მთავარი,სიახლეები

როგორ მოახერხა ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონის მითვისება

19.05.2017 • 5015
როგორ მოახერხა ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონის მითვისება

„5 მილიონის მითვისების საქმეზე“ შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორს, ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „ჰიგიენა 2009“-ში 100-პროცენტიან წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა სამართლებრივი რეგულაციები აქვს ხელისუფლებას იმისთვის, რომ სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელის მხრიდან თანხის უკანონო მითვისება გამორიცხოს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ასეთი მექანიზმი 5 მილიონის მითვისებამდე არ არსებობდა.

„ეს ისეთი თემაა, კანონში წერია, რომ ადამიანის მოკვლა დანაშაულია და ისჯება, მაგრამ მაინც ხდება ეს ყველაფერი,“ – ამბობს გელა ცინცაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. იგი „მეწარმეთა შესახებ კანონზე“ აკეთებს აქცენტს, სადაც კერძო და სახელმწიფო შპს ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის, თუმცა არც ერთი კანონი არ უკრძალავს სახელმწიფოს მკაცრი რეგულაციები გაუწეროს შპს-ს, რომელშიც წილებს ფლობს და რომლის წესდებასაც თვითონ ამტკიცებს. ახლაც, როცა სახელმწიფომ 5 მილიონი დაკარგა, საჯარო მოხელე არ მიიჩნევს მართებულად საზოგადოების ხელმძღვანელობას თანხის განკარგვაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას.

IMG_20170519_174259

გელა ცინცაძე

„კანონი ამბობს, რომ შპს-ს დირექტორი ვალდებულია კეთილსინდისიერად გაუძღვეს თავის საქმიანობას. პრობლემა ისაა, რომ თავისი შინაარსით ეს კანონი ვერ იქნება იმპერატიული და ყველაფერის ამკრძალავი. სახელმწიფო შპს კერძო სუბიექტი გამოდის მაინც… საზოგადოების დირექტორს შეუზღუდო ფინანსებზე წვდომა, არაა სწორი. ამის მიუხედავად, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ სახელმწიფო შპს-ების წესდება შევცვალეთ დ მაქსიმალურად გავამკაცრეთ, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს,“ – ამბობს გელა ცინცაძე.

სახელმწიფო შპს-ების წესდებაში ცვლილების შეტანის შემდეგ, შპს-ს დირექტორს აღარ აქვს საბანკო ანგარიშიდან თანხის ხელზე მიღების უფლება, უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში კი, მან სრული დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს ბანკს, თუმცა ცალკე სამართლებრივი რეგულაცია მსგავსი რისკის თავიდან ასაცილებლად ჯერ არ შექმნილა.

გელა ცინცაძის თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თებერვალში გაიგო 5 მილიონის მითვისების შესახებ. 2016 წლის განმავლობაში ირაკლი ცეცხლაძეს ისე გამოჰქონდა საბანკო ანგარიშებიდან მილიონები, რომ ფულის პატრონმა, ანუ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ვერაფერი გაიგო. წლის განმავლობაში სამინისტროს კონტროლის არავითარი ბერკეტი არ ჰქონდა, გადაემოწმებინა, რაში იხარჯებოდა ნაგავსაყრელის მოსაწყობად ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული.

„წლის ბოლოს ირაკლი ცეცხლაძეს მოვთხოვეთ საბანკო ანგარიშების წარმოდგენა. ასე ხდება წელიწადში ერთხელ, როცა საზოგადოების დირექტორები ანგარიშებს აბარებენ სამინისტროს. ირაკლი ცეცხლაძემ ხან რა მოიმიზეზა, ხან – რა. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ არ წარმოადგინა. ეჭვების გაჩნდა და მის მოადგილეს დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ ირაკლის ფული უკვე გატანილი ჰქონდა, ეს საბანკო ამონაწერიდან გამოჩნდა. იმავე დღეს ჩვენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ…“, – გვიყვება გელა ცინცაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. მან არ მოგვაწოდა ინფორმაცია, კონკრეტულად როდის მიითვისა თანხა ირაკლი ცეცხლაძემ, ან სამინისტროს ინფორმაციით, რაში დაიხარჯა ეს ფული.

„ჰიგიენა 2009“-ს ქობულეთში ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის ეკონომიკის სამინისტრომ 4 მილიონ 400 ათასი ლარი ერთიანად ჩაურიცხა. ბრძანებას მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძე აწერს ხელს. გელა ცინცაძის თქმით, ამ ფულით სორტირების აპარატი უნდა შეძენილიყო და ასევე დაფარულიყო დღგ-ს ფული, რასაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი გრანტი [ნაგავსაყრელის მოსაწყობად გამოყოფილი გრანტი და სესხი 7 მილიონი ევროა] არ ითვალისწინებდა.

რატომ არ მოსთხოვა პასუხი ეკონომიკის სამინისტრომ შპს-ს, რომელმაც პროექტით გათვალისწინებული ე.წ. სორტირების აპარატის შესაძენად ტენდერი არ გამოაცხადა? – გელა ცინცაძემ გვიპასუხა, რომ ნაგავსაყრელის პროექტის წარმოდგენა სხვა კომპანიამ დააგვიანა, რომელსაც მანამდე ტენდერი ჰქონდა მოგებული და მოგვიანებით პირგასამტეხლო დაეკისრა დაგვიანებით შესრულებული ვალდებულების გამო.

სახელმწიფო მითვისებული 5 მილიონიდან დაახლოებით მილიონის დაბრუნებას მოახერხებს. გელა ცინცაძემ გვითხრა ისიც, რომ დანარჩენი თანხის ამოღების მიზნით ეკონომიკის სამინისტრო სამოქალაქო დავის წამოწყებას აპირებს ირაკლი ცეცხლაძის წინააღმდეგ.

„პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლებას არ ესმის სწორად სახელმწიფო შპს-ს მნიშვნელობა და არ არსებობს ეფექტური კონტროლისა და ანგარიშგების მექანიზმი“, – ამბობს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მიიჩნევს, რომ პირველ რიგში უნდა დადგინდეს სტანდარტი, რა შემთხვევაში არის აუცილებელი სახელმწიფო შპს-ს შექმნა, ხოლო მისი აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფომ დაწესებულების ეფექტური კონტროლის მექანიზმიც უნდა განსაზღვროს.

სულხან სალაძე, საიას იურისტი: „ნაგავსაყრელის მოწყობა ხომ არაა სამხედრო, ან სტრატეგიული დანიშნულების? შესაძლებელი იყო რომელიმე კერძო კომპანიას განეხორციელებინა ეს პროექტი, ვინც ტენდერს მოიგებდა. თუკი აუცილებელი იყო მისი შექმნა, ეს უნდა დაესაბუთებინა სახელმწიფოს და უნდა ეკონტროლებინა ეფექტურად. არსად არ წერია კანონში, რომ სახელმწიფო შპს-ს დირექტორისთვის მკაცრი კონტროლის დაწესება არის დაუშვებელი. პირიქითაა. სახელმწიფო შპს ნიშნავს იმას, რომ ეს შპს ახორციელებს სახელმწიფოს კონკრეტულ ვალდებულებას და არსებობს საჯარო ინტერესი. ეროვნულ დონეზე ამ კუთხით ცალკე მარეგულირებელი აქტი არ არსებობს. შესაძლოა, ამის მიზეზი არის ის, რომ არ უნდათ ფული გარეთ გავიდეს და ტენდერში გამარჯვებულმა კერძო კომპანიამ წაიღოს. გარდა ამისა, სახელმწიფო თავად ნიშნავს ამ შპს-ს დირექტორს და თუ რამე უკანონო გარიგებას ცდილობ, ამის გაკეთება უფრო იოლია“.

1

2

გადაბეჭდვის წესი


ასევე: