მთავარი,სიახლეები

შავი ზღვის დიაგნოზი – ახალი ფაქტები ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან

23.05.2017 • 30676
შავი ზღვის დიაგნოზი – ახალი ფაქტები ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან

შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური კვლევის პირველადი შედეგები უკვე ცნობილი გახდა. ზღვის მონიტორინგი გასულ წელს პროექტის EMBLAS-ის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ჩაატარა. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი ახორციელებს.

[red_box] შავ ზღვაში ჟანგბადის სფერო შემციდა [/red_box]

პროექტ EMBLAS-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ნეგატიური ტენდენცია, რაც კვლევამ დაადასტურა, შავ ზღვაში ჟანგბადის სფეროს კიდევ უფრო შემცირებაა. შავ ზღვაში ჟანგბადით მდიდარი ზედა ფენის ქვემოთ, სიღრმისეულ ფენებში ზღვის წყალი უჟანგბადოა, რომელიც გაჯერებულია წყალში გახსნილი გოგირდწყალბადით. ზღვის უმეტესი და უმთავრესი ბინადრები (დელფინები, თევზები და სხვა) ზემო, ჟანგბადით მდიდარ ზღვის წყალში ბინადრობენ და თუ ეს ფენა მცირდება – მცირდება მათი საარსებო სივრცეც.

“უჟანგბადო წყლის ზონა იწყება 90-160 მეტრი სიღრმიდან და შეადგენს ზღვის სრული მოცულობის დაახლოებით 87%-ს. ბოლო 20 წლის განმავლობაში გოგირდწყალბადის ფენა 20-25 მეტრით აიწია”, – წერია ანგარიშში.

[red_box]მიკრობების ახალი სახეობები[/red_box]

კვლევის პროცესში მეცნიერებმა შავი ზღვის უჟანგბადო სიღრმისეულ ფენებში 2 კმ სიღრმიდან  მოიპოვეს მიკრობების ახალი სახეობები. აღმოჩნდა, რომ შავი ზღვის ფსკერზე ბინადრობს ათობით სახელობის ბაქტერია და არქე, რომლებიც მსოფლიო ოკეანის ფსკერზე გვხვდებიან, ისიც მხოლოდ წერტილოვნად”. ეს ნიშნავს იმას, რომ შავი ზღვის სიღრმეების უჟანგბადო ზონა არ არის “მკვდარი უდაბნო”.

“შავი ზღვის უჟანგბადო ზონა ერთი მხრივ “კონკურენციაშია” ზედაპირულ წყლებთან და მისი რაოდენობის მატება ძალიან საშიშია, მაგრამ ამავდროულად იგი უზრუნველყოფს ნებისმიერი ორგანული ნივთიერების დაშლას, რომელიც ჭარბად ხვდება მასში ზედაპირული წყლებიდან, რითაც აძლევს საშუალებას ზღვას გადაიქცეს “დამაბინძურებელ ნივთიერებათა და ორგანული ნარჩენების ნაერთად”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

[red_box]უნიკალური თევზის სახეობები [/red_box]

გარდა ამისა, კვლევის დროს ღია ზღვაში დაფიქსირდა უნიკალური თევზის სახეობებიც, მაგალითად პელაგიური ნემსთევზა (Syngnathus Schmidti Popov) და Ctenolabrus Rupestris Linnaeus. 2017 წლის იანვარში კი დაივერებმა საქართველოს წყლებში მოიპოვეს ევროპული ხამანწკა, რომელიც მეცნიერებს გადაშენებულ სახეობად მიაჩნდათ. მისი ცოცხალი ეგზემპლარი გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, საქართველოსა და შავი ზღვის სანაპიროებთან აქამდე არ მოუპოვებიათ.

[red_box]შავი ზღვის დამაბინძურებლები[/red_box]

ამ კვლევების შედეგად ზღვის წყალში, ფსკერის დანალექებში, მოლუსკებსა და თევზებში გაანალიზდა 2100-მდე დამაბინძურებელი ნივთიერების არსებობა და კონცენტრაცია. ამ ნივთიერებებში შედის  ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი პრიორიტეტული დამაბინძურებლები, რომელთა კონტროლის ვალდებულება აღებული აქვს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას. ასევე ფარმაცევტული პრეპარატები, პესტიციდები, ბიოციტები, ცეცხლსაქრობი ნივთიერებები საწარმოო ქიმიკატები და სხვა დამაბინძურებლები, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე.

კვლევის შედეგებით, თევზის ქსოვილებში აღმოჩენილია ორგანიზმისთვის  ტოქსიკური სხვა ნივთიერებებიც: ვერცხლისწყალი და დიოქსინები. ” პესტიციდების მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს სანაპირო წყლებში, არამედ ღია ზღვაშიც”, – წერია ანგარიშში. აქვე ვკითხულობთ, რომ  ყველა შესაძლო  2100 დამაბინძურებლიდან შავ ზღვაში ნანახი იქნა 145 ნივთიერება. სინჯების დამუშავების შედეგებმა საქართველოს წყლებში აჩვენა ნივთიერებები, რომლებიც ხვდება ზღვაში სატრანსპორტო საშუალებებიდან,  სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო ნარჩენებიდან.

  •  -კვლევაში ასევე წერია, რომ ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს გარუჯვის საწინააღმდეგო კრემის მთავარ შემადგენელ ნაწილს, ზღვის ორგანიზმებისთვის ზიანის მომტანი კონცენტრაციით იქნა დაფიქსირებული საქართველო სანაპიროებთან.

კვლევაში წერია, რომ ამ პრობლემებთან საბრძოლველად საჭიროა დამაბინძურებელ ნივთიერებათა წყაროების დადგენა და გამწმენდი ნაგებობების მუშაობის სრულყოფა (გადაიარაღება), რაც დიდ სირთულეს წარმოადგენს.

[red_box]ადამიანის ყოფაცხოვრების კვალი ფიქსირდება შავი ზღვის ყველა მონაკვეთზე [/red_box]

კვლევის შედეგებით, შავ ზღვაში აღმოჩენილია ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ტექსტილის, ტანსაცმლისა და შესაფუთი მასალების წყალმედეგობისთვის, ასევე ფარმაცევტული პრეპარატები (პარაცეტამოლი), კოფეინის მაღალი კონცენტრაციები და სხვა. ასევე დაფიქსირდა ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პროდუქციის (ქსოვილების, პლასტმასის და ავეჯის) წარმოებისას აალების საწინააღმდეგო დანამატად.

ანგარიშის მიხედვით, წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პარალელურად, უნდა მოხდეს გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა და გადაიარაღება, რადგან  შეაკავოს და შეამციროს ამ ნივთიერებების ზღვაში მოხვედრა.

 

[red_box]დიდი ოდენობის მცურავი მყარი ნარჩენები შავი ზღვის ცენტრალურ ნაწილში[/red_box]

მონიტორინგისას მკვლევარებმა დააფიქსირეს დიდი ოდენობის მცურავი მყარი ნარჩენები შავი ზღვის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც სანაპიროდან, სავარაუდოდ, დინებამ გაიტანა ასე შორს. მეცნიერების ცნობით, ნაგავი, რომელიც ხვდება ზღვაში, ზღვის ბინადრებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს – “პლასტიკური ნაგავი არ უნდა ერეოდეს სხვა ნაგავს და უნდა ექვემდებარებოდეს მეორად გადამუშავებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებელი იქნება დამატებითი სახსრების გაღება, აღნიშნული ნაგვის კუნძულებისგან, ზღვის ცენტრალური ნაწილის გაწმენდისთვის”, – წერია დასკვნაში.

 

[red_box]ინვაზიური სახეობების ზეგავლენა მცირდება[/red_box]

კვლევის შედეგებით, არის იმის ნიშნები, რომ ინვაზიური სახეობების ზეგავლენა შავი ზღვის “აბორიგენულ” სახეობებზე მცირდება. თუმცა აუცილებელია ეს ტენდენცია დადასტურდეს შესაბამისი კვლევებით ყველა სეზონზე. რაც ნაკლებია ინვაზიური სახეობები და მეტია ადგილობრივი, მით უფრო მდგრადია და ჯანმრთელი ზღვის ეკოსისტემა. ოფიციალური მონაცემებით, დღეისთვის შავ ზღვაში რეგისტრირებულია 365 შემოჭრილი ორგანიზმი.

 

[red_box]მცირდება “ზღვის ყვავილობაც”[/red_box]

მცირდება “ზღვის ყვავილობა”, ანუ ფიტოპლანქტონის მასობრივი გამრავლება, რასაც შემდგომში ჭარბად დაგროვებული წყალმცენარეების მასიური ლპობა და წყალში ჟანგბადის რაოდენობის შემცირება მოჰყვება შედეგად. გაუწმენდავი საყოფაცხოვრებო წყლების ჩაშვება ზღვაში, ასევე მდინარეების გავლით სასოფლო-სამეურნეო სასუქების და სარეცხი საშუალებების ზღვის წყალში დიდი ოდენობით მოხვედრა იწვევს ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში გოგირდწყალბადის წარმოქმნას შელფის ფსკერისპირა შრეებში. “კვლევებით დადგინდა, რომ შავი ზღვის ევრტოფიულობის ხარისხი მოსალოდნელთან შედარებით ნაკლებია. ზღვის მონაკვეთების დიდ ნაწილს აქვს კარგი ეკოლოგიური სტატუსი, ეს მონაკვეთებია: ჩრდილო-დასავლეთ შელფის დიდი ნაწილი, საქართველოს წყლები, რუსეთის ფედერაციის წყლები და ქერჩის ყურის სამხრეთი ნაწილი”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

დასკვნის სახით, აქვე წერია, რომ მიუხედავად ამ ნეგატიური ტენდენციის შემცირებისა, აუცილებელია ზღვაში ჩადინებამდე საყოფაცხოვრებო გამოყენებული წყლების გაწმენდა.

 

[red_box] დაფიქსირდა დელფინების გავრცელების ახალი მონაცემებიც[/red_box]

მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევის ფარგლებში დაფიქსირდა დელფინების გავრცელების ახალი მონაცემებიც, რაც დაეხმარება სპეციალისტებს, დელფინებზე ნეგატიურად მოქმედი სხვადასხვა ფაქტორის შემცირებაში. მაგალითად, ასეთი ფაქტორებია თევზჭერის პროცესში დელფინების შემთხვევითი სიკვდილიანობა. ამ რისკის შემცირება შეიძლება გარკვეულ აკვატორიაში ან გარკვეულ სეზონზე თევზჭერის შეზღუდვით. “შეგვიძლია შევამციროთ ხმაურის დაბინძურების დონე (რაც ძალიან მტკივნეულია დელფინებისთვის) ზღვის ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებით, ასევე დელფინების მასობრივი თავშეყრის ადგილებში შევამციროთ წყალქვეშა სამუშაოების წარმოების დრო”, – წერენ ანგარიშის ავტორები.

 

ამავე თემაზე:
მოსალოდნელზე მეტად დაბინძურებული შავი ზღვა
შავი ზღვის სანაპიროს საქართველოში უცხოელი მეცნიერები იკვლევენ
EMBLAS: შავ ზღვაში რამდენიმე ნივთიერების ტოქსიკურობის ზღვარი დასაშვებ ნორმას აჭარბებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: