მთავარი,სიახლეები,სპორტი

რა ბედი ეწია ბათუმის სტადიონის პროექტს

24.05.2017 • 5727
რა ბედი ეწია ბათუმის სტადიონის პროექტს

ბათუმში ასაშენებელი საფეხბურთო სტადიონის პროექტი, რომელშიც აჭარის ბიუჯეტიდან 767 ათასი ლარია გადახდილი, „ვარგისიანობაზე“ ექსპერტიზას ამ დრომდე გადის. შპს „სტადიონში“ ირწმუნებიან, რომ ექსპერტიზა მიმდინარე წლის ზაფხულის შუა რიცხვებში საბოლოოდ დასრულდება და მშენებლობაზე ტენდერიც გამოცხადდება.

პროექტი რამდენიმე თვეა ექსპერტიზაზეა. კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა პროცესი დროში? – შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა გვიპასუხა, რომ „პროექტის ექსპერტიზა დამთავრდა, მაგრამ ამ ექსპერტიზამ გამოავლინა, რომ [ვინაიდან ეს იქნება მნიშვნელოვანი ობიექტი], ჩატარდეს დამატებითი ტესტირება და კვლევები, რაც მოიცავს მდგრადობას მიწისძვრაზე, ქარზე… ძირითადად, უსაფრთხოების კუთხით. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩვენ შევუკვეთეთ ხელახლა კვლევა. პროცესი როგორც კი დასრულდება, გვექნება პროექტი საბოლოო სახით“.

დაახლოებით რა დრო დასჭირდება ექსპერტიზის დასრულებას და როდის გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე? – კომპანიის დირექტორი აცხადებს: „როცა გვექნება ტესტებგავლილი და ადაპტირებული პროექტი, გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზეც. ეს იქნება მიმდინარე წლის ზაფხულში, უფრო ზაფხულის ბოლოს“.

შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წელს, სპეციალურად ბათუმში სტადიონისა და ახალი საავადმყოფოს აშენების მიზნით მას შემდეგ შექმნა, რაც სტადიონის პროექტირებაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან სამინისტრომ კონტრაქტი შეწყვიტა, ამ კომპანიამ კი სამინისტროს სასამართლოში უჩივლა.

2015 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდებოდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, UEFA-ს სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.

ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია ბათუმში, სადაც სავარაუდოდ სტადიონი აშენდება

ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია ბათუმში, სადაც სავარაუდოდ სტადიონი აშენდება

სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი შპს „სტადიონმა“ დღემდე ვერ შეარჩია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა. „სტადიონს“ ტენდერების მიმდინარეობის პროცესში დავების განხილვის საბჭოში 18-ჯერ უჩივლეს. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ კი ზედამხედველის შერჩევაზე ტენდერი აღარ გამოცხადებულა.

გასულ წელს ტენდერში, რომელიც შეწყდა, შპს LENI  „სტადიონს“ ზედამხედველობას 1 300 000 ლარად სთავაზობდა, შპს კომანდიტური საზოგადოება „პერბო ინვესტიციე“ კი – 1 274 000 ლარად. სატენდერო თანხა 2 მილიონ 100 ათასი ლარი იყო.

„სატენდერო კომისიას ფინანსური რესურსების რაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებით მიზანშეწონილად მიაჩნია, შეწყდეს აღნიშნული ტენდერი და შპს „სტადიონის“ ადმინისტრაციამ დეტალურად შეისწავლოს სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის შესყიდვასთან დაკავშირებული ფინანსების ხარჯვის მეთოდი“, – აღნიშნულია შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიის ერთ-ერთ ოქმში.

„არის ორი მეთოდი აპრობირებული – ერთი, რომ მიბმულია გრაფიკს ზედამხედველი და ყველა ეტაპის შემდეგ იღებს თანხას,  მეორე არის ის, რომ მიბმულია  კონტრაქტორის შესრულებაზე. ვთქვათ, შეასრულა კონტრაქტორმა რაღაც თანხის სამუშაო, იმ თანხის რაღაც პროცენტს აიღებს ზედამხედველი. არის მესამე ვარიანტიც – კომბინირებული და ამაზე ვართ ჩამოსაყალიბებელი. ორივე მეთოდს აქვს თავისი რისკები, კომბინირებული მეთოდი კი გაცილებით ნაკლებ რისკის შემცველია,“ – აცხადებს სულხან ხალვაში.

რისკის ერთ-ერთ მაგალითად სულხან ხალვაშს მოჰყავს ის, რომ პირველი მეთოდის დროს, „როცა  დედლაინები აქვს ზედამხედველს, მას შეუძლია, გაწელოს პროექტი, რომ მეტი ფიქსირებული თანხა აიღოს“.

დირექტორის თქმით, ჯერ არც ისაა გადაწყვეტილი, ზედამხედველის შერჩევასა და მშენებლობაზე ტენდერები პარალელურად გამოცხადდება, თუ ჯერ ზედამხედველს შეარჩევენ: „თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ პარალელურადაც გამოვაცხადოთ“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შესაძლოა „სტადიონმა“ მშენებლობის ზედამხედველად ისევ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მოიწვიოს, რასაც კატეგორიულად უარყოფს სულხან ხალვაში: „თქვენგან მესმის პირველად. ამაზე არ არის საუბარი. თუ ტენდერს გამოვაცხადებთ, მონაწილეობას მიიღებს ბიურო და თუ პირობებს დააკმაყოფილებენ ეგ არ ვიცი. თუმცა, ექსპერტიზისა და კვლევების შემდეგ ერთგვარად თანაავტორივით გამოდის კონსტრუქციულ ნაწილში და ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ზედამხედველი ვერ იქნება“.

„ბათუმელები“ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც დაუკავშირდა. მათგან პასუხი ჩვენს კითხვებზე ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

რაც შეეხება ექსპერტიზისთვის საჭირო თანხას, სულხან ხალვაში ამბობს: „როცა საბოლოოდ დასრულდება ექსპერტიზა, ღირებულებასაც გეტყვით“.

აჭარის ბიუჯეტში, შპს „სტადიონის“ ანგარიშზე 2015 წელს 17 984 400 ლარი ირიცხებოდა, შარშან –  25 მილიონამდე გაზარდეს, მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი 38 მილიონი ლარია გაწერილი. სულხან ხალვაშის განცხადებით, ეს 38 მილიონი მთლიანად სტადიონის მშენებლობისთვისაა გათვალისწინებული.

ბიუჯეტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთ კომპანიას, შპს„ჰიგიენა 2009“-ს, რომელიც ახალი ნაგავსაყრელის აშენებისთვის შეიქმნა, გასული წლის დასაწყისში 4,4 მილიონი ლარი ერიცხებოდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი – 0 ლარი. ამ კომპანიის ყოფილი დირექტორი ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 6 მარტს დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა კომპანიის კუთვნილი 4 მილიონ 984 ათას 200 ლარი მიითვისა. 

მილიონების მითვისებასა და აჭარის საწარმოებში თანხის არამიზნობრივად გამოყენებაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც მიუთითებს თავის ერთ-ერთ ბოლო მოხსენებაში.

აჭარის მთავრობას სამხარაულის ბიუროში კიდევ ერთი პროექტი აქვს გადაგზავნილი ექსპერტიზაზე – ბათუმის პორტთან ასაშენებელი ესტაკადის, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტში 21 მილიონი ლარია გაწერილი. რა გზით აითვისებენ ამ თანხას და ხომ არ გაიზიარებს ეს პროექტიც სტადიონის პროექტის ბედს, ჯერ უცნობია.

ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია ბათუმში, სადაც სავარაუდოდ სტადიონი აშენდება

ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია ბათუმში, სადაც სავარაუდოდ სტადიონი აშენდება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: