აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსად პაატა ბერიძე დაინიშნა. ის აქამდე ამ განყოფილებაში სპეციალისტად მუშაობდა. განყოფილების უფროსის თანამდებობა თამაზ ხაბაძეს ეკავა, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამას. თამაზ ხაბაძემ თანამდებობა აპრილში დატოვა.
თამაზ ხაბაძეს სამსახურიდან წასვლის მიზეზზე არ უსაუბრია. არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებთან“ საკადრო ცვლილება სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციას დაუკავშირა, ხოლო სამინისტროს ინფორმაციით, თამაზ ხაბაძემ სამინისტრო თავისი სურვილით დატოვა.
თამაზ ხაბაძესთან უშუალოდ იყო ანგარიშვალდებული სახელმწიფო შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორი, რომელმაც სახელმწიფოს 5 მილიონი მიითვისა. ირაკლი ცეცხლაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საქმეზე გამოძიებას სხვა თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუსვამს.