სიახლეები

ზღვის წყლის ხარისხი აჭარაში

13.06.2014 • 1896
ზღვის წყლის ხარისხი აჭარაში

 

„კვარიათი, სარფი, ბათუმში პლაჟი აკვაპარკის მიმდებარედ, ბათუმის ცენტრალური პლაჟი (სასტუმრო „შერატონის“ ზღვის მხარეს), ბარცხანისა და მწვანე კონცხის პლაჟები, ასევე  ქობულეთში ორ ადგილას – ბობოყვათსა და ქობულეთის გამგეობის წინ – ეს ის ადგილებია, საიდანაც სინჯები ავიღეთ. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. ზღვის წყალი უსაფრთხოა და ბანაობა შეიძლება,“ – აცხადებს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსი ნოდარ კონცელიძე.

 

 

მისივე განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში 38 ლაბორატორიული კვლევაა ჩატარებული ზემოთ ჩამოთვლილ რვა მონაკვეთზე. ყოველ ჯერზე ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელი იყო.

 

 

ბათუმში სანაპირო ზოლში რამდენიმე ადგილია, სადაც კანალიზაცია ღია ზღვაში ჩაედინება. ყოველ ჯერზე, როცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო მონაცემებს აქვეყნებს, გარემოსდამცველები სწორედ ამ ფაქტზე მიუთითებენ. ნოდარ კონცელიძის თქმით, მდინარის შესართავებთან ლაბორატორიული კვლევები არ ტარდება. 

 

 

„რეკრეაციულ ზონებში, სადაც მდინარეთა შესართავებია, იქ ჩვენ კვლევებს არ ვატარებთ. მაგალითად, ყოროლისწყალზე, მეჯინისწყალზე საბანაო ადგილები არ არის, რეკრეაციული ზოლი არ არის და ჩვენ იქ დაკვირვებას არ ვახორციელებთ,“- აცხადებს ნოდარ კონცელიძე.

 

 

მისივე განცხადებით, ზღვის წყლის ხარისხის კონტროლი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. წლის განმავლობაში კი 150 ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაა დაგეგმილი. 

გადაბეჭდვის წესი