მთავარი,სიახლეები

ბათუმში აქციაზე დამწვარი მანქანების ფასი – ვინ გადაიხდის ზარალს

22.05.2017 • 2750
ბათუმში აქციაზე დამწვარი მანქანების ფასი – ვინ გადაიხდის ზარალს

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტზე მიყენებული ზიანის საერთო ოდენობა შეადგენს 67 ათას 261 ლარსა და 55 თეთრს,“ – ვკითხულობთ ქეთევან ემირიძის ჩვენებაში. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია და მარტის აქციაზე დამწვარი ავტომანქანების შესახებ აწვდის ინფორმაციას პროკურატურას. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის ერთადერთი უწყება, რომელიც დაზიანებული ავტომანქანების გამო ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. „ბათუმის აქციის საქმეში“, რომელიც 16 ტომს მოიცავს, რიგითი მოქალაქეების ჩვენებებიც არსებობს – მათ ავტომანქანებსაც 11 მარტის საღამოს წაუკიდეს ცეცხლი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ქეთევან ემირიძემ, ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, ჩვენება გამოძიებას 29 მარტს მისცა. ჩვენებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი 4 ავტომანქანა დაიწვა და „მათი აღდგენა მიზანშეუწონელია“. ექსპერტიზის დასკვნის მიხევით, ამავე უწყების კიდევ 5 მანქანა დაზიანდა, თუმცა მათი აღდგენა შესაძლებელია.

ავტომანქანების გარდა, შსს ამ მანქანებში არსებული სხვადასხვა ტექნიკის განადგურებასაც აღნიშნავს. მაგალითად, „მოტოროლას“ ფირმის ხელის რადიოსადგური, რომლის საწყისი ღირებულება 1208,22 ლარს შეადგენს. „ამავე მანქანაში ინახებოდა NIKON-ის ფირმის ფოტოაპარატი ღირებულებით 476 ლარი. ამასთან აქციაზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისა და რბევის გამო დაიკარგა ორი ცალი „დიჯიპასი“, საერთო ღირებულებით 49,10 ლარი,“ – წერია საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჩვენებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთ თანამშრომელს, გამომძიებელ ალექსანდრე ხაბაძეს ცალკე მიუცია ჩვენება პროკურატურისთვის. ის საკუთარი ავტომანქანის – HONDA CIVIC-ისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. ჩვენებაში გამომძიებელი აღწერს, რომ მის ავტომანქანას აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს „დაზიანდა წინა და უკანა საქარე მინა, მარჯვენა წინა ფარი, წინა კაპოტი, სახურავი, შუშები, კარების მარჯვენა ფრთა. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც მე გადაყვანილი ვიქენი საავადმყოფოში, ვინაიდან მდგომარეობა იყო უკონტროლო, ხელმძღვანელობის მიერ გამოძახებულ იქნა სპეციალური დანიშნულების სამსახური და დამატებითი ძალები,“ – წერია ჩვენებაში. გამომძიებელი, ასევე ექსპერტის დასკვნაზე დაყრდნობით, 5800 ლარის ანაზღაურებას ითხოვს.

11 მარტის საღამოს ზარალი ნახა აჭარის უმაღლესმა საბჭომაც. პოლიციის მთვარი სამმართველოს შენობასთან მანქანა, რომელიც დეპუტატ ცოტნე ანანიძეს ემსახურებოდა, დაწვეს, ხოლო დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის ავტომანქანა – დააზიანეს. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ზვიად ფარტენაძე, უმაღლესი საბჭოს სატრანსპორტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, 27 ათასი ლარის ანაზღაურებას ითხოვს. მისი ინფორმაციით, KIA SPORTAGE-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით SCA 707 აღდგენას აღარ ექვემდებარება და ზიანი 25 ათას ლარს შეადგენს. მეორე ავტომანქანა კი, რომელიც იმავე მარკისაა [სახელმწიფო ნომრით SC-003-OA] რემონტი სჭირდება, რასაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2 ათასი ლარი დასჭირდება.

ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ მოქალაქეებიც.

კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ცვლის უფროსი, ხვიჩა ვასაძე ჩვენებაში ყვება, რომ ახალშეძენილ „მერსედეს ბენცს“ ხშირად აყენებდა პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელში. „რადგან აღნიშნულ ავტოსადგომზე ავტომანქანა არის უსაფრთხოდ“, – აღნიშნავს მოქალაქე. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ამ შემთხვევაში ზარალმა 1020 ლარი შეადგინა.

4000 ლარის ანაზღაურებას მოითხოვს პაატა მეგრელიშვილი. იგი „სუპერავტო კრედიტის“ დირექტორია. ყვება, რომ ავტომანქანა NISSAN MIKRA მის სამსახურს ეკუთვნის და 11 მარტის საღამოს მანქანა სამსახურთან ახლოს, აბუსერიძის ქუჩაზე გააჩერა.

ამ ჩვენებების მიხედვით, ზარალის საერთო ოდენობა 105 081 ლარს შეადგენს.

ვინ აანაზღაურებს ზარალს – კანონის მიხედვით სახელმწიფოსთვის და უშუალოდ მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალი მასობრივ ძალადობაში მსჯავრდებულმა პირებმა უნდა აანაზღაურონ, თუმცა კონკრეტულად ნივთის დაზიანებაზე რომელიმე ბრალდებულის მიმართ ბრალი წაყენებული არ არის. ამის შესახებ ადვოკატი ზაზა პაპიძე გვიყვება, რომელიც „ბათუმის აქციის საქმეზე“ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატია. „ბათუმის აქციის საქმეზე“ პროკურატურამ სულ 21 პირი დააკვა სისხლის სამართლის წესით, მათ 19 პირს მასობრივ ძალადობასა და პოლიციელებზე თავდასხმა ედება ბრალად, ხოლო ორ ბრალდებულს მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებიან.

„ეს არ უშლის ხელს სახელმწიფოს, ან რომელიმე მოქალაქეს დაიწყოს სამოქალაქო დავა და მოითხოვონ ზარალის ანაზღაურება. ეს დავა არ დაწყებულა, რადგან, ბუნებრივია, თუკი გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა რომელიმე ბრალდებულის მიმართ, მათ ექნებათ უფრო მეტი შანსი, მოიგონ ეს სამოქალაქო დავა და ზარალი ანაზღაურდეს. ბრალში ზოგადად ჯგუფურ ძალადობაზეა საუბარი, თუმცა თუკი გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა, უნდა დასაბუთდეს, ვინ რომელი ავტომანქანა დააზიანა,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

რა მოხდება გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში? – იურისტის განმარტებით, დაზარალებულებს ამ შემთხვევაშიც შეეძლებათ სამოქალაქო სარჩელის შეტანა სასამართლოში, თუმცა მათ მოუწევთ მტკიცებულებების წარმოდგენა, კონკრეტულად ვინ დააზინა მათი ქონება.

DSC_0702

11-12 მარტის აქცია / მანანა ქველიაშვილის ფოტოები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: