მთავარი,სიახლეები

82 წლის ქალი ბინიდან გამოსახლების მოლოდინში

18.05.2017 • 2306
82 წლის ქალი ბინიდან გამოსახლების მოლოდინში

საიათნოვას 4-ში მცხოვრებ 82 წლის ალექსანდრა ტორუნს [ბათუმში ჩაის სახლის შენობა] ბინის დაცლას აიძულებენ. ამბობს, რომ ბინის კანონიერმა მესაკუთრემ შესასვლელი კარის გასაღები წაართვა, ტუალეტის კარი აუჭედა და სახეშიც გაარტყა. გასულ წელს კანონში შესული ცვლილების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთრებიდან პირის გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება.

„აქ ვცხოვრობ 1983 წლიდან, მომიტანონ სასამართლოს გადაწყვეტილება და წავალ,“ – 82 წლის ალექსანდრა ხელიდან ნავთის ლამპას არ დებს, წმენდს და ისე მიყვება. – „სინათლეც გამითიშეს. ტელეფონიც… არადა, პირველად ამ ქუჩაზე ჩემს მამამთილს ჰქონდა ტელეფონი. ცნობილი ექიმი იყო, გეცოდინებათ, გრიშა ლორია… მას მისცეს ეს ბინა, აქ უყვარდა ყოფნა, ზღვას უყურებდა. როცა გარდაიცვალა, აქ გადმოვედი მეც. დედამთილს ვუვლიდი დიდხანს. 40 წელი ტრანსფორმატორების ქარხანაში ვმუშაობდი. ორი შვილი მყავს. ახლა არავინაა ჩემთან…“

ბინა მისმა შვილიშვილმა გაასხვისა 2003 წელს. ხანდაზმული ქალი ირწმუნება, რომ ეს თაღლითური გზით მოხდა: „ჩემი შვილიშვილი მეზღვაურია. წლების წინ, როცა სწავლა დაასრულა, ზღვაზე წასასვლელად თანხა სჭირდებოდა. როგორც ახლა გავიგე, ეს თანხა – 300 დოლარი მეზობლისგან სესხად აუღია, სანაცვლოდ კი ბინის განკარგვაზე მინდობილობა გაუცია მეზობლისთვის. არ ვიცოდი, თუ ჰქონდა ეს ფული აღებული, თორემ პენსიით გადავუხდიდი“.

სასამართლოს ეს საქმე ჯერ არ განუხილავს და რამდენიმე მესაკუთრის გამოცვლის შემდეგ, ერთოთახიანი ბინის მესაკუთრე ამჯერად ალექსანდრას მეზობელია. „ბავშვობიდან ვიცნობ გიორგის. ახლა სპეცრაზმელია და მხოლოდ კვადრატულობა აინტერსებს. ბინაზეა ჩაბღაუჭებული, მეტი არაფერი აინტერესებს“, – ამბობს ალექსანდრა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სადავო ბინა გიორგი გეგუჩაძის საკუთრებაა: „მე შევიძინე ეს ბინა გასული წლის ბოლოს. მთხოვა, ახალი წელი მოდის, მადროვე და მერე წავალო. ახლა აღარ მიდის და იგონებს, თითქოს რაღაცას ვუშავებ და ვავიწროვებ,“ – გვითხრა გიორგი გეგუჩაძემ, მას ტელეფონით დავუკავშირდით. გიორგი გეგუჩაძე ერთ-ერთი სპეცდანიშნულების სამსახურის თანამშრომელია. მან „ბათუმელებთან“ საუბრის დროს გამორიცხა ძალადობის ფაქტი. არ დაუმალავს, რომ სასამართლო პროცესი ბინის წინა მესაკუთრესთან უფლებამონაცვლეობის კუთხით ამ დრომდე აქვს.

რატომ არ მიმართა სასამართლოს გამოსახლების გადაწყვეტილების მისაღებად? – გიორგიმ გვიპასუხა, რომ სასამართლოს წინა მესაკუთრემ მიმართა და ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილებაც არსებობს, მაგრამ აღსრულების ეროვნული ბიურო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„კანონით დაცულია მესაკუთრე და ვერ გავიგე, რა ხდება. რატომ არ რეაგირებს აღსრულების ბიურო, არ ვიცი. მეუბნებიან, რომ ხელახლა უნდა მივმართო სასამართლოს. მიმართეთ აღსრულების ბიუროს და იქ გაჩვენებენ საბუთებს, ყველაფერი იქაა,“ – ამბობს გიორგი გეგუჩაძე. მან ვერ გვაჩვენა სასამართლოს გადაწყვეტილება, ან სააღსრულებო ფურცელი, რასაც სასამართლო მსგავს შემთხვევებში გასცემს და მას 10-წლიანი მოქმედების ვადა აქვს.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში გვითხრეს, რომ სხვა პირების შესახებ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან, ხოლო გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე შესაძლოა აღმასრულებელი ნებაყოფლობით ცდილობს პროცესის დასრულებას და ეს გონივრული ვადაა. ალექსანდრა ამბობს, რომ მასთან აღმასრულებლის შეტყობინება არ მისულა.

ალექსანდრა შვილებზეც გვიყვება. ერთმა გოგომ შვილი დამიტოვა და წავიდა, დღემდე არ ვიცი სად არის. „შვილიშვილი, ვის სახელზეც იყო ეს ბინა, მძიმედ ავადაა და ესპანეთშია. მეორე გოგო ბათუმში ცხოვრობს ოჯახთან ერთად…“.

ორსართულიან სახლში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ალექსანდრას იმ ოჯახთან აქვს საზიარო სამზარეულო და ტუალეტი, ვისთანაც კონფლიქტი აქვს. ტუალეტის კარი აჭედილია.

„ავჭედეთ, იმიტომ, რომ საშინელი სუნი იდგა. არავინ უვლიდა, ბავშვები იზრდებიან აქ…“ – გვითხრა სოფო გეგუჩაძემ, ბინის მესაკუთრის დამ.

ალექსანდრას თქმით, ბინა 120 წლისაა და იგი იტალიელმა არქიტექტორებმა ააგეს. „ამიტომაცაა ეს ბუხარი ასეთი ლამაზი დღემდე… აქ ყველაფერი ლამაზი იყო, მაგრამ მოუვლელობით გაფუჭდა, ჭერიდან წყალი ჩამოდის, სადაცაა ჩამოიქცევა. ამ პარკებით ვამაგრებ წვიმას,“ – გვაჩვენებს ის და მერე ისევ ნავთის ლამპას უბრუნდება, – „არავინ არ მიცავს მე, პოლიციამ საქმეც კი არ აღძრა ცემის ფაქტზე. ლამპა უკვე მზადაა, დღეს ნარდის თამაშს ვაპირებ…“

IMG_20170518_134421

IMG_20170518_134240

IMG_20170518_134607

IMG_20170518_134327

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: