მთავარი,სიახლეები

მერიის განცხადება სავაჭრო ჯიხურების აღებაზე

22.05.2017 • 2799
მერიის განცხადება სავაჭრო ჯიხურების აღებაზე

ბათუმის მერიის ოფიციალური განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე სავაჭრო ჯიხურები უკანონოდ იყო განთავსებული და მერიამ ტერიტორია ამიტომ გაათავისუფლა.

მერიის ინფორმაციით, ჯიხურების აღებას წინ უძღოდა მოლაპარაკებების პროცესი ჯიხურების მფლობელებსა და გარემოვაჭრეებთან.

„უსახური კონსტრუქციების სანაცვლოდ მერიის მხრიდან შეთავაზებული იქნა ახალი ჯიხურები, რომლებიც საკრებულოს მიერ დადგენილ ადგილებზე უნდა განთავსდეს.

დღეის მდგომარეობით, გოგებაშვილის ქუჩიდან აღებულია 60 ჯიხური და ტერიტორია გათავისუფლებულია. შედეგად, ველობილიკებსა და ტროტუარებზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი“.

მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მოხდება მერიის მიერ შეთავაზებული ახალი ობიექტების განთავსება.

მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის განმარტებით, მერია მოვაჭრეებს თითო ჯიხურში 250 ლარის გადახდას სთავაზობს. „ჩვენ შევთავაზეთ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა, ანუ წელიწადში 250 ლარი უნდა გადაიხადონ. თავდაპირველად ამ წინადადებაზე გვქონდა მოლაპარაკებები, თუმცა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ“.

გოგა ლომაძის თქმით, მოვაჭრეებს მერია კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ. „შეკავშირდნენ, შექმნან ერთობლივი საწარმო და ჯიხურები პირდაპირი განკარგვის წესით მიიღონ. თუ ასეც არ მოხერხდება, მაშინ აუქციონზე გავა“.

სავაჭრო ჯიხურების განთავსების ადგილი საკრებულოს მიერ არის განსაზღვრული.

გადაბეჭდვის წესი