აზიური ფაროსანა ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს – მწერთან ბრძოლა დატესტვის რეჟიმში

მავნებელი მწერი ფაროსანა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკარანტინო მავნებლების ნუსხაში შეიყვანა, ციტრუსს, თხილს, ვაზს, ატამს, ჟოლოს, ვაშლს, მსხალს… ბოსტნეულს, სიმინდს – სულ 300-მდე სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს. მავნებელი მცენარის ნაყოფს ხვრეტს და ნაყოფიდან წვენს იღებს, რაც ნაყოფის უჯრედულ დაზიანებასა და  მოსავლის ხარისხის დაცემას იწვევს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის თქმით, სამინისტრო პირველ ეტაპზე მონიტორინგს განახორციელებს და თუ აღმოჩნდება, რომ მწერი მასიურადაა გავრცელებული, ქიმიურ ღონისძიებებს გაატარებს.

„მოქალაქეების მომართვიანობა ძალიან მაღალია, არის სატელეფონო ზარებიც, ყველაზე მეტად ბათუმის შემოგარენსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან გვიკავშირდებიან. მწერი პირველად დაბლობში გამოჩნდა, თუმცა ქედის მუნიციპალიტეტის დასაწყის ზოლში რამდენიმე ადგილზეც კი დაფიქსირდა. პირველ ეტაპზე განხორციელდება მონიტორინგი, სურსათის ეროვნულ სააგენტოს შემოაქვს ფერომონები, რომელსაც სპეციფიკური დამახასიათებელი სუნი აქვს და მწერს იზიდავს.  ფერომონები რეგიონში 400 ადგილზე განთავსდება, ეს მოგვცემს საშუალებას, დადგინდეს მწერის გავრცელების სიხშირე, რის შემდეგაც განისაზღვრება რა ღონისძიება უნდა განხორციელდეს მავნებლის მართვაში, რომ არ მოხდეს გარემოში მწერის მასიური გავრცელება,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

მისივე თქმით, „მავნებელი მწერი საწყობებში, სახლებში, ღრიჭოებში იზამთრებს და გაზაფხულზე, როდესაც დღე-ღამის ტემპერატურა 12-15 გრადუსს აჭარბებს, იწყებს გამოსვლას და გამრავლებას. წამლობითი ღონისძიების გატარება ეფექტურია ივნისის ბოლოს. გარდა ქიმიური ღონისძიებებისა, მოახლეობას შეუძლია არაქიმიური ღონისძიებები გაატაროს თავის საკარმიდამო ნაკვეთებში, სახლებში, სადაც მწერი მოძრაობს, მოახდინონ მათი მექანიკურად განადგურება. ერთი მწერის განადგურებით ჩვენ ფაქტობრივად 250 ფაროსანას ვანადგურებთ და ვიცავთ გარემოს ამ მწერის გავრცელებისგან. რაც შეეხება ქიმიურ პრეპარატებს, ყველაზე ეფექტურია პირეტროიდული ჯგუფიდან ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები – ტალსტარი, ინსაკარი, ასევე გამოიყენონ ლამბდა-ციჰალოტრინის შემცველები კარატე, კარატე ზეონი და ენდიგო. ქლორპირიფოსის შემცველები დურსბანი და პრიბან, ქიმიური პრეპარატების გამოყენებისას აუცილებელია საჭირო დოზის დაცვა, პრეპრატების პირველი შესხურება უნდა მოხდეს არაუგვიანეს ივნისის ბოლოს.“

აზიური ფაროსანა, ფაქტობრივად, მასიურად არის გავრცელებული მთელ დასავლეთ საქართველოში.


აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, რისთვისაც საქართველოსა და ამერიკის მთავრობები, ჯამში, 15 მილიონ ლარს დახარჯავენ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამოქმედო გეგმა გააცნო მედიას, თუმცა, როდის აღმოიფხვრება სრულად მავნებელი მწერის პრობლემა, რომელმაც დასავლეთ საქართველოში თხილის სექტორს უკვე 60 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა, ჯერჯერობით არ იციან. როგორც სააგენტოში აცხადებენ, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შემუშავებული პროგრამა პირველ წელს მხოლოდ დატესტვისა და დაკვირვების იქნება.

ამავე თემაზე:

როგორ აპირებს მთავრობა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას

სეს: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პროგრამა პირველ წელს სატესტო იქნება

17668773_1839696502963587_394269690_o

აზიური ფაროსანა საცხოვრებელ სახლში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი