთვის არც ის არის ცნობილი, სახელმწიფო სუბსიდირება ვერტმფრენით მგზავრობისას უცხოელი ტურისტებზეც გავრცელდება თუ არა.

 

fot

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი