ქედაში, სოფელ პირველ მაისში, სამნიძეების ოჯახს მინიფერმა აქვს. ოჯახის დიასახლისი, დოდო სამნიძე წლებია წიწილების ბიზნესითაა დაკავებული. ყიდის კვერცს, წიწილებსა და ქათამს. ამბობს, რომ მისი ფრინველები ადგილზე მოყვანილი სიმინდით იკვებებიან და პროდუქტი, რასაც ქმნის, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია.
„30 დედალი მყავს , რომლისგანაც წიწილებს ვამრავლებ. მყავს ქათმებიც, რომლებსაც ვყიდი. ქათმებსა და წიწილებს ხშირად ტურისტები ყიდულობენ, ერთ დედალში 30 ლარს მიხდიან, კვერცხში – 0,50 თეთრს, წიწილაში კი – 15 ლარს. ადგილზე ვუსუფთავებ, რაშიც დამატებით სამ ლარს მაძლევენ. ტურისტების გარდა ბათუმიდანაც ამოდიან მყიდველები, ბავშვებისთვის წიწილები მიაქვთ, რადგან მე ქათმებსა და წიწილებს ადგილზე მოყვანილი სიმინდით ვზრდი,“ – ყვება დოდო სამნიძე.
იგი ამბობს, რომ წიწილების ბიზნესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. წელს სამნიძეები ბიზნესის განვითარებასაც გეგმავენ:
„დამატებით ოთახი მოვაწყვე, თბილი და შეკრული ოთახია, რაც საშუალებას მომცემს შემოდგომაზეც ვამრავლო ქათამი,“ – ამბობს დოდო სამნიძე.
მეფრინველეობა სამნიძეების ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არ არის. ოჯახს მაყვალი მოჰყავს, გარდა ამისა, ხილიდან არაყს ხდიან და ყიდიან.