აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ლგბტ ადამიანების უფლებებზე

რატომ ვერ გრძნობენ თავს დაცულად სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ქუჩაში, ქვეყანაში და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის სიცოცხლისა და გამოხატვის უფლება იყოს დაცული? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები საუბრობენ.

ცოტნე ანანიძე

ცოტნე ანანიძე

ცოტნე ანანიძე, „ქართული ოცნება“: „სახელმწიფოს რა ვალდებულებაც აქვს, ეს არის კანონით რეგულირებული. პირველ რიგში, ყველა ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და ნებისმიერი ადამიანის დისკრიმინაცია იყოს აღმოფხვრილი, ეს მოგვწონს თუ არა.

ხელისუფლების ამოცანაა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულება, თუმცა შეიძლება იყოს კონკრეტული შემთხვევები, როცა სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები არ არის მყისიერი და ეფექტური. თუმცა, მსგავსი ტიპის გამოწვევები შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში არსებობდეს. მთავარი მაინც არის სახელმწიფოს მიდგომა, ქართული სახელმწიფოს პოზიციაა ნებისმიერი ადამიანის მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა. გასაგებია, რომ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში ლგბტ ადამიანები გარკვეულწილად იწვევენ აგრესიას, მაგრამ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ყველა ადამიანი ძალადობისგან და ამას ხელისუფლება არ გაურბის“.

ნინო ჩხეტია

ნინო ჩხეტია

ჩხეტია ნინო, „ქართული ოცნება“: „ყველაზე ნიშანდობლივია სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ნათლად ჩამოყალიბება იმის, რომ სახელმწიფოში დაცული უნდა იყოს ყველა ადამიანის უფლება, მათი ეთნიკური, რელიგიური, თუ  სხვა განსხვავებულობის მიუხედავად.

რაც შეეხება ლგბტ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას, ამ მიმართულებით არის გარკვეული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა, როცა საქმე ეხება ადამიანების უფლებებს, აქ პირველი მიმართულება არის განათლება. ზოგადად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა იმსჯელოს არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტურობაზე. შემაშფოთებელი მდგომარეობა, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, არ გვაქვს, თუმცა გაუმჯობესება შესაძლებელია.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ბოლომდე ვერ დავეთანხმები ლგბტ ადამიანებს, რომ მათ სახელმწიფო ვერ იცავს, რადგან ბევრი რამ კეთდება ამ მიმართულებით, მაგრამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, რჩება მაინც სივრცეები, სადაც სახელმწიფო ვერ შედის. მათ დღეს ჰქონდათ შესაძლებლობა იმის, რომ საკუთარი პოზიციები დაეფიქსირებინათ“.

 

49050

ილია ვერძაძე, „ქართული ოცნება“: „სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანების დაცულობა არის ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი არის მიღებული. თუმცა, კანონის მუშაობის თემა, სამწუხაროდ, არ არის ზემოდან იმპერატიულად გადასაწყვეტი საკითხი. ამას სჭირდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და ერთიანი ძალისხმევა.

როცა ვიღაც ამბობს, რომ „სახელმწიფო ვერ გვიცავს“, იმიტომ რომ თვითონ მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ეს სხვა საკითხია. მე მასე სასამართლო მოვიგე, მაგრამ აღსრულების პროცესი არის გაჭიანურებული, ამიტომ უნდა დავდგე და ვიძახო, რომ სახელმწიფო ვერ მიცავს?

შეიძლება რაღაც კარგ კანონებს ვერ ვასრულებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცვლილებები არ ხდება. ზოგადად, ჩვენი ქვეყანაა ასეთი, ნელ-ნელა მიდის ცვლილება. მეც მინდა, რომ სოლიდარობის განცდა იყოს დიდი, მაგრამ არ არის. ვიმედოვნებ, საზოგადოებრივი ინსტიტუტები, ზოგადი განათლება, ტრენინგების სისტემა იმუშავებს და ბოლოს და ბოლოს ადამიანები მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. ვფიქრობ, მივდივართ აქეთკენ“.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com