მთავარი,სიახლეები

რა თანხას დაიბრუნებს სახელმწიფო მითვისებული 5 მილიონიდან

16.05.2017 • 3855
რა თანხას დაიბრუნებს სახელმწიფო მითვისებული 5 მილიონიდან

შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორს, ირაკლი ცეცხლაძეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მსჯავრდებულის ის საბანკო ანგარიშებიც ჩამოთვალა, სადაც მას თანხა აქვს განთავსებული – ჯამში 130 256 აშშ დოლარი და 988,77 ლარი. უკანონოდ მითვისებული 5 მილიონიდან სახელმწიფო მხოლოდ ამ თანხას დაიბრუნებს.

ამას გარდა, ბელორუსიაში დაკავების დროს, ირაკლი ცეცხლაძემ გამოძიებას გადასცა 600 ათასი ლარი.

„4 მილიონ 400 ათასი მას უკვე დახარჯული აქვს. სად დახარჯა, არ ვიცი. ვერაფერს გეტყვით იმის გარდა, რაც სასამართლო პროცესზე მოისმინეთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი ცეცხლაძის ადვოკატმა, ომარ ხაჯიშვილმა.

სასამართლო პროცესზე პროკურატურას არ აუხსნია, რა სქემით მიითვისა მსჯავრდებულმა და სად წავიდა სახელმწიფოს კუთვნილი მილიონები. პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა დავით ჭარბაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ 5 მილიონი 2016 წლის განმავლობაში მიითვისა ირაკლი ცეცხლაძემ. პროკურორმა არ დაგვიკონკრეტა, კონკრეტულად რომელ თვეში მიითვისეს თანხა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი ცეცხლაძემ დავით ბალაძის მინისტრობის დროს მიითვისა სახელმწიფოს ფული. დავით ბალაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან 2016 წლის ივლისში წავიდა.

პროკურორმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა ჟურნალისტებთან, რომ სხვა პირების მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს.

5 მილიონის მითვისებაზე ჟურნალისტებთან საუბარი არც ირაკლი ცეცხლაძის ახლობლებმა ისურვეს, რომლებიც დღეს სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ. არც ერთ მათგანს სასჯელის გამოცხადების დროს რეაქცია არ ჰქონია.

სასამართლო დარბაზი უსიტყვოდ დატოვა მსჯავრდებულმა ირაკლი ცეცხლაძემ. უკანონოდ თანხის მითვისებისთვის განსაზღვრული სასჯელი 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: