მთავარი,სიახლეები

მთავრობა თხლვანაში სტიქიით დაზარალებულების ბინებით უზრუნველყოფის საკითხს განიხილავს

18.05.2017 • 1902
მთავრობა თხლვანაში სტიქიით დაზარალებულების ბინებით უზრუნველყოფის საკითხს განიხილავს

ამ წუთებში აჭარის სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია სტიქიის შედეგად დაზარალებული 32 ოჯახის საკითხს განიხილავს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 800 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

ამასთან დაკავშირებით კომისიის სარეკომენდაციო წერილი დასამტკიცებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საერთო ჯამში, აჭარის მთავრობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მუდმივად მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს 1 475 000 ლარით, ხოლო 2 ოჯახს ბინით დააკმაყოფილებს.

გარდა ამისა, თხილვანაში მცხოვრები 27 ეკომიგრანტი ოჯახის 25-25 000 ლარით უზრუნველყოფის საკითხი სამთავრობო კომისიამ მაისის დასაწყისში განიხილა (ამ ოჯახებისთვის თანხა უახლოეს დღეებში გამოიყოფა).

ორი ეკომიგრანტი ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების საკითხი ხულოს სოციალურ სახლში განიხილება.

სოფელ თხილვანაში მეწყრული პროცესები მიმდინარე წლის დასაწყისში გააქტიურდა. სტიქიამ საფრთხე ათობით ოჯახს შეუქმნა.

დღესვე კომისია იმსჯელებს ხულოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრებას დაქვემდებარებული სამი ოჯახისა და ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული სამი ოჯახის ფინანსური დახმარების საკითხს. კომისია განიხილავს ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობას, სტიქიისა შედეგად დაზარალებული ორი და ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთი ოჯახის ფინანსური დახმარების თაობაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს უსაფრთხო საცხოვრისის შესაძენად თანადაფინანსება გაიცა 25 ოჯახზე, ხოლო ცხრა ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცა ბინა საკუთრებაში.

2017 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 27 ოჯახზე 279 022 ლარი გაიცა; 2016 წელს საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 117 ეკომიგრანტი ოჯახი. 61 ოჯახზე გაიცა ფინანსური დახმარება – 698 050 ლარის ოდენობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: