მთავარი,სიახლეები

გენდერული თანასწორობა – „ქართული ოცნება“ შვიდ პარტიას შორის ბოლო ადგილზე

19.05.2017 • 1990
გენდერული თანასწორობა – „ქართული ოცნება“ შვიდ პარტიას შორის ბოლო ადგილზე

19 მაისს „დემოკრატიული სკოლის“ ბათუმის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ – პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობის შეფასებაზე კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

NIMD- ის პროგრამების ხელმძღვანელის  სალომე მუხურაძის თქმით, კვლევის კრიტერიუმების თანახმად,  პარტიას უნდა ჰქონოდა გადალახული ერთპროცენტიანი ბარიერი 2016 წლის არჩევნებზე, ასევე, უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული 2015 წლამდე. ეს კრიტერიუმები მხოლოდ შვიდმა პარტიამ დააკმაყოფილა.

კვლევის შედეგებით, გენდერული თანასწორობის ნიშნით შვიდი პარტიიდან „რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს,  ხოლო ბოლო ადგილზეა „ქართული ოცნება“.

„რესპუბლიკელების“  შემდეგ, პარტიულ სიებსა და არჩეულ დეპუტატებს შორის ქალების ხვედრითი წილის გათვალისწინებით, მეორე ადგილზეა „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც 52 პროცენტი  აქვს.

კვლევა შეეხებოდა შემდეგ პარტიებს:  „რესპუბლიკელები“, „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „გაერთიანებული დემოკრატები“, „ლეიბორისტები“ და  „ნაციონალური მოძრაობა“.

 

კვლევის პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

კვლევის პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

კვლევის ინსტიტუციური კომპონენტი ითვალისწინებდა ქალების ხვედრით წილს პარტიების მმართველ ორგანოებში, პარტიაში ქალთა უფლებების ან გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ერთეულის არსებობას, ბიუჯეტში ამავე საკითხებისთვის გამოყოფილი თანხის ხვედრით წილს, საერთო  დანახარჯებთან მიმართებაში და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ აქტივობებს.

სალომე მუხურაძის თქმით, ამ მიმართებითაც საუკეთესო შედეგი „რესპუბლიკურმა პარტიამ“ აჩვენა, რომელსაც 54 პროცენტი ჰქონდა, „ქართულმა ოცნებას“ კი –  2.1 პროცენტი.

პროგრამული კომპონენტი აფასებდა ორ გარემოებას – გენდერულ თანასწორობის უზრუნველმყოფი მექანიზმების არსებობას პარტიაში და პარტიულ პროგრამაში ამავე საკითხებისადმი დაფიქსირებულ პრიორიტეტებს.  სალომე მუხურაძის თქმით,  „რესპუბლიკელებმა“ ამ მიმართულებითაც  საუკეთესო შედეგი აჩვენეს – 88 პროცენტი, ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ კი ბოლო ადგილი გაიზიარა  – 12,5 პროცენტით.

20170519_131313

საერთო ინდექსით, საუკეთესო მდგომარეობა „რესპუბლიკურ პარტიაში“ დაფიქსირდა – 44.6 პროცენტით, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეორე-მესამე ადგილები  გადაინაწილეს.  ბოლო ადგილზე აღმოჩნდა „ქართული ოცნება“ – 17 პროცენტით, ხოლო „ლეიბორისტებმა“, „გაერთიანებულმა დემოკრატებმა“ და „თავისუფალმა დემოკარტებმა“, მე-4, მე-5 და მე-6 ადგილები დაიკავეს.

NIMD-ის შეფასებით, კვლევამ აჩვენა, რომ პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირების კვლევა NIMD-მა უკვე მეორეჯერ ჩაატარა, პირველი 2014 წელს, მეორე კვლევა კი 2015-2016 წლებს მოიცავს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: