„5 მილიონის საქმეზე“ ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გახმაურებული „5 მილიონის მითვისების საქმეზე“ ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  მას ასევე ჩამოართმევენ იმ ფულს, რაც ამ დროისთვის საბანკო ანგარიშზე აქვს. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა დავით ჭარბაძემ მოსამართლეს სთხოვა, თავისუფლების აღკვეთის შეფარდების გარდა, ირაკლი ცეცხლაძის საბანკო ანგარიშებიდანაც მოიხსნას თანხა, „რაც მას უკანონო გზით აქვს მოპოვებული და უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს,“ – დასძინა პროკურორმა. მას არ დაუკონკრეტებია, რა ოდენობის თანხა აქვს ანგარიშებზე ამჟამად ირაკლი ცეცხლაძეს.

ადვოკატმა ომარ ხაჯიშვილმაც გაამახვილა ყურადღება მითვისებულ ფულზე. თქვა, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ცეცხლაძემ სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

„იგი არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას. ირაკლი ცეცხლაძე კარგი ავტორიტეტით სარგებლობს და ის სრულად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს,“ – ეს ადვოკატის ბოლო სიტყვა იყო.

პროცესზე და მანამდე არც პროკურატურას და არც ირაკლი ცეცხლაძეს არ განუმარტავს, რა სქემით მოხდა 5 მილიონის მითვისება, სად წავიდა ეს ფული და აპირებს თუ არა გამოძიება სხვა თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემას.

„ვეთანხმები,“- მხოლოდ ამ ერთი სიტყვით შემოიფარგლა მილიონების მითვისებაში ბრალდებულის „ბოლო სიტყვა“.

ირაკლი ცეცხლაძე შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორი იყო, ხოლო თანხა ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის იყო განკუთვნილი. შპს „ჰიგიენა 2009“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა. სამინისტრომ თანხის მითვისების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაავრცელა. ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 6 მარტს დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 4 მილიონ 984 ათას 200 ლარი მიითვისა.

ამ საქმის განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე დროში დაასრულა სასამართლომ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ვერ მოისმენა ვერც ერთი მოწმის ჩვენება. მიზეზი მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებაა მტკიცებულებების უდავოდ ცნობაზე. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო პროკურორისა და ადვოკატის მხოლოდ შესავალ და დასკვნით სიტყვებს ისმენს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი ცეცხლაძემ დავით ბალაძის მინისტრობის დროს მიითვისა სახელმწიფოს კუთვნილი თანხა. დავით ბალაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან 2016 წლის ივლისში გადადგა. სამსახურიდან ასევე წავიდა თამაზ ხაბაძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამად პარლამენტის წევრის, არჩილ ხაბაძის მამა. თამაზ ხაბაძე ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა და მის წინაშე უშუალოდ იყო ანგარიშვალდებული ირაკლი ცეცხლაძე.

IMG_20170516_145114

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი