მთავარი,სიახლეები

აუდიტი 5 მილიონის მითვისებასა და თანხის არამიზნობრივად გამოყენებაზე აჭარის საწარმოებში

20.05.2017 • 2888
აუდიტი 5 მილიონის მითვისებასა და თანხის არამიზნობრივად გამოყენებაზე აჭარის საწარმოებში

„აუდიტის სამსახურის შეფასებით, ადგილი აქვს კერძო სამართლის სუბიექტში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენებისა და ბიუჯეტში თანხის არასრულად და არათავისდროულად მობილიზების ფაქტებს. შედეგად, სახელმწიფომ დაკარგა შესაძლებლობა დროულად და სრულად მიეღო შემოსავალი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მისთვის პრიორიტეტული სფეროების სრულად დაფინანსება,“ – აღნიშნულია აუდიტის მოხსენებაში, რომელიც აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აჭარის მთავრობის ანგარიშს ეხება. მთავრობის ანგარიში აჭარის უმაღლესმა საბჭომაც მოისმინა.

აუდიტის სამსახური განსაკუთრებით უსვამს ხაზს აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი ორი საწარმოს საქმიანობას: „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ფინანსური აუდიტის ჩატარებისას გამოვლინდა „ჰიგიენა 2009-ში“ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობის – 5 მილიონ 4 ათას 200 ლარის შესაძლო მითვისების ფაქტი, ხოლო „ბათუმის ნავსაყუდელი 2015-ის“ 2015-2016 წლების ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი, რაც საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების რეალობის შესაძლო რისკებზე მიუთითებს“.

„5 მილიონის მითვისების საქმეზე“ ბათუმის სასამართლომ ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ირაკლი ცეცხლაძე შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორი იყო, ხოლო თანხა ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის იყო განკუთვნილი.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოხდეს ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ყველა საწარმოს [ფუნქციონირებადი თუ არაფუნქციონირებადი] აღრიცხვა და მათი აქტივების და პასივების შესახებ ინფორმაციის განახლება. ფუნქციონირებად საწარმოებში, თაღლითობისა და კანონთან შეუსაბამო საქმიანობის პრევენციის და საწარმოს მენეჯმენტის ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, უნდა მოხდეს შესაბამისი შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვა“ – აღნიშნულია აუდიტის მოხსენებაში.

„ჩვენ შევცვალეთ საწარმოების წესდება გახმაურებული საქმის შემდეგ“, – ამბობს პაატა ბერიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელი. შეტანილი ცვლილებების შემდეგ, შპს-ს დირექტორს აღარ ექნება უფლება, ხელზე გამოიტანოს ბანკიდან თანხა. „ბათუმელები“ იმითაც დაინტერესდა, რა სამართლებრივი რეგულაციები აქვს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელის მხრიდან თანხის უკანონო მითვისება გამორიცხოს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ასეთი მექანიზმი 5 მილიონის მითვისებამდე არ არსებობდა.

აჭარაში დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი და არამოქმედი 60-მდე საწარმოა. აქედან, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში დივიდენდი მხოლოდ 8 საწარმოს შეაქვს. ამასთან, აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან, ბიუჯეტში მისამართი დივიდენდების წლიური გეგმა, 2016 წლის ბიუჯეტის კანონით 1,6 მილიონი ლარით განისაზღვრა, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებმა კი 1 მილიონ 605 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 100,3 პროცენტია.

2 diagramaa

აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებიდან მიღებული დივიდენდები / დიაგრამა აუდიტის მოხსენებიდან

ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებიდან, დივიდენდის გადამხდელთა რიცხვი, 2015 წელთან შედარებით, 10-დან 8 ერთეულამდე შემცირდა, საიდანაც 5 საწარმოს მიერ გადახდილი დივიდენდის საერთო წილი 97 პროცენტს შეადგენს:

[checklist]

  • შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“ – 114.5 ათასი ლარი,
  • შპს „ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ – 163,8 ათასი ლარი,
  • შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო“ – 174,3 ათასი ლარი,
  • შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“ – 105 ათასი ლარი,
  • შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“ – 1 მილიონი ლარი.

[/checklist]

აუდიტი მოხსენებაში, სხვა ფაქტებთან ერთად, მიუთითებს, რომ 2016 წელს არ განხორციელდა 1 მილიონ 811 ათას 400 ლარის დივიდენდის სახით ბიუჯეტში მობილიზება.

კერძოდ: 2015 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით „ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას“ და „სავაჭრო ცენტრ 2009-ს“, დივიდენდის სახით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრათ, შესაბამისად, 659 ათას 500 და 1 მილიონ 266 ათას 400 ლარი. 2016 წელს „ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას“ გადახდილი აქვს მხოლოდ  114,5 ათასი ლარი, ხოლო შპს „სავაჭრო ცენტრ 2009-ს“, 2015 წლის დივიდენდი საერთოდ არ აქვს გადახდილი.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული თანხის მობილიზებისათვის ღონისძიებები არ განუხორციელებია“ – აღნიშნულია აუდიტის მოხსენებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: