სიახლეები

რა ქონებას ფლობენ თანამდებობის პირების ცოლები აჭარაში

15.05.2017 • 5378
რა ქონებას ფლობენ თანამდებობის პირების ცოლები აჭარაში

მათი ცხოვრებაც  მას შემდეგ შეიცვალა, რაც მეუღლეები დეპუტატები, თავმჯდომარეები, მინისტრები – პირველი პირები გახდნენ, ბევრმა განსხვავებული ამპლუა მოირგო; ზოგმა ბიზნესი ჩაიბარა; ზოგიერთმა კი კომპანიის წილები ან დირექტორის თანამდებობა… ქონებრივ დეკლარაციებზე თვალის ერთი გადავლებითაც ნათელია, რომ პოლიტიკოსების კარიერულ აღმასვლას ცოლები ქონების მატებით ფეხდაფეხ მიჰყვებიან.

ნანა ბაჯელიძე დეპუტატ დავით ბაციკაძის მეუღლეა. ბოლო მოწვევის უმაღლეს საბჭოში დავით ბაციკაძე ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარას ხელმძღვანელობს“. მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭოს წევრად კიდევ ერთხელ აირჩიეს, ნანა ბაჯელიძემ მეუღლისგან სამშენებლო კომპანია „როიალ ბათუმის“ 25%-იანი წილი გადაიბარა. 2014 წლიდან, ანუ კომპანიის დაარსების დღიდან [დავით ბაციკაძე ამ დროისთვის უკვე დეპუტატია]  ის ამ შპს-ს დირექტორია.

ნანა პროფესიით ეკონომისტია და ათ წელზე მეტია „თი ბი სი“ ბანკში მუშაობს. თავდაპირველად მოლარე-ოპერატორის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი სპეციალური კურსები გაიარა და ახლა ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტ-შემფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კომპანია ჩაიბარა, ბანკში მუშაობა მას დღემდე არ შეუწყვეტია. სწორედ ამიტომაც უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ხშირად გამოთქვამდა ეჭვს, რომ ნანა დირექტორის თანამდებობას ფორმალურად იკავებს და კომპანიას დეპუტატი მართავს, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.

ნანა ბაჯელიძე მეუღლესთან ერთად

ნანა ბაჯელიძე მეუღლესთან ერთად

ნანა ამტკიცებს, რომ სამშენებლო კომპანიის დირექტორობა, საბანკო საქმესთან შეთავსებადია და ეჭვის საფუძველი არავის აქვს: „ეს ორი სფერო ერთმანეთს ხელს არ უშლის. არანაირი პრობლემა არ მაქვს. მართალია, სამშენებლო საქმიანობის გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ მქონდა ფინანსური მენეჯერის, ამ მხრივ მართვის გამოცდილება. მე ვიყავი „ნიკალას“ ბუღალტერი. გარწმუნებთ, რომ დათო კომპანიის საქმიანობაში არ ერევა და რომ ჰკითხოთ რა ღირს კვადრატული მეტრი ფართი, ამაზეც ვერ გიპასუხებთ.“

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ნანას, როგორც კომპანიის დირექტორს და 25%-ის მფლობელს [მეუღლის მინდობით] კომპანიაში საქმიანობიდან 2017 წლის 5 იანვრამდე არანაირი შემოსავალი არ მიუღია: „არ მიგვიღია შემოსავალი ჯერ და რა ჩაგვეწერა? – ახლახან, ბოლოს ჩამერიცხა 500 ლარი, როგორც დირექტორის ხელფასი“

ნანა ამბობს, რომ სამშენებლო საქმე სხვა პარტნიორებთან ერთად ბანკიდან გამოტანილი სესხით დაიწყეს. ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია „თი ბი სი“ ბანკთან დადებული სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ, რაზეც ვალდებულება თავად ნანას აქვს  აღებული [ 54 400 დოლარი – იპოთეკით დატვირთული სამომხმარებლო სესხი].

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც დავით ბაციკაძემ 2017 წლის 5 იანვარს შეავსო, ნანა ბაჯელიძე მნიშვნელოვან უძრავ ქონებას და ფასიან ქაღალდებს არ ფლობს. საცხოვრებელ სახლს ბათუმში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე კი, ერთპიროვნულად ფლობს დავით ბაციკაძე, ეს სახლი მას დედისგან მემკვიდრეობით მიუღია. 2008 წელს შევსებულ დეკლარაციაში დავით ბაციკაძემ ის 500 000 აშშ დოლარად შეაფასა.

„თი ბი სი“  ბანკიდან ნანა ბაჯელიძის სახელფასო ანგარიშზე დარიცხულმა თანხა 2016 წლის განმავლობაში 14 546,36 ლარი შეადგინა.

2008 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში დავით ბაციკაძე წერდა, რომ ნანა ფლობდა ბრილიანტის ანტიკვარულ ყელსაბამს, მაშინ ის დავით ბაციკაძეს 30 000 ლარად ჰქონდა შეფასებული. მომდევნო წლებში ეს ყელსაბამი ქონებრივ დეკლარაციებში არ ჩანს, არ ჩანს არც მისი გაყიდვით მიღებული შემოსავალი, თუმცა ნანამ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ ის გაყიდეს.

სამშენებლო კომპანიების წილები მინდობით მეუღლისთვის არ გადაუცია უმაღლესი საბჭოს წევრ ხვიჩა შარაშიძეს, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დეპუტატად აირჩიეს, წილები ძმას, გოჩა შარაშიძეს გადააბარა. თუმცა ამის შესახებ არც ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითებია და არც საჯარო რეესტრის მონაცემებშია ასახული. „არ მაქვს ვალდებულება რეესტრში ავსახო, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი უმაღლეს საბჭოში მიდევს“, – უთხრა დეპუტატმა „ბათუმელებს“.

ხვიჩა შარაშიძის მეუღლე პროფესიით ექიმია. თავად დეპუტატის ინფორმაციით, მაია ქარცივაძემ ახლახან დაამთავრა ორდინატურა უკრაინაში და მუშაობას „ევექსის“ კლინიკაში იწყებს.

დეპუტატის ინფორმაციით, რომელიც მან დეკლარაციაში შეიტანა, მაია ქარცივაძე პირად საკუთრებაში ფლობს ბინას ბათუმში, ანგისის დასახლებაში, რაც მას 60 000 ლარად შეუძენია და კომერციულ ფართობს თანასაკუთრებაში [111კვ.მ], რაშიც 50 000 აშშ დოლარი გადაუხდია. ამავე მისამართზე მაია ქარცივაძეს შეუძენია კიდევ ერთი კომერციული ფართობი 100 000 აშშ დოლარად [160 კვმ].

გარდა ამისა, სხვადასხვა დროს მაია ქარცივაძეს შეუძენია ორი ბინა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე [50კვ.მ] 25 195 აშშ დოლარად და ბინა ბათუმში პუშკინის ქუჩაზე [115 კვ.მ], რომლის ღირებულებაც დეკლარაციაში მითითებული არ არის. 2014 წელს მაია ქარცივაძეს  43 000 აშშ დოლარად ავტომანქანა BMW X 6 შეუძენია.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, 2017 წლის იანვარში, მაშინ, როცა დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, მაია ქარცივაძეს ჰქონდა 7 000 აშშ დოლარი ანაბარზე. დეკლარაციის მიხედვით, მაიას, გასულ წელს, მეუღლისგან განსხვავებით იჯარით გასხვისებული ფართებიდან შემოსავალი არ მიუღია.

უმაღლესი საბჭოს წევრის ილია ვერძაძის მეუღლე მაია ქათამაძეც მათ შორისაა, ვინც მეუღლის უმაღლეს საბჭოში არჩევის შემდეგ მეუღლის კომპანიის 100-ვე პროცენტი მინდობით მიიღო. შპს „ლიმი“ ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე სასტუმრო „ლიმის“ მართვას უზრუნველყოფს. მაიას ქათამაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მეუღლე უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს, მან მხოლოდ „ლიმის“ წილები მიიღო მინდობით და ილია ვერძაძეს მისთვის არ გადაუცია შპს „ცდა 2008“-ის 15%-იანი წილი. ამ კომპანიის საქმიანობის სფერო მშენებლობაა. შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით ამ კომპანიას სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია.

მაია ქათამაძე

მაია ქათამაძე

თეა ხალვაში, ბათუმის არჩეული მერის გიორგი ერმაკოვის რეფერენტის თანამდებობაზე მუშაობს. ის უმაღლესი საბჭოს წევრის, განათლების კომისიის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის მეუღლეა. უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევამდე ის განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

ლადო მგალობლიშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თეა ხალვაში თანასაკუთრებაში ფლობს საცხოვრებელ სახლს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე [324 კვ.მ]. მას ეს სახლი მემკვიდრეობით მიუღია. სხვა უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და მნიშვნელოვანი დანაზოგი მის სახელზე არ იძებნება. გასულ წელს კი თეამ 16 485,  ორჯერ ნაკლები გამოიმუშავა , ვიდრე მისმა მეუღლემ ცხრა თვეში.
თეამ „ბათუმელებთან“ გასაუბრება არ მოინდომა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ მერიაში მუშაობა ლადო მგალობლიშვილის გაცნობამდე დაიწყო. ლადოს თქმით კი, თეა მერიაში 2014 წლიდან მუშაობს.

დეკლარაციაში არ ჩანს ვინ ფლობს უძრავ ქონებას, რომელიც ლადო მგალობლიშვილს გასულ წელს „DS GROUP“-ის გან შეუძენია, არ ფიქსირდება ამ უძრავი ქონების მისამართიც. დეპუტატის თქმით, ის ჯერ აშენებული არ არის, ამიტომ არ დაურეგისტრირებია.

მადონა ფალავანდიშვილი უმაღლესი საბჭოს წევრის, დავით თედორაძის მეუღლეა.  დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს მიწის ნაკვეთს [2600 კვ.მ] და საცხოვრებელ სახლს სოფელ ერგეში [203კვ.მ], თანასაკუთრებაში ფლობს ასევე მიწის ნაკვეთს კახაბერში [1625 კვ.მ]. ის არის გამომცემლობა „აჭარას“ აქციონერიც – 1%-ის მფლობელი. მადონა ფალავანდიშვილი ბათუმის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა.

დეკლარაციის მიხედვით, მადონა ფალავანდიშვილს აქვს სასესხო ვალდებულება.  2014 წელს მას აუღია სამომომხმარებლო სესხი 22 394 აშშ დოლარის ოდენობით. გასულ წელს მადონა ფალავანდიშვილს ხელფასის სახით 12 480 ლარი აქვს აღებული.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მეუღლე, ნათია დიასამიძე, პროფესიით იურისტია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,დაცვის პოლიციის დეპარტამენტში”  მთავარ სპეციალისტად [იურისტ კონსულტანტად] მუშაობს. გასულ წელს მან 9 4438 ლარი გამოიმუშავა ხელფასის სახით.

2016 წლიდან ნათია საკუთრებაში ფლობს ავტომანქანა SUZUKI – GRAND VITARA-ს, რომელიც მისთვის უჩუქებიათ, ამიტომაც დავით გაბაიძემ მანქანის ღირებულების შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა. ნათიას თქმით, მანქანა მას ძმამ აჩუქა: „დაახლოებით 5000 დოლარის ღირებულების მანქანაა, ძმას ეკუთვნოდა, ახალი შეიძინა და ეს მე გადმომცა საჩუქრად, მაშინ დავით გაბაიძის მეუღლე არ ვიყავი.“

დეკლარაციის მიხედვით, ნათია საკუთრებაში არ ფლობს სხვა რაიმე სახის უძრავ ქონებას, ფასიან ქაღალდებს და დანაზოგს, ის ასევე არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში.

დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2016 წლის ნოემბერში შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ანი ხოსიტაშვილი უმუშევარია. ის ფლობს 37 000 აშშ დოლარის ღირებულების ბინას ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე. დეკლარაციაში ჩანს ასევე, რომ ამ ბინის ღირებულებას ანი ეტაპობრივად 2013 წლიდან იხდის. ამავე წელს ანიმ გაყიდა საკუთარი ავტომობილი 8000 აშშ დოლარად [volkswagen – xxk 177. 2004] დეკლარაციის მიხედვით, ის სხვა სახის ფასიან ქაღალდებს და უძრავ ქონებას არ ფლობს.

ანი ხოსიტაშვილი და ირაკლი ჭეიშვილი

ანი ხოსიტაშვილი და ირაკლი ჭეიშვილი

ნინო ხახუბია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ვახტანგ წულაძის მეუღლეა. ვახტანგ წულაძე უმაღლეს საბჭოში აგრარულ და გარემოს დაცვის კომისიას ხელმძღვანელობს. უმაღლეს საბჭოში არჩევამდე ის აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ნინო ხახუბია არ ფლობს არანაირ ქონებას და მნიშვნელოვან დანაზოგს ანგარიშზე. დაახლოებით ერთი თვის წინ ის კონკურსის წესით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსად შეარჩიეს.

უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის, მერაბ კარანაძის მეუღლე, ლელა ვერძაძე, ბათუმის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობს. მეუღლისგან განსხვავებით ის არც უძრავ ქონებას და არც მნიშვნელოვან დანაზოგს არ ფლობს [800 ლარი დანაზოგის სახით]. სამაგიეროდ დეპუტატი მეუღლე ამ დროისთვის დანაზოგის სახით ფლობს 9 000 ლარს და 5 000 აშშ დოლარს. ვიცე-სპიკერის ბიბლიოთეკარ მეუღლეს გასული წლის განმავლობაში 9000 ლარი გამოუმუშავებია, ვიცე-სპიკერმა კი ამ თანხის ნახევარზე მეტი – 5000 ლარი ერთ თვეში გამოიმუშავა.

მერაბ კარანაძეს მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში შეუძენია ბინა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე [133 კვ.მ], თუმცა ამ ქონებას ის ერთპიროვნულად ფლობს და თანამესაკუთრედ მეუღლე არ ფიქსირდება.

ლელა ვერძაძე

ლელა ვერძაძე

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მეუღლე მარგალიტა გოგლაძე უძრავ ქონებას არ ფლობს. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, მას 2015 წლის იანვარში 18 000 ლარი გაუსესხებია, რომლისგანაც 2015 წლის ოქტომბერში 4617 ლარი მიუღია შემოსავლის სახით. 2016 წლის სექტემბერში კი ის „თი ბი სი “ ბანკის ანგარიშებზე ფლობდა ჯამში 16 000 ლარს კრედიტის სახით. მარგალიტა გოგლაძე პროფესიული კოლეჯის „ბლექსის“ პედაგოგია და ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ის რაიმე სახის სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მეუღლე დიანა გუდაძე ფლობს ბინას ბათუმში [60.70 კვ,მ] ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ეს ბინა მას 37 500 აშშ დოლარად შეუძენია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დიანა გუდაძეს საქართველოს ბანკში სახელშეკრულებო ვალდებულება ორჯერ აუღია. 2015 წელს მან სამომხმარებლო სესხი 9000 ლარი, ხოლო 2016 წელს 7500 ლარი გამოიტანა. ეს არაფერია იმ სესხებთან შედარებით, რაც მისი მეუღლის მინისტრ რამაზ ბოლქვაძის სახელზე ფიქსირდება. დიანა საქართველოს ბანკში უნივერსალური ბანკირის თანამდებობაზე მუშაობს და გასულ წელს მისმა შემოსავალმა 13 153 ლარი შეადგინა.

2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დიანა გუდაძე ფლობდა ავტომანქანა VOLKSWAGEN Passat-ს. 2017 წლის დეკლარაციაში მინისტრს არც ამ ავტომანქანის შესახებ ჩაუწერია და არც მისი გაყიდვით მიღებულ შემოსავალზე.

მნიშვნელოვან დანაზოგს და უძრავ ქონებას არ ფლობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის მეუღლე.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არანაირ ქონებას არც ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის მეუღლე შორენა მახარაძე ფლობს.

შორენა მახარაძე მეუღლესთან ერთად ზურაბ გორგილაძის საღამოზე

შორენა მახარაძე მეუღლესთან ერთად

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2016 წლის მარტში შეავსო. ამ დროს ის ჯერ კიდევ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო ყაზახეთში. დეკლარაციის მიხედვით მეუღლე, სოფიო ბაკურიძე ფლობს ბინას თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე [110 კვ.მ]. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ბინა სოფიო ბაკურიძემ საკუთრებაში 2013 წელს დაირეგისტრირა, თუმცა ზურაბ პატარაძის მიერ სხვადასხვა დროს შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ეს ბინა მას უფრო ადრე შეუძენია. დეკლარაციის მიხედვით, სხვა უძრავ ქონებას და ფასიან ქაღალდებს სოფიო ბაკურიძე იმ დროისათვის არ ფლობდა, ის ასევე არ მონაწილეობდა სამეწარმეო საქმიანობაში. ზურაბ პატარაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაციით ირკვევა ასევე, რომ 2016 წელს სოფიო ბაკურიძეს ყაზახეთში საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლად უმუშავია, მან მაშინ 9600 აშშ დოლარი გამოიმუშავა.

სოფიო ბაკურიძე

სოფიო ბაკურიძე

მანამდე სოფიოს სტამბოლის ჯანმრთელობის სახლ „კოლიზეუმში“ სამკურნალო დეპარტამენტის მენეჯერადაც უმუშავია, სადაც მისი წლიური შემოსავალი 21 000 თურქული ლირა იყო. 2013 წელს კი იმავე სამსახურიდან მან 16 800 თურქული ლირა გამოიმუშავა. 2012-2013 წლებში სოფიო ბაკურიძე ოჯახთან ერთად თურქეთში ცხოვრობდა. ზურაბ პატარაძე ამ დროს საქართველოს გენერალური კონსული იყო ქალაქ სტამბოლში. 2014 წელს კი ის მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ყაზახეთში გადავიდა, სადაც [2015 წელს] დაიწყო მუშაობა საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლად.

სოფიო ბაკურიძე ბათუმში დაგეგმილ ოფიციალურ ღონისძიებებზე მეუღლესთან ერთად და მის გარეშეც ჩნდება. ხშირად ის თავადაა ღონისძიების ორგანიზატორი. ამბობს, რომ მისი საქმიანობა მეუღლის მხარდაჭერას არ ემსახურება და როგორც მოქალაქე აქტიურობს, თუმცა არის შემთხვევები, როცა მას ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აჭარის მთავრობის პრესსამსახური ეხმარება. საქართველოში დაბრუნებისა და მეუღლის ზურაბ პატარაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, სოფიო ასოციაციას „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია, ძირითადად, საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ორგანიზაცია ძირითადი გენდერულ საკითხებზე და შშმ პირების უფლებებზე მუშაობს. რამდენიმე შეხვედრა მან რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის პოპულარიზაციისთვისაც გამართა.

 

გადაბეჭდვის წესი