მთავარი,სიახლეები

რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია

18.05.2017 • 6613
რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია

ბათუმში, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია მოწყობილი და აქამდე მიიჩნეოდა, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო  ადგილი იყო, ფაქტობრივად, დაჭაობებულია. ტბის ირგვლივ მძაფრი სუნი და ნაგავი ტბაში რამდენიმე თვეა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუ 6 მაისის პარკში, ასე თუ ისე ნურიგელის ტბას უშველეს, რომელსაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა, არდაგანის ტბას ამ დრომდე არავინ პატრონობს.

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ტერიტორია მათ დაქვემდებარებაში არ არის და „სხვის საკუთრებაში ვერ ჩაერევიან“, თუმცა იციან, რომ ტბის გაწმენდაზე ტენდერია გამოცხადებული. ეს „სხვა“ კი ამ შემთხვევაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა, უფრო ზუსტად, მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „ბათუმის ბულვარი“. არდაგანის ტბაზე ზრუნვა ბულვარის ადმინისტრაციის უშუალო მოვალეობაა.

ერთადერთი, რაც ბოლო პერიოდში „ბულვარმა“ გააკეთა იყო ის, რომ თითქმის ტურისტული სეზონის დაწყების წინ, 5 მაისს, გამოაცხადა ტენდერი ტბის გაწმენდითი სამუშაოების შესყიდვაზე. ეს ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

189 ათას 810 ლარზე გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთი კომპანია – „მარეთი 777“ მონაწილეობდა, რომელმაც ბულვარს ტბის გაწმენდა 160 ათას 7 ლარად შესთავაზა. კომპანიას ბულვარის სატენდერო კომისიამ გუშინ, 17 მაისს, დისკვალიფიკაცია მისცა. შესაბამისად, ტბის გაწმენდა ბულვარმა შესაძლოა ივლისამდეც ვერ მოახერხოს.

დისკვალიფიკაციის მიზეზად კომისიამ მიუთითა, რომ კომპანიამ ვერ წარმოადგინა „გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები“. ასეთი ინფორმაციის წარდგენა „ბულვარმა“ ტენდერის მოთხოვნაში თავიდანვე ჩადო. ეს კი გულისხმობდა, რომ ტენდერში ვერავინ გაიმარჯვებდა, თუ ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ანალოგიური შინაარსის [ტბის გაწმენდა] სამუშაო არ ექნებოდა შესრულებული. თანაც, ეს სამუშაო 2014 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის 5 მაისამდე უნდა ყოფილიყო შესრულებული.

„ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული მსგავსი ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [წყალსაცავების, ტბების, მდინარეების, არხების გაწმენდითი სამუშაოები] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 400 000 [ოთხასი ათასი] ლარის ოდენობით“, – წერია სატენდერო პირობებში.

„ბათუმელებს“ არ გადაუმოწმებია ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენი ტბა თუ წყალსაცავი გაიწმინდა [ან გაიწმინდა თუ არა საერთოდ] აჭარაში, ან თუნდაც საქართველოში და ვის აქვს შესაბამისი გამოცდილება. თუმცა, „ბათუმის ბულვარს“ ვკითხეთ, რატომ არ გამოაცხადა ტენდერი მაისამდე და რატომ ჩაუდეს აუცილებელ პირობად პრეტენდენტს კონკრეტულ პერიოდში 400-ათასლარიანი ანალოგიური შინაარსის სამუშაოს გამოცდილება ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნად.

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილის, ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, ბულვარის ადმინისტრაცია როცა შეიცვალა [მიმდინარე წლის თებერვალში] ტბის გაწმენდის სამუშაოები არ იყო დღის წესრიგში და მხოლოდ შემდეგ გამოიყო თანხა. „სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ტენდერი მაისის დასაწყისში გამოცხადდა“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ირაკლი ჯინჭარაძემ.

„სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო გამოცდილება არ ჩაგვედო პირობებში. ეს ერთ-ერთი დაცვის მექანიზმიც იყო. ამასთან, გვეჩქარებოდა, გვინდოდა ეს ყველაფერი ადრე მომხდარიყო და სწრაფი ტემპით გაგვესუფთავებინა ტბა. როცა ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით და არ გვყავდა შემდეგი პრეტენდენტი, შევწუხდით, შევიკრიბეთ მენეჯერები, ხელმძღვანელი, სატენდერო კომისია და ვიფიქრეთ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხომ არ წავსულიყავით, შესყიდვების სააგენტოსთანაც გავიარეთ კონსულტაცია… თუმცა, იქ თავისი მოთხოვნებია და შეიძლება კი ან არა ეთქვათ, დასჭირდებოდა ცალკე ბაზრის კვლევაც… ამიტომ, გვქონდა გამარტივებულ ტენდერზე ნებართვა და გამოვაცხადეთ ხელახლა ტენდერი“, – ამბობს ირაკლი ჯინჭარაძე.

მისივე თქმით, სატენდერო მოთხოვნაში ამჯერად გამოცდილება დარჩა, თუმცა შესრულებული სამუშაოს ღირებულება შემცირდა 250 ათას ლარამდე. თუმცა გაიზარდა სამუშაოს ვადები. 30 დღის ნაცვლად, გამარტივებულ ტენდერში გამარჯვებულმა ტბა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა გაწმინდოს. ბულვარის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ამ გზით ტენდერში მეტი პრეტენდენტი მიიღებს მონაწილეობას.

ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 22 მაისს დაიწყება და 24 მაისს დასრულდება. სატენდერო თანხა იგივეა – 189 ათას 810 ლარი.

„არ არის ასეთი სამუშაოები ხშირი და ვინც არის გამოცდილების მქონე, არის აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისში. იმათ, ალბათ, ამ თანხაზე არ უღირდათ ტენდერში მონაწილეობა. ბათუმში კი, ერთი-ორი კომპანიაა, ვისაც აქვს მსგავსი გამოცდილება. თუ კიდევ ჩავარდა ტენდერი, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით წავალთ და აღარ იქნება პრობლემები“, – აცხადებს ირაკლი ჯინჭარაძე.

არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/

არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/

„ეს არის შემკრები აუზი, სადაც უნდა შეიკრიბოს ქალაქის სანიაღვრე სისტემებიდან მოსული მასები, გაიწმინდოს და გავიდეს ზღვაში, ეს დანიშნულება აქვს მას. აქ მერიას სატუმბი სადგურის მშენებლობა აქვს დაგეგმილი, იქამდე კი აუზი ფიზიკურად უნდა გაიწმინდოს ექსკავატორით და  სპეციალური ტექნიკის საშუალებით“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ გოჩა მჟავანაძემ, სსიპ-ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილემ.

არდაგანის ტბასთან ასაშენებელი სატუმბი სადგური ტბის წყლის ხარისხზე მხოლოდ იმ კუთხით თუ აისახება, რომ ძლიერი წვიმის დროს მასში სანიაღვრე არხებიდან წყალი ვერ მოხვდება. სხვა შემთხვევაში, როგორც მერიაში აცხადებენ, სანიაღვრე არხებიდან წყალი ტბაში არ შედის, ვინაიდან სანიაღვრე არხი ტბის გვერდის ავლით დამოუკიდებლად უერთდება ზღვას.

არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/

არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/

„ტბასთან თავს იყრის ნინოშვილის ქუჩიდან გამომავალი სანიაღვრე არხი და ასევე არხი ჯავახიშვილის ქუჩიდან, რომელსაც თავის მხრივ, „ჭაობის“ დასახლებაში უერთდება კიდევ ერთი ცენტრალური სანიაღვრე არხი [რომელიც გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან გამოდის]. ეს სანიაღვრეები უშუალოდ ტბას არ უერთდება, ზღვაში ჩადის. მაგრამ არხს აქვს ე.წ. ფანჯარა, რომლიდანაც ტბაში სანიაღვრე წყლები დიდი წვიმის დროს გადადის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ჯაბა ტუღუში, მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში. მისივე თქმით, ტბას შესაძლოა სხვა, მცირე სანიაღვრე არხებიც უერთდებოდეს.

არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/ თედო ჯორბენაძის ფოტოები

არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/ თედო ჯორბენაძის ფოტოები

რაც შეეხება სატუმბი სადგურის მშენებლობას, მასზე მერიას საერთაშორისო ტენდერი აქვს გამოცხადებული, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი კომპანიის მონაცემების შესწავლა, რომლებმაც თავიანთი წინადადებები წარადგინეს ტენდერში. თუ გარკვეულ კრიტერიუმებს ერთი მაინც ვერ დააკმაყოფილებს, მომდევნო ეტაპზე ვერც ერთი ვერ გადავა. შესაბამისად, მერიას ხელახლა მოუწევს ტენდერის გამოცხადება, რაც, სადგურის მშენებლობისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის დაწყების დროს ავტომატურად გაახანგრძლივებს.

რა წყლები ჩაედინება დღეს არდაგანის ტბაში? – ამ შეკითხვითაც ბათუმის მერიას დავუკავშირდით, საიდანაც მერიის შპს „ბათუმის წყალში“ გადაგვამისამართეს. სანიაღვრე არხები ამ ეტაპზე მთლიანად მერიის საკუთრებაშია, თუმცა, ამ ინფრასტრუქტურის მოვლა-ექსპლუატაციას „ბათუმის წყალი“ სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს.

„ჯავახიშვილის ქუჩის მხრიდან ზღვაში შემავალ სანიაღვრე არხსა და არდაგანის ტბას შორის არის ერთგვარი დერეფანი [მოკლე არხი], რომელიც რეგულირებადია – შეიძლება მთლიანად დაიკეტოს და ტბაში არ მოხვდეს წყალი სანიაღვრე არხიდან, ან პირიქით, გაიხსნას და სანიაღვრედან წყალი ჩავიდეს ტბაში. ეს დერეფანი ამ დროისთვის იმ დონეზეა მუდმივად გახსნილი, რომ წვიმის დროს ქალაქში წყლის გამტარუნარიანობას პრობლემა არ შეექმნას. შესაბამისად, ძლიერი წვიმის დროს წყალი არხიდან ტბაში გადადის. რაც შეეხება სხვა შემავალ არხებს, გმირთა ხეივნიდან შედის ერთადერთი მცირე სანიაღვრე არხი ტბაში. სხვა არხები ტბას არ უერთდება“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტბის ტერიტორიის მესაკუთრე ბათუმის მუნიციპალიტეტია – ის უზუფრუქტით აქვთ „ბათუმის ბულვარისთვის“ გადაცემული.

მერიას სხვა „საკუთარ ტერიტორიაზე“, ასევე სანაპირო ზოლში, ტურისტული სეზონის წინ ნაგავსაყრელი აქვს „მოწყობილი“. აქ, აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ, შლამისა თუ ტალახის დაყრაზე ბათუმის მერიამ თავად გასცა ნებართვა.

არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/

არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/

ხიმშიაშვილის ქუჩიდან არდაგანის ტბასთან ჩასასვლელი / ბათუმი/ 18.05.2017

ხიმშიაშვილის ქუჩიდან არდაგანის ტბასთან ჩასასვლელი / ბათუმი/ 18.05.2017

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: