მთავარი,სიახლეები

ნარკოდანაშაული – სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაზე მეტად პოლიციელთა ჩვენებას ენდო

17.05.2017 • 2888
ნარკოდანაშაული – სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაზე მეტად პოლიციელთა ჩვენებას ენდო

ორი სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებლით შეცვალა. ირაკლი ვაშაკიძეს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებოდა გამოძიება და მას უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ: ნინო გვენეტაძემ, პაატა სილაგაძემ და გიორგი შავლიაშვილმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ამ საქმის განხილვის დროს, დაცვის მხარემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ბიოლოგიური, იგივე დნმ ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რითაც ნარკოტიკის შეფუთვაზე არსებული თითის ანაბეჭდის ნიმუში ვაშაკიძის ნიმუშს არ დაემთხვა. ბათუმის საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლო გამამართლებელი განაჩენის მიღების დროს ექსპერტიზის ამ დასკვნას დაეყრდნო. იგივე დასკვნა გასათვალისწინებელი არ აღმოჩნდა უზენაესი სასამართლოსთვის.

სასამართლოსთვის, რომელიც თავისი გადაწყვეტილებებით პრაქტიკას ამკვიდრებს, სარწმუნო მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი მოწმე პოლიციელების ჩვენებები აღმოჩნდა, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა.

„გამოდის, რომ სასამართლოს პრაქტიკა იცვლება“, – მიიჩნევს ადვოკატი რამინ პაპიძე. იგი დარწმუნებულია, რომ ექსპერტული დასკვნის მიუხედავად, შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს უთხრან, რომ ადამიანების ჩვენებებს დაეყრდნო სასამართლო. რამინ პაპიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძემ მიიღო.

„სხვა საქმეებიც არსებობს, სადაც გამამართლებელი განაჩენი სწორედ ექსპერტიზის დასკვნის გამო დადგა. გამოდის, რომ ამ საქმეებშიც უნდა ველოდოთ გამამართლებელი განაჩენის გამამტყუნებლით შეცვლას, თუკი ექსპერტიზის დასკვნა მნიშვნელობას კარგავს. ნებისმიერი ექსპერტი სასამართლო პროცესზე გვპასუხობს, რომ დნმ ექსპერტიზა არის უტყუარი და პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა ამ დასკვნის ცდომილება გამოვლენილიყო“, – გვიყვება რამინ პაპიძე.

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის პრეცედენტი, ეს ძალიან საშიშია“, – ამბობს ირაკლი ჩოფიკაშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი. ის აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ უზენაესი სასამართლო მტკიცებულებებს არ იკვლევს და მხოლოდ სამართლებრივად აფასებს წინა ინსტანციების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„გარდა ამისა, დნმ-ის ექსპერტიზა არის მეცნიერების და ტექნიკის მიღწევაზე დამოკიდებული, მოწმე კი, შესაძლოა ცდებოდეს. მოწმის ჩვენებას სჭირდება მოსამართლის შეფასება – სიმართლე თქვა თუ არა. ბიოლოგიური ექპსერტიზის დასკვნას კი გამოკვლევა სასამართლოს მხრიდან არ სჭირდება. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნას სხვა ღირებულება აქვს,“ – გვიყვება არჩილ ჩოფიკაშვილი.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ბიოლოგიური ექპერტიზის ცდომილების შესაძლებლობა და ყოფილა თუ არა მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დნმ-ის ექსპერტიზა უშეცდომოა.

„თითოეულ ადამიანს აქვს უნიკალური გენეტიკური კოდი. ბუნებაში არ არსებობს ერთნაირი გენეტიკური პროფილის მქონე ორი ადამიანი, გარდა მონოზიგოტური ტყუპებისა. სწორედ ამიტომ არის ადამიანის, ან მისი ბიოლოგიური მასალის დნმ იდენტიფიკაცია უშეცდომო. დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ბიოლოგიური ნიმუშის გენეტიკური პროფილის მიღება ხდება ბოლო თაობის მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოების საშუალებით და ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, საექსპერტო დასკვნის მზადდება გადამოწმებულ შედეგებზე დაყრდნობით,“ – მოგვწერეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან.

რა დასაბუთებით მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ, ჯერ უცნობია, რადგან გადაწყვეტილება გამოქვეყნებული არ არის. ირაკლი ვაშაკიძის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი პაატა შავაძე იცავდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: