მთავარი,სიახლეები

1,5 მილიონი ლარი ტექნიკისთვის აჭარაში გზების ხარისხის გასაკონტროლებლად

23.05.2017 • 1730
1,5 მილიონი ლარი ტექნიკისთვის აჭარაში გზების ხარისხის გასაკონტროლებლად

წლის ბოლოს შემაჯამებელი ანგარიშების მოსმენისას არასამთავრობო ორგანიზაციები შეუსრულებელი სამუშაოების გარდა უკვე დასრულებული პროექტების ხარისხზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ამ შენიშვნას განსაკუთრებით ხშირად ისინი გზებთან მიმართებაში გამოთქვამდნენ. უკვე რეაბილიტირებული გზების მოკლე დროში მწყობრიდან გამოსვლის ფაქტებზე მოსახლეობაც ხშირად საუბრობდა. გზების რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება.

პრობლემას აჭარის მთავრობაში არ უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ხელშეკრულების პირობები კომპანიებს შესრულებული სამუშაოს შემდეგ რეაბილიტირებული გზების სამი წლის განმავლობაში მოვლას ავალდებულებდა. რაც მოსახლეობის თქმით, არა პრობლემის მოგვარებას, არამედ გზებზე მუდმივ სამუშაო პროცესს და გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

ამ პრაქტიკის გათვალისწინებით,  აჭარის მთავრობამ საგზაო დეპარტამენტისთვის 1 მილიონ 500 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა შეისყიდა, ხოლო სპეცტანსაცმლისა და საგზაო ნიშნების დამზადებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 ათასი ლარია გამოყოფილი.

18676516_1507405739278974_1164299239_o
აჭარის გზების დეპარტამენტმა ხარისხის კონტროლის მიზნით შეიძინა დეფლექტომეტრის დანადგარი, რაც განსაზღვრავს ასფალტის საფუძვლის ტკეპნის კოეფიციენტს. ასევე ორი ერთეული შმიდტის ჩაქუჩი [განსაზღვრავს ბეტონის მარკიანობას] და 15 ერთეული თერმომეტრი, რაც ასფალტის ტემპერატურის განმსაზღვრელია.

გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, ეს ტექნიკა დეპარტამენტის ხარისხის კონტროლის სამსახურს დაეხმარება, რაც მომავალში რეაბილიტირებული გზების ხარისხზე აისახება.

გზების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საგზაო დეპარტამენტმა კიდევ ოთხი ერთეული თვითმცლელი, ორი მტვირთავ-ექსკავატორი და ხუთი პიკაპის ტიპის მაღალი გამავლობის ავტომობილი შეიძინა.

მთავრობის ინფორმაციით, ბათუმისა და ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგზაო ნიშნების დამზადება უკვე მიმდინარეობს, რომლებიც ბათუმისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსდება. წელს სულ 2000-ზე მეტი ახალი საგზაო ნიშნის დამზადება და განთავსებაა დაგეგმილი.

ტექნიკური ზედამხედველებისთვის, გზის მომვლელებისა და მექანიზატორებისთვის დეპარტამენტმა ახალი სპეცტანსაცმელიც შეიძინა.

ახალი ტექნიკა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ პატარაძემ დაათვალიერა.

 1,5 მილიონი ლარის ტექნიკა გზების ხარისხის კონტროლისთვის

1,5 მილიონი ლარის ტექნიკა გზების ხარისხის კონტროლისთვის


აჭარაში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზეც პრობლემებია. ამ გზების მოვლა-პატრონობა კი არც აჭარის მთავრობის და არც მუნიციპალიტეტების კომპეტენციაშია. ერთ-ერთი მაგალითი ქალაქ ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირია. 5 კილომეტრიანი ეს გზა, თავისი შესახვევებით წლებია მოუწესრიგებელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: