მთავარი,სიახლეები

ბათუმის აქციის მონაწილის ჩვენებიდან: ფეიერვერკის სროლით ჩემი პროტესტი გამოვხატე

23.05.2017 • 1884
ბათუმის აქციის მონაწილის ჩვენებიდან: ფეიერვერკის სროლით ჩემი პროტესტი გამოვხატე

„მე რომ აქციაზე მივედი, პოლიციის მანქანებს ცეცხლი ეკიდა. ზოგიერთი მანქანა დამტვრეული იყო, ამტვრევდნენ და აზიანებდნენ მანქანებს. დანგრეული იყო გზის გამყოფი დეკორატიული ღობეები. ახალგაზრდები იქ ვინებიც იყვნენ და ვხედავდი, აგრესიულად იქცეოდნენ, ისროდნენ ქვებს პოლიციის მიმართულებით, რომლებიც მობილიზებული იყვნენ და იცავდნენ პოლიციის შენობებს…“ – ვკითხულობთ „11-12 მარტის ბათუმის აქციის“ ერთ-ერთი მონაწილის, ზურაბ ბასილაძის ჩვენებაში. იგი ბათუმში ცხოვრობს და ავტომანქანების ხელოსანია.

გამოძიებას ზურაბ ბასილაძემ 28 მარტს მოუყვა საპროტესტო აქციის შესახებ, მათ შორის, ფეიერვერკების შეძენაზე:

„აქციას ვუყურებდი „სმარტის“ შენობის წინა მხრიდან, სადაც მოვიდა იმ დროისთვის ჩემთვის უცნობი [რომელმაც მერე გამეცნო] მირზა მალაყმაძე. მან მთხოვა მანქანით გაყვანა ვილმარტში, სადაც უნდა შეეძინა ფეიერვერკი. უარი ვერ ვუთხარი და ჩემი მანქანით გადავიყვანე „ვილმარტში“, სადაც მან იყიდა ორი ცალი ფეიერვერკი. მე ავიღე საღეჭი რეზინა, რომლის ყიდვა მინდოდა, მაგრამ მან არ გადამახდევინა და თავად გადაიხადა „ბარათით“. ამგვარად შეიძინა მან მაშხალები და საღეჭი რეზინა დ მივედით ისევ აქციაზე.

როცა მანქანიდან გადმოვედი, მირზამ ერთი ცალი მაშხალა მე მომცა და მითხრა, გამომართვი, შენც გაისროლეო. მეც გამოვართვი და „სმარტთან“ განლაგებული შუქნიშანთან დგომით გავისროლე პოლიციის მიმართულებით იმიტომ, რომ იმ წუთიერად მეც ავყევი ემოციებს, რაც იგრძნობოდა იქ შეკრებილ ახალგაზრდებში და გამოხატულ პროტესტში, რომელიც ხშირად მესმოდა სხვადასხვა ადამიანების მხრიდან, რომ ძალიან მაღალ ჯარიმებს წერდა პატრული ელემენტარულ დარღვევებზე, რის გადახდის უნარიც კი არ აქვს ისედაც გაჭირვებულ მძღოლებს, თანაც მეც არაერთი მაღალი ჯარიმა დამიწერეს პატრულის თანამშრომლებმა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი პროტესტი გამომეხატა ფეიერვერკის სროლით, რის შემდეგაც დაახლოებით ნახევარ საათში წავედი სახლში…“

აქციის მონაწილეთა ჩვენებში არის მირზა მალაყმაძის ჩვენებაც. ის აღნიშნავს, რომ როცა აქციის მონაწილეები მანქანას აზიანებდნენ, მას პიროტექნიკის შეძენის სურვილი გაუჩნდა. აღწერს, რომ ფეიერვერკი პოლიციის მისამართით ისროლა, თუმცა ამას არაფერი დაუზიანებია. ეს მოწმე არ აკონკრეტებს, რის გამო გაუჩნდა ფეიერვეკის გასროლის სურვილი აქციაზე.

აქციის შემდეგ მასობრივი ძალადობისა და პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით პროკურატურამ 21 პირი დააკავა. არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დაიწყო.

დასაკითხია 301 მოწმე, მათ შორის, მირზა მალაყმაძის და ზურაბ ბასილაძის ჩვენებებსაც მოისმენს მოსამართლე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: