ვის მიანიჭებენ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდებას

ქობულეთის საკრებულომ ორი დღის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შემოიღო და ამ წოდების მინიჭების წესიც დაამტკიცა.

ქობულეთის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით შეიძლება მიენიჭოს:

  • საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ან ქვეყნის წინაშე;
  • უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის წინაშე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება კი აქვს: საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს; მუნიციპალიტეტის გამგებელს; საკრებულოს თავმჯდომარეს; საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1 %-ის ხელმოწერით.

დამტკიცებული წესის მიხედვით, წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის გამგებელის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპატიო მოქალაქის მინიჭების თაობაზე  დასკვნას  წარუდგენს გამგებელს;  სამუშაო  ჯგუფი შედგება 9 წევრისგან: ქობულეთის  გამგეობისგან – 3 წევრი, ქობულეთის საკრებულოსგან – 3 წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან – 3 წევრი.

პირს შეიძლება ჩამოერთვას „საპატიო მოქალაქის“ წოდება , თუ მის მიერ ჩადანილ იქნა:

  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;
  • საქართველოს სახელმწიფო ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;
  • ზოგადზნეობრივი ნორმებნის, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება.
  • საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების საფუძველზე.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო  მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com