მთავარი,სიახლეები

რა შეცვალა ეკონომიკის სამინისტრომ 5 მილიონის მითვისების შემდეგ

18.05.2017 • 2804
რა შეცვალა ეკონომიკის სამინისტრომ 5 მილიონის მითვისების შემდეგ

„ჩვენ შევცვალეთ საწარმოების წესდება გახმაურებული საქმის შემდეგ“, – ამბობს პაატა ბერიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის განყოფილების ახალი ხელმძღვანელი. საუბარია შპს-ებზე, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წილებს ფლობს. „გახმაურებული საქმე“ კი ირაკლი ცეცხლაძეს უკავშირდება, „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილ დირექტორს, რომელმაც 5 მილიონი ლარის მითვისება მოახერხა. 

სახელმწიფო შპს-ებში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, შპს-ს დირექტორს აღარ ექნება უფლება ხელზე გამოიტანოს ბანკიდან თანხა. „ბანკებს, სადაც ამ შპს-ებს აქვთ გახსნილი ანგარიშები, გავუგზავნეთ ეს წესდებები. ბანკებს აღარ ექნებათ უფლება, ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით მოემსახურონ საზოგადოების ხელმძღვანელს. ასევე გადარიცხვის დროს დირექტორს დასჭირდება ბუღალტრის ხელმოწერაც,“ – განმარტა პაატა ბერიძემ.

კონტროლის  რა მექანიზმი არსებობს უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში? – საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსის თქმით, რეგულაცია აქაც გამკაცრდა და სპეციალური დოკუმენტაციის წარგენის გარეშე ვერც ფულის გადარიცხვას მოახერხებს შპს-ს ხელმძღვანელი. პაატა ბერიძემ ვერ დაგვიზუსტა, რა არის ეს კონკრეტული მექანიზმი და არამიზნობრივად გადარიცხვის შემთხვევაში, როდის შეიტყობს სამინისტრო ამის შესახებ.

„სრული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს მან ბანკში, შესაბამისად, ყველა გადარიცხვას ახლავს დასაბუთება. შეუძლებელია ამდენი დოკუმენტი ვინმემ გააყალბოს, მაშინ სპეცოპერაცია უნდა მოეწყოს….“, – გვითხრა პაატა ბერიძემ.

კონტროლის რა მექანიზმი არსებობდა აქამდე იმისთვის, რომ სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელს სახელმწიფოს ფული არ მიესაკუთრებინა, ამ კუთხით პაატა ბერიძემ მხოლოდ ის გვითხრა,  რომ აქამდე რა ხდებოდა, ინფორმაციას არ ფლობს.

პაატა ბერიძე საწარმოთა მართვის განყოფილებაში სპეციალისტად მუშაობდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: