მთავარი,სიახლეები

შავი ზღვის პორტების პრობლემები და გამოწვევები – კონფერენცია ბათუმში

18.05.2017 • 3898
შავი ზღვის პორტების პრობლემები და გამოწვევები – კონფერენცია ბათუმში

ტრიბუნასთან გამომსვლელები თითქმის ერთხმად შეთანხმდნენ, რომ დიდი გემებისა და მაღალი ტონაჟობის ტვირთების მიღების შესაძლებლობა შავი ზღვის პორტებისთვის მთავარი გამოწვევაა. შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ამ პრობლემების – ბოლო დროს ტვირთბრუნვის მოცულობის შემცირების [რაც ზოგიერთი ქვეყნის პორტში, მათ შორის საქართველოში მკვეთრად 2013 წლის შემდეგ გამოიხატა] მოსაგვარებლად, შესაბამისი ღონისძიებების სასწრაფოდ არის დასაწყები.

შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის „შერატონში“ ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მას ბათუმის საზღვაო ნავსადგური მასპინძლობს.
კონფერენციაზე შავი ზღვის ქვეყნების პორტების მენეჯერებმა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გარდა ერთი მთავარი კითხვა გააჟღერეს:

„ვინ უზრუნველყოფს ხარჯებს პრობლემების მოსაგვარებლად?“ – ამ კითხვაზე პასუხის თავისი ვერსია მხოლოდ ქალაქ კონსტანტას პორტის ლოჯისტიკური საბჭოს წევრმა, თეოდორ პარიჩიმ გააჟღერა. მან თქვა, რომ ეს საზოგადოებრივი პრობლემაა, ამიტომ პრობლემები „ყველას ფულით უნდა მოგვარდეს“.

როი ვან ეიედენმა ინგლისიდან, ტვირთბრუნვის შემცირებისა და პორტების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას, ქვეყნებს შორის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო მეოთხე ქვეყანაა პორტებში ტვირთბრუნვის შემცირების მიხედვით. შესაბამისად, აუცილებელია დაიწყოს ბათუმისა და ფოთის პორტების დინამიური განვითარების პროცესი.

როი ვან ეიედენის თქმით, არც მათ აქვთ დიდი ზრდა, თუმცა ტვირთბრუნვის თვალსაზრისით ყველაზე მდგრად სიტუაციაში ახლა ბულგარეთი და თურქეთი არიან. თურქეთის შემთხვევაში ამას, გარკვეულწილად, განაპირობებს ამ ქვეყნის ხელისუფლების რუსეთის ხელისუფლებასთან დამეგობრება.

„… როდესაც ვსაუბრობთ ბოსფორზე [სრუტე] ვიცით, რომ გემების რაოდენობა მცირდება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ იზრდება გემების მოცულობა და, შესაბამისად, ტვირთის ტონაჟობაც“, – განაცხადა როი ვან ეიედენმა.

როი ვან ეიედენის ინფორმაციით, თურქეთში ახლა იმაზე ფიქრობენ, რომ ბოსფორის სრუტე ბოსფორის არხად იქცეს: „თურქეთი ოცნებობს ამაზე და თუ ეს ასე მოხდა, ეს მთელ სტრუქტურას შეცვლის. ამაში არსებობს ლოგიკა და საერთაშორისო ოპერატორები ამ პროცესს გაფართოებული თვალებით ადევნებენ თვალყურს“.

როი ვან აიედენი ამბობს, რომ ამ მხრივ სახარბიელო მდგომარეობა არც უკრაინას აქვს. მისი დაკვირვებით ახლა უკრაინა მთავარ აქცენტებს პრივატიზებაზე აკეთებს და არა საზღვაო მიმოსვლაზე.

„როდესაც შავი ზღვის პორტებს სხვა პორტებს ვადარებთ, ვხედავთ, რომ საჭიროა განვითარება და უფრო და უფრო მეტი მოძრაობა“, – მიაჩნია ინგლისელ სპეციალისტს.

კონფერენციაზე შავი ზღვის პორტების მენეჯერებმა კონტეინერების გადაზიდვისა და პარკინგის პრობლემებზე, სარკინიგზო გადასასვლელებსა და ირანის ფაქტორზე, ასევე ჩინეთის ალტერნატიულ პროექტებზეც ისაუბრეს.

ორდღიან კონფერენციაში 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი ღებულობს მონაწილეობას. საკვანძო საკითხებსა და გამოწვევებზე გლობალური ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის სფეროს შესახებ 30-მა სპიკერმა ისაუბრა. კონფერენციის საგამოფენო ნაწილში 40-მდე კერძო კომპანია, ორგანიზაცია და სახელმწიფო სააგენტოა წარმოდგენილი. კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო საკონტეინერო სატერმინალო სერვისების კორპორაციის (ICTSI) შვილობილი კომპანია ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური (BSP).

გადაბეჭდვის წესი