Temur

სარძევე ჯირკვლის დიაგნოსტიკა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

თეიმურაზ გოგიტიძე,
მამოლოგია-ონკოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

2016 წლის დეკემბრიდან ვმუშაობ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სარძევე ჯირკვლის პათოლოგიის დიაგნოსტიკას ვეწევი. აქ გვაქვს მამოგრაფიის ციფრული აპარატი სკრინინგისთვის. ეს არის სარძევე ჯირკვლის რენტგენული კვლევა, რომელიც მიიჩნევა ოქროს სტანდარტად სკრინინგში იმ პათოლოგიების გამოსავლენად, რომლებიც არ იგრძნობა ხელით არც ექიმისა და არც პაციენტის მიერ. ეს აპარატურა დასავლეთ საქართველოს არც ერთ კლინიკაში არ აქვთ, თბილისში შეიძლება იყოს ერთი-ორი, ან შეიძლება არც იქ იყოს. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მუშაობა სწორედ ამ აპარატურის გამო გადავწყვიტე.

რა განსხვავებაა მამოგრაფიის ციფრულ და არაციფრულ აპარატს შორის? – ხარისხი. არ ვიტყვი, რომ ძველი თაობის აპარატი სრულიად უსარგებლოა, მაგრამ დაწყებული დასხივების დაბალი დონით და დამთავრებული ძალიან მცირე პათოლოგიების გამოვლენით, ციფრული აპარატურა შეუდარებელია. ამას ემატება ოპერატულობაც – ძველი თაობის აპარატით გადაღების შემთხვევაში საჭიროა ლოდინი, რაც ამ შემთხვევაში საჭირო არ არის.

დიაგნოზის დასმა, ცხადია, დამოკიდებულია როგორც აპარატურაზე, ისე სპეციალისტზე. ამას ემატება პერსონალის კვალიფიკაციაც, რადგან კარგი გამოკვლევა იწყება კარგი სურათის გადაღებით. თუ რენტგენ-ლაბორანტმა არ გადაიღო სურათი კარგად, ვერაფერს დაადგენ. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ამ თვალსაზრისითაც ერთ-ერთი გამორჩეულია – გვყავს ძალიან კარგი რადიოლოგი, იგი თბილისში მუშაობდა რამდენიმე წელი, აკეთებს და კითხულობს მამოგრაფიას, ექოსკოპიას და ულტრაბგერით კვლევებს. ის არის რადიოლოგი, რომელიც სპეციალიზებულია მხოლოდ ძუძუს პათოლოგიებზე.

ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ შემთხვევები, რომლებიც გვაინტერესებს ან გვეეჭვება, გადავუგზავნოთ სხვებსაც, მაგალითად, ამერიკაში ან ისრაელში. ციფრული ტექნოლოგიები სწორედ იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, შეგვიძლია გავუზიაროთ ნებისმიერი მიმართულების ექიმს ნებისმიერ დროს. თუკი ლაბორანტმა სამედიცინო ფორმატის სურათი გადაიღო სწორად და თანამედროვე აპარატურით, აღარ აქვს მნიშვნელობა ის საქართველოშია გადაღებული თუ ამერიკაში. ბათუმში გადაღებულ კარგი ხარისხის სურათზე სპეციალისტს აშშ-იც შეუძლია დაწეროს დასკვნა. საზღვრებს არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ამითაც გამორჩეულია.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კლინიკის მსგავსი საოპერაციო აჭარაში არსად არის. გვაქვს ძვირადღირებული აპარატი „ლიგაშუ“. ჩვენთან ამ აპარატით კეთდება ოპერაციები. ადრე ექიმს ლანცეტი ჰქონდა, ახალი მოწყობილობა კი ლანცეტიც არის, საკვანძავიც და მაკრატელიც. ეს ოპერაციის დროს დაახლოებით ორჯერ ამცირებს. გარდა ამისა, ამცირებს პოსტოპერაციულ პერიოდს და გართულებებს. ადრე როცა ვაკეთებდი ოპერაციას, ორი კვირა სჭირდებოდა ადაპტაციას თუ ჭრილობის საბოლოო შეხორცებას, ახლა ოპერაციიდან მესამე დღეს ტოვებს პაციენტი საავადმყოფოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი